მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის განვითარების საიდუმლოებით მოცულ ეტაპს ნათელი მოჰფინეს
დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის განვითარების ადრეული, საიდუმლოებით მოცული გასტრულაციის ეტაპი შეისწავლეს და გაარკვიეს, როგორ იძენენ ამა თუ იმ ფუნქციას ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედები. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
ჩანასახი თავდაპირველად ღეროვან უჯრედებს აერთიანებს, რომლებისგანაც შესაძლოა, სხეულის ნებისმიერი ნაწილი ჩამოყალიბდეს, იქნება ეს ტვინის ქსოვილი თუ ძვლოვანი სტრუქტურა. ეს პროცესი განაყოფიერებიდან მესამე კვირას იწყება და აქამდე მასზე ძალზე მწირი ინფორმაცია მოგვეპოვებოდა.
საქმე იმაშია, რომ ეთიკური წესების გამო, მკვლევრებს მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში ორი კვირის განმავლობაში გაზრდილ უჯრედებზე დაკვირვების საშუალება აქვთ, რომლებიც თაგვებს ან პრიმატებს (ადამიანის გამოკლებით) ეკუთვნით. თუმცა, რამდენად შეესაბამება მათი განვითარება ჩვენსას, ყოველთვის კითხვის ნიშნიშ ქვეშ იყო.
აღსანიშნავია, რომ სწორედ გასტრულაციის ეტაპზე აქტიურდება ზოგიერთი გენი. ეს კი განსაზღვრავს, რად იქცევა ესა თუ ის უჯრედი. სპეციალისტებმა რნმ-ის სეკვენირების მეთოდით დონაციის გზით მიღებული ადამიანის ემბრიონის ათასამდე უჯრედი გამოიკვლიეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ჩვენი ორგანიზმის თითოეული ასეთი ფუნქციური ერთეული კონკრეტულ რეგიონში იყრის თავს იმის მიხედვით, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მან მომავალში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ ამ მხრივ ჩვენი და თაგვების ჩანასახების განვითარების ქრონოლოგიაში იმაზე მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. საყურადღებოა, რომ პირველ შემთხვევაში პროტო-სისხლის უჯრედები ბევრად ადრე წარმოიქმნებიან, ნერვული სისტემა კი გვიან ფორმირდება.
ამ მიგნებამ შესაძლოა, უჯრედების ხელოვნურად გაზრდის 14-დღიანი ლიმიტის გაზრდა განაპირობოს, რაც მკვლევრებს მეტის გაგებაში დაეხმარება.
კომენტარები