COVID-19-მა ერთ მილიონ ამერიკელს სუნის შეგრძნება დაუკარგა
COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ანოსმია — სუნის შეგრძნების დაკარგვაა. ახალი კვლევის მიხედვით, პანდემიის დროს ერთ მილიონზე მეტმა ამერიკელმა ყნოსვის უნარი სამუდამოდ დაკარგა. ეს მიანიშნებს, რომ ვირუსის სიმპტომები, შესაძლოა, იმაზე მეტად იყოს გავრცელებული, ვიდრე აქამდე ეგონათ.
ხუთშაბათს ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული კვლევის შეფასებით, აშშ-ში 700 000-დან 1.6 მილიონამდე ადამიანს აქვს გადატანილი ანოსმია, რომელიც COVID-ით ინფიცირების შემდეგ ექვს თვეს მაინც გაგრძელდა. შეფასება მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ასევე იტანჯებოდნენ პაროსმიით — დამახინჯებული ყნოსვით. კვლევის ავტორებმა ისიც დაამატეს, რომ რეალურად, ეს რიცხვი, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.
"ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მე და ჩემმა კოლეგებმა იმ პაციენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა შევნიშნეთ, რომლებიც ყნოსვის ფუნქციის დარღვევის გამო სამედიცინო დახმარებას მიმართავდნენ", — განუცხადა Gizmodo-ს ჯეი პიკირილომ, კვლევის მთავარმა ავტორმა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ოტოლარინგოლოგმა.
რა თქმა უნდა, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი არაა — აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე კორონავირუსის გამო 750 000-ზე მეტი ამერიკელი მოკვდა — მაგრამ ეს მაინც სერიოზული სიმპტომია, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდ რისკებს შეიცავს COVID-19 გადარჩენილებისთვისაც კი.
პიკირილოს თქმით, COVID-19-ით გამოწვეული ანოსმიის მქონეთა უდიდესი ნაწილს ყნოსვა პირველი ორი კვირის მანძილზე უბრუნდება, იმ ადამიანებისთვის კი, რომელთა შემთხვევაშიც ყნოსვის დაკარგვა ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება, ეს მდგომარეობა "არც ისე კარგია". მეტიც, პაციენტების 5%, რომელსაც COVID-19-ით გამოწვეული ანოსმია ახასიათებს, სამუდამოდ კარგავს სუნის შეგრძნებების ნაწილს, ან ზოგადად ყნოსვის უნარს.
თუ გავიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყნოსვა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, აშკარა გახდება, რომ ანოსმია საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საყვარელი საკვების სუნს ვეღარასდროს გაიგებთ, ვერაფერს დაყნოსავთ — ყვავილსაც კი. ყველაზე უარეს შემთხვევაში, თქვენს მახლობლად გაზმა თუ გაჟონა ან ცეცხლი გაჩნდა, შეიძლება ვერც ეს გაიგოთ.
თუმცა, იმედი მაინც არსებობს. ზოგიერთი ორგანიზაცია, როგორიცაა ბეილორის მედიცინის კოლეჯი, ცხვირისთვის ფიზიოთერაპიული სამკურნალო საშუალებების შექმნაზე მუშაობს. ასევე მიმდინარეობს კვლევები ანოსმიის ექსპერიმენტული მკურნალობისთვის.
რაც არ უნდა იყოს, ეს კიდევ ერთი აშკარა ნიშანია იმისა, რომ უნდა აიცრათ და ბუსტერიც გაიკეთოთ, თუ უკვე არ გაგიკეთებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა COVID-19-ის გადადებისგან 100%-ით არ გვიცავს, იგი ვირუსის, მისი საშინელი სიმპტომების და რაც მთავარია, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის თავიდან ასაცილებლად ძალიან კარგ შანსს გვაძლევს.
კომენტარები