ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ცნობილი ადამიანები სიმდიდრისა და ფუფუნების გამომხატველი ფოტოებისა თუ ვიდეოების განთავსებას სოციალურ ქსელებში ვეღარ შეძლებენ.

"როგორც ცნობილი ადამიანების, ასევე მათი ფანკლუბების ანგარიშებმა საზოგადოებრივი წესრიგი და პრაქტიკა უნდა დაიცვან. მათ ასევე ხელი უნდა შეუწყონ საჯარო აზრებისა და ღირებულებების სწორ ორიენტაციას, რაც ძირითადი სოციალისტური იდეების, ჯანსაღი სტილისა და გემოვნების შენარჩუნებას ისახავს მიზნად", — ნათქვამია ჩინეთის ინტერნეტის მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებაში.

ჩინეთის კომუნისტური პარტია ამ გადაწყვეტილებას იმ არგუმენტით ამართლებს, რომ ცნობილი ადამიანების სკანდალები და მათი თაყვანისმცემლების ონლაინჯგუფები უმეტესად სოციალურ არეულობას იწვევს. გადაწყვეტილება ასევე კრძალავს ცნობილი ადამიანების შესახებ ჭორების გავრცელებას, მათზე ყალბი ან პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებასა და მათი გულშემატკივრების ნებისმიერი სახით პროვოცირებას.

ფოტო: Getty Images

კანონის მიღების დღეს მთავრობამ 88 ადამიანს პირდაპირ ეთერში გასვლა აუკრძალა, მათ შორის, პოპვარსკვლავ კრის ვუს, რომელიც ახლახან სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ჩინეთის გართობის მარეგულირებელმა ქვეყნის პოპულარული მსახიობი ჟაო ვეი ყველა სოციალური მედიიდან და პლატფორმიდან წაშალა, ამის მიზეზად კი მის ირგვლივ არსებული მუდმივი სკანდალები დაასახელეს.

მთავრობის თქმით, ასეთი ადამიანები აკრძალვების სიაში იმ მიზნით შეჰყავთ, რომ "ინდუსტრიის თვითდისციპლინა გაძლიერდეს და მასში უკანონო და არაეთიკური ხელოვანები ვერ მოხვდნენ".

ჩინეთმა ინტერნეტის რეგულაციების შესახებ კანონი მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ჩოგბურთელმა პენ შუაიმ კომუნისტური პარტიის წევრი Weibo-ზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. პენს პოსტი მალევე წაუშალეს და ის ერთი თვის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, სანამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ვიდეოზარით ესაუბრა.

ფოტო: Getty Images

შეგახსენებთ, რომ ისეთი გლობალური აპლიკაციები, როგორებიცაა Twitter, Facebook, და YouTube ჩინეთში დაბლოკილია. მომხმარებლები იძულებულები არიან, ადგილობრივი საიტები Weibo, Renren და Youk გამოიყენონ, რომლის ცენზურაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამკაცრდა.