წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
ფოტო: Getty Images
სტატია შეიცავს ინფორმაციას კალორიებისა და კვებითი საკითხების შესახებ. შესაძლოა, კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის მასალის შინაარსი მგრძნობიარე იყოს.
წყალი ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. მეტიც — მის გარეშე სხეულის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელიც კია, რის გამოც ეს სითხე ყოველდღე უნდა მივიღოთ.
ერთ-ერთი რამ, რისთვისაც წყალია საჭირო, მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლაა. ამ დროს ორგანიზმი საკვებს გადაამუშავებს, მისგან ენერგიას იღებს, შემდეგ კი ცხოველქმედებისას ხარჯავს. რაც უფრო მეტ წყალს ვიღებთ, მით უკეთ ფუნქციონირებს ესა თუ ის სისტემა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც კალორიების წვას განაპირობებს.
სხეულის მასის კლებისთვის საკმარისი წყლის დალევა რომაა საჭირო, ალბათ, ბევრ ჩვენგანს სმენია. იმასაც ხშირად ამბობენ, რომ ამ მიზნისთვის კონკრეტულად ცივი წყალია ეფექტიანი, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ამის გასაგებად ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, თუ კონკრეტულად რა როლი აქვს აღნიშნულ სითხეს მეტაბოლიზმში.
როგორ მონაწილეობს წყალი მეტაბოლურ პროცესებში
მეტაბოლიზმი იმ ქიმიური რეაქციების ერთობლიობაა, რომელთა მეშვეობითაც ვცოცხლობთ. იგი ყველა ადამიანისთვის ერთნაირი არაა, არამედ შეიძლება შედარებით სწრაფი ან ნელი იყოს, რაც კალორიების წვის ტემპის მიხედვით განისაზღვრება.
წყალი ნივთიერებათა ცვლაზე პირდაპირ ზემოქმედებს, რადგან ფერმენტებსა თუ ბიოქიმიურ რეაქციებს ააქტიურებს. მათ შორისაა გლიკოლიზი (გლუკოზის დაშლა ენერგიის მისაღებად), ბეტა ჟანგვა (ცხიმის წვა), ლიპოლიზი (ტრიგლიცერიდების დაშლა ცხიმოვან მჟავებად), ჰიდროლიზი (წყლის მეშვეობით დიდი მოლეკულის დაშლა პატარა კომპონენტებად), ცილის სინთეზი და სხვა.
ასევე, წყალი იმ ორგანოებისთვისაა აუცილებელი, რომლებიც მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს — ასეთია, მაგალითად, ღვიძლი და თირკმლები. მაშინ, როცა ორგანიზმში საკმარისი წყალი არაა, ღვიძლზე მეტი მეტაბოლური დატვირთვა მოდის და მის მიერ ცხიმის წვას ამცირებს.
რაც შეეხება კალორიას, ის ენერგიის ერთეულია; კალორიებს საკვებიდან ვიღებთ და სხეულის მასა დიდწილად სწორედ მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ მიღებული და დახარჯული ენერგია დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს, რათა კონკრეტული მასა მეტ-ნაკლებად შევინარჩუნოთ.
წყალი მეტაბოლიზმზე ირიბადაც ზემოქმედებს, რადგან როცა დეჰიდრატაციას განვიცდით, შედეგად დაღლილობას ვგრძნობთ და ფიზიკური აქტიურობით კალორიების წვის შანსი იკლებს. შეიძლება დაირღვეს ძილის ჯანსაღი ციკლიც, რაც ნორმალური მეტაბოლური პროცესების გაგრძელებას უშლის ხელს. საკმარისი წყლის მიღებისას ეს ყველაფერი პირიქითაა.
ცივი წყლის გავლენა კალორიების წვაზე
კალორიების გადაჭარბებისას ზედმეტი ენერგია ცხიმის სახით ინახება, თავად წყალს კი კალორია არ აქვს. ამის მიუხედავად, არსებობს ე.წ. წყლით პროვოცირებული თერმოგენეზი, ანუ სითბოს წარმოქმნა, რა დროსაც კალორიები იხარჯება. ორგანიზმში მოხვედრილი სითხეები მისივე ტემპერატურაზე რომ გათბეს, ამისთვის ენერგიაა საჭირო: რაც უფრო მეტი ენერგია იხარჯება ამ დროს, მით უფრო სწრაფია მეტაბოლიზმი.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 500 მილილიტრი წყლის დალევამ ჯანმრთელ ქალებსა და კაცებში მეტაბოლური ტემპი დაახლოებით 30%-ით გაზარდა. მეცნიერებმა დაკვირვება მონაწილეთა მიერ სითხის მიღებიდან 10 წუთში დაიწყეს და დაადგინეს, რომ მაქსიმალური შედეგი 20-30 წუთში დაფიქსირდა — საერთო ჯამში 24 კილოკალორიამდე დაიწვა (1 კილოკალორია=1000 კალორია).
მაშასადამე, წყლის დალევა კალორიების წვაში ისედაც გვეხმარება, მაგრამ აქვს თუ არა მნიშვნელობა სითხის ტემპერატურას?
