ავტომატიდან ავტომობილამდე — კალაშნიკოვს პატარა ელექტრომობილების გამოშვება სურს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა რუსულმა ცეცხლსასროლი იარაღების მწარმოებელმა კომპანიამ კალაშნიკოვმა ელექტრომობილების წარმოება გადაწყვიტა. დიახ, არ მოგესმათ, 214-წლიანი სამხედრო ისტორიის შემდეგ, AK 47-ის შემქნელებმა, შესაძლოა, სულ მალე პატარა ზომის სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოება დაიწყონ.
როგორი უნდა იყოს კალაშნიკოვის ელექტრომობილი? — თუ თავში პირველად შეიარაღებულმა ბრონირებულმა მანქანამ გაგიელვათ, შეცდით. კალაშნიკოვის კონცეპტი სულაც არ გამოიყურება აგრესიულად. მეტიც, ის ქალაქში მარტივად გადაადგილებასა და კომპაქტურობაზე იქნება გათვლილი.
პატენტის ფოტოები რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა და საწარმოო ვერსიის ორი პროტოტიპი გვანახა. ერთი სამბორბლიანია, ხოლო მეორე ოთხიანი.
ოთხბორბლიანი UV-4
ელექტრომობილის პირველი ოთხბორბლიანი ვერსია კალაშნიკოვმა საერთაშორისო ფორუმზე 2018 წელს წარადგინა.
ერთი წლის შემდეგ კომპანიამ ოთხბორბლიანი UV 4-ის ტაქსი ვერსია წარადგინა
ტაქსის ვერსია ორიგინალისგან დიდად არ განსხვავდებოდა, მას უბრალოდ უკეთესი ჰაერის ცირკულაცია და გაგრილების სისტემა ჰქონდა.
დღეს ინტერნეტში გავრცელებული პატენტებიდან კი ვიგებთ, რომ ამ ყველაფერს კალაშნიკოვის მხრიდან ბევრი ისევ არაფერი დამატებია. ავტომობილის დიზაინი ისეთივეა როგორიც 3 წლის წინ იყო. ავტომობილი საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება. ამავდროულად, თუ მის კარებს დავაკვირდებით, ის მილიტარისტულ იერსაც ატარებს.
ერთი შეხედვით მანქანა საკმაოდ უცნაურად და არაპრაქტიკულად გამოიყურება. საკითხავია ისიც, შეძლებს თუ არა ის უსაფრთხოების ტესტების გავლას, რადგან მისი ცხვირი ძალიან ვიწროა, საბურავები ნახევრად ღია. თუ ავტომობილს კარგად დავაკვირდებით ის თითქოს მომავლიდანაა, მაგრამ 1920-იანი წლების ავტომობილების დიზაინსაც ითავსებს. ეს საკმაოდ უცნაური კომბინაციაა.
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ უნდა იყოს, ერთი სრული დამუხტვით კი 150 კილომეტრის გავლას შეძლებს. კალაშნიკოვის თქმით, ავტომობილს 67 ცხენის ძალა ექნება.
სამბორბლიანი უსახელო EV
სამბორბლიანი ვერსია კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება. ის ზომაშიც უფრო პატარაა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, კარები არ აქვს (ყოველ შემთხევავში, პატენტზე ჯერ ასე ჩანს).
სამბორბლიან ვერსიას ორი მგზავრისა და მცირე ბარგის ადგილი ექნება. ის პანორამულ ჭერსაც მიიღებს.
გამოშვების ოფიციალურ თარიღთან დაკავშირებით ჯერ არაფერი თქმულა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კალაშნიკოვი ამ პროექტზე დიდი დროა მუშაობს, შესაძლოა ელექტრომობილები მალე ვიხილოთ, თუმცა, როგორც სხვა რუსულ პროექტებს სჩვევიათ ხოლმე, შეიძლება ისტორიას ისიც მხოლოდ იდეად დარჩეს.
კომენტარები