საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციელების ქცევა "არავითარ ნორმაში არ ჯდება". სიმონიშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენებასაც.

"სასამართლოსთან კედელზე ასულ ოპერატორებს პოლიციელები რომ ექაჩებოდნენ ფეხზე, ასეთ დროს ხომ უეჭველად იცი, ეს ადამიანი ჩამოვარდნისა და დაზიანებისთვის არის განწირული. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ასეთ დროს რთულია წონასწორობის შენარჩუნება, თუმცა მძიმე კამერასთან ერთად ამის გაკეთება, უბრალოდ შეუძლებელია.

პოლიციელის ასეთი საქციელი არავითარ ნორმაში არ ჯდება, მით უმეტეს, რომ ეს ბიჭები საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, შესაბამისად, არც აუცილებლობა არსებობდა და მით უმეტეს, არც თანაზომიერი საქციელი იყო. წიწაკის სპრეიზე რომ კიდევ გამართლება შეიძლება მოუძებნონ, ამას არავითარი გამართლება არ ჰქონდა. უბრალოდ ძალიან ბოროტი უნდა იყო, ადამიანი ასეთ საფრთხეში რომ ჩააგდო არაფრის გამო", — წერს სიმონიშვილი Facebook გვერდზე.

დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. აქციაზე სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ოპერატორების დაშავების გამო TV კავკასია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან გამოძიების დაწყებასა და იმ პოლიციელების იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც, მათივე განცხადებით, საფრთხე შეუქმნა ტელევიზიის ოპერატორებს.