როგორც აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ სითხემ სხეულის ტემპერატურას მიაღწიოს, ენერგიას ვხარჯავთ. ცივი წყლის გათბობას, რა თქმა უნდა, მეტი ენერგია დასჭირდება, ანუ ამ პროცესში დამატებითი კალორიები იწვება. ამის მიუხედავად, საუბარია მხოლოდ 7-8 კალორიაზე 250 მილილიტრი ცივი წყლის მიღების შემთხვევაში, რაც საკმაოდ უმნიშვნელო რაოდენობაა.
უკეთ რომ ავხსნათ, ორგანიზმის სითბო ~37°C-ია, პირობითად 5°C წყლის ასე გასათბობად აუცილებელი ენერგია კი სწორედ 7-8 კალორიაა. შედარებისთვის, ერთ ცალ საშუალო ზომის ვაშლში 95 კალორიამდეა, ცხიმიან და მსუყე საკვებში კი — ბევრად მეტი. შესაბამისად, მხოლოდ ცივი წყლის დალევა კალორიების წვის მთავარი საშუალება ვერ იქნება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ორგანოების ფუნქციონირებისთვის ბაზალური მეტაბოლიზმისას (BMR) კალორიების დაახლოებით 70%-ს იხარჯება; ფიზიკურ აქტიურობაზე 20%-ამდე მოდის, ხოლო საჭმლის გადამუშავებაზე — 10%. წყლის მიღება (ცივის, ონკანის ან ოთახის ტემპერატურის) ამ სამივე კომპონენტისთვის აუცილებელი ფაქტორია, თუმცა კალორიების წვის დამოუკიდებელ გზად არ განიხილება.
ცივი და თბილი წყლის მიღების დადებითი მხარეები
იმის მიუხედავად, რომ ცივი წყლის მეშვეობით ბევრი კალორია არ იწვება, მას თავისი უპირატესობები მაინც აქვს. მაგალითად, თუ ფიზიკური დატვირთვის დროს ცივ წყალს დალევთ, შეიძლება ეს სხეულს გადახურებასთან შეწინააღმდეგებაში დაეხმაროს და ვარჯიშის პროცესი უფრო კომფორტული გახადოს.
ასვე, ცნობილია, რომ წყალი, მიუხედავად ტემპერატურისა, ორგანიზმს ენერგიის უკეთ მობილიზებაში უწყობს ხელს. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ დღის განმავლობაში აქტიურები ვიყოთ. გარდა ამისა, წყლის დალევა ნაყროვანების შეგრძნებასაც იწვევს და იმის შანსებს ამცირებს, რომ არაჯანსაღი სასუსნავი მოგვინდეს ან ზედმეტი საკვები მივიღოთ.
რაც შეეხება თბილ წყალს, ის საჭმლის მონელებისთვის, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტოქსინების მოსაშორებლადაა კარგი. გასათვალისწინებელია, რომ ცივი ან თბილი წყალი წყურვილის შეგრძნებას განსაკუთრებით ამცირებს, ამიტომ ცხელ დღეებში ჰიდრატაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ და წყურვილის სიგნალს არ დაელოდოთ.
ცივი წყლის მიღებასთან დაკავშირებული რისკები
ცივი წყალი ზოგჯერ ორგანიზმზე არასასურველადაც ზემოქმედებს. შესაძლოა, ცივი წყლის დალევამ მუცლის კუნთების შეკუმშვა გამოიწვიოს და საჭმლის მონელებას შეუშალოს ხელი. 1978 წლის კვლევით კი დაადგინეს, რომ ამგვარი სითხის მიღება ცხვირში არსებულ ლორწოს ასქელებს და რესპირატორული ტრაქტიდან მის გამოდევნას ართულებს. შედარებისთვის, კვლევამ აჩვენა, რომ ცხელ წვნიანებსა და სასმელებს საპირისპირო გავლენა აქვს.
საყურადღებოა ისიც, რომ შეიძლება ცივმა წყალმა ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობა გაართულოს. მაგალითად, 2001 წლის კვლევით გაარკვიეს, რომ ცივი წყლის დალევას შაკიკის პროვოცირება შეუძლია იმ ადამიანებში, რომელთაც აღნიშნული პრობლემისადმი მიდრეკილება აქვთ. იგივე ვრცელდება საყლაპავის სპაზმებთან (აქალაზია) დაკავშირებულ ტკივილზეც, რომლის გართულების რისკიცაა, თუ ცივ წყალს ჭამის დროს მივიღებთ.
დაბალი ტემპერატურის წყლის დალევა არაა სასურველი არც იმ პირებისთვის, რომლებსაც ჰიპერტენზია აქვთ, ანუ სისხლის მაღალი წნევა აწუხებთ. ამან შეიძლება სისხლძარღვები შეამჭიდროოს და ისეთი პრობლემების საფრთხე გაზარდოს, როგორიც ინსულტია.
შესაბამისად, ცივ წყალს საკუთარი უპირატესობები გააჩნია, მაგრამ ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ. მისი დახმარებით მნიშვნელოვანი რაოდენობის კალორიებს ვერ დავწვავთ, თუმცა, ზოგადად, წყლის მიღება ჯანსაღ მეტაბოლიზმს უწყობს ხელს.



კომენტარები