განახლება: სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმება რუსეთის მედიაციით მოხდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბრის დილას ორი განცხადება გაავრცელა. პირველში ნათქვამი იყო, რომ სროლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტოვუზ-ტავუშის მონაკვეთზე მოხდა. მეორე კი იტყობინებოდა, რომ შეტაკებები ქალბაჯარის-გეღარქუნიქისა და ლაჩინ-სიუნიქის მონაკვეთის სიახლოვეს იყო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედროებმა მათ პოზიციებს დღისით ადრევე გაუხსნეს ცეცხლი, ხოლო სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა "საპასუხო თავდასხმა განახორციელეს".

ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) 15 ნოემბრის სხდომაზე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 14 ნოემბერს აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხეთის საზღვარი გაურკვეველ ლოკაციაზე გადმოკვეთეს.

NSC-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრის შემდეგ მალევე აზერბაიჯანელმა ძალებმა "ალყა შემოარტყეს" სომხეთის სამხედროების ოთხ პოზიციას. NSC-ის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანულმა და სომხურმა ძალებმა უკან დაიხიეს.

15 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად დაინიშნა ვიცე-პრემიერი, სურენ პაპიკიანი, რომელიც მანამდე ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ფაშინიანმა თქვა, რომ კარაპეტიანის დათხოვნა ბოლო დროს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტებს უკავშირდებოდა.

გამშვები პუნქტები სოფლებს იზოლირებულს ხდიან

აზერბაიჯანმა კაპან-ჩაკატენის მონაკვეთზე, გორის-კაპანის მაგისტრალზე — რომელთაგან 20 კილომეტრი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა — გამშვები პუნქტები მოაწყო. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი საპასუხო საგუშაგოებს მოაწყობენ. ეს არის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა კაპანსა და 5 სასაზღვრო სოფელს შორის.

სომხეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

პარალელურად, სოფლები სრულად იზოლირებულია. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სკოლები სრულად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე და ყველაზე ახლო საავადმყოფო ახლა 130 კილომეტრშია.

ეს ბოლო კვირაში მოწყობილი საგუშაგოების მხოლოდ მეორე ნაწილია. 11 ნოემბერს აზერბაიჯანმა გორის-კაპანის მაგისტრალის სხვა მონაკვეთზე მოაწყო გამშვები პუნქტები, თუმცა იმ დროისთვის, შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.

ესკალაციის რამდენიმე დღე

14 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ 9 ნოემბერს აზერბაიჯანის საზღვართან "ლაჩინის მიმართულებით, დაახლოებით, 60-მდე სომეხი ჯარისკაცი შეიკრიბა". მისივე თქმით, აზერბაიჯანის სამხედროებმა საპასუხოდ "შესაბამისი ზომები" მიიღეს. იმავე დღეს, აზერბაიჯანულ მედიაში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ იკავებენ აზერბაიჯანელი სამხედროები სომხურ ავანპოსტს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, მოგვიანებით, განაცხადა, რომ სომეხი სამხედროები რუსეთის შუამავლობის შემდეგ გაათავისუფლეს.

წინა დღით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ სომეხმა შეიარაღებული ძალების შენაერთებმა ქალბაჯარში რეგიონში აზერბაიჯანის პოზიციებს, "სხვადასხვა კალიბრის იარაღის, სნაიპერული თოფებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით", ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ყოფილა, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია ტექნიკის დაზიანებაზე.

იმავე დღეს მთიანი ყარაბაღის მცხოვრებმა ასაფეთქებელი საშუალება ესროლა შუშასთან ახლოს განლაგებულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს. თავდამსხმელი რუსულმა სამშვიდობოებმა დააკავეს და მთიანი-ყარაბაღის ხელისუფლებას გადასცეს.

ინციდენტის დროს სამი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაშავდა.

რამდენიმე დღით ადრე კი, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოკლეს მთიანი-ყარაბაღის მცხოვრები, რომელიც შუშასთან ახლოს წყლის მილებს აკეთებდა. დაშავდა კიდევ სამი მუშა, ასევე, მთიანი-ყარაბაღის მაცხოვრებლები.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.