მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მე-18 დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა აპარატურის გამოყენება არ იცოდა, რამაც ექსპრეზიდენტი გააოცა. მისი თქმით, კონსილიუმის წევრებმა ციხის ექიმებს სთხოვეს დიაგნოსტიკა, რა დროსაც სააკაშვილმა დაინახა, რომ არავინ იყო, ვინც იცოდა, ყველაფერს როგორ უნდა ემუშავა.

"პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს როგორც იმ კონსილიუმის მიმართ, რომელიც წუხელ ესტუმრა და შეისწავლა, ასევე აღნიშნავს, რომ თავად მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში არის სასწრაფო წესით მიტანილი. გაოცებული, გაკვირვებული იყო როცა შეამჩნია, რომ კონსილიუმის წევრებმა როცა ითხოვეს, რომ გაესინჯათ და დიაგნოსტიკა მოეხდინათ, უბრალოდ არ იყო პერსონალი, ვინც ამას გააკეთებდა და ვისაც ეცოდინებოდა ამ ყველაფერს როგორ უნდა ემუშავა", — აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთანავე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს არ მიიღებს მანამ, სანამ მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს არ შეხვდება.

16 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება სამკურნალოდ სრულად აღჭურვილია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს. მათი თქმით, საუბარი დაწესებულების არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ საზოგადოების "შეცდომაში შეყვანის მცდელობაა".

ამასთანავე, 16 ნოემბერს მე-18 დაწესებულებაში მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებისა და ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარების შესასწავლად ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი და თავად ნინო ლომჯარია. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ციხის საავადმყოფოში მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა ორი კვირის მოწყობილია, სამედიცინო სტაფი კი რესპუბლიკური საავადმყოფოდანაა გადმოყვანილი. თუმცა, გრიგოლიამ აღნიშნა, რომ მე-18 დაწესებულებას ინტენსიური თერაპიის გამოცდილება არ აქვს.