სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დღევანდელი განცხადება, რომ საქართველო განსაკუთრებულია და სწორედ ამის გამო გვაქვს ორი მწვანე პასპორტი, შესაძლოა, სარკაზმია, თუმცა ხელისუფლებისგან უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო.

"ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის. უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაციაა შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა", — წერს ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, უნდა გავიზიაროთ საერთაშორისო პრაქტიკა და არ შეიძლება, რომ ტანჯვისთვის გავწიროთ უფროსი თაობა და ექიმები. ის აცხადებს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა მეცნიერულ არგუმენტებს არ უნდა წონიდეს, რადგან ეს "გაუგონარი ბოროტებაა".

დღეს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებულია და სწორედ ამის გამო გვაქვს ორი მწვანე პასპორტი. მანვე აღნიშნა, რომ უვადოდ მწვანე სტატუსი არ არის ცუდი გადაწყვეტილება.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ეს მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:

  • ვაქცინირებულია სრულად;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

გაიგე მეტი: