შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
ფოტო: Pascal Fouquet
პოპულარული ასტრომეტრიული სისტემის Project Pluto შემქმნელი აცხადებს, რომ მიმდინარე ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის კომპანიის რაკეტა Falcon 9 შეეჯახება. ბილ გრეიმ ამის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც შეჯახება 5 აგვისტოს, თბილის დროით 10:44-ზეა, მოსალოდნელი.
საუბარია Falcon 9-ის მეორე საფეხურზე, რომელიც 13.8 მეტრი სიმაღლისაა, ხოლო მისი დიამეტრი 3.7 მეტრს უტოლდება. ვინაიდან მთვარეს ატმოსფერო არ აქვს, ბილ გრეის გამოთვლების მიხედვით, რაკეტის ეს ნაწილი მთვარის ზედაპირამდე უვნებლად მიაღწევს (დედამიწაზე ის ძირითადად ატმოსფეროში დაიწვებოდა). იგი ვარაუდობს, რომ ხმელეთზე არსებული ტელესკოპებით შეჯახების დანახვა გაგვიჭირდება.
ბილ გრეი დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ ის Falcon 9-ა, რომლის მეშვეობითაც 2025 წლის 15 იანვარს კოსმოსში მთვარის ორი კერძო აპარატი გაუშვეს: კომპანია Firefly-ის Blue Ghost და ispace-ის Hakuto-R. რაკეტის მეორე საფეხური — 2025-010D — დედამიწის გარშემო მოძრაობდა, მაგრამ ზედმეტად დიდ სიმაღლეზე აღმოჩნდა იმისთვის, რომ უკან დაბრუნებულიყო.
"მან დედამიწასა და მთვარეს რამდენჯერმე ახლოს ჩაუარა, მაგრამ იმდენად მცირე დისტანციაზე არა, რომ შესჯახებოდა. ასტეროიდებზე კონცენტრირებული კვლევებისას მასაც ადევნებდნენ თვალს, როცა ის მზესთან ან მთვარესთან ძალიან ახლოს არ იყო. 2026 წლის 26 თებერვლამდე მასზე 1055 დაკვირვების მონაცემები შეგროვდა", — აცხადებს გრეი.
მისი ვარაუდით, ეს ობიექტი მთვარეს 2.43 კმ/წმ სიჩქარით შეეჯახება (ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით შვიდჯერ სწრაფად), აინშტაინის კრატერის მიმდებარედ. ამის შედეგად დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე, დიდი ალბათობით, კრატერი წარმოიქმნება, მაგრამ სხვა მხრივ რაიმე საფრთხეს არ შექმნის.
აღსანიშნავია, რომ Falcon 9-ის მეორე საფეხურის მთვარესთან შეჯახებას რამდენიმე წლის წინაც ელოდნენ. ამის მიუხედავად, დამატებითმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ჩინეთის მისიაში Chang’e 5-T1 გამოყენებული რაკეტა იყო. ახლანდელ შემთხვევაში გრეის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ნამდვილად მასკის აპარატია, რადგან მას გაშვების დღიდან აკვირდებიან.
აინშტაინის კრატერის მახლობლად ადამიანთა მიერ გაგზავნილი აპარატი არაა, ამიტომ პოტენციური შეჯახება რომელიმე მისიას ზიანს არ მოუტანს. ასეა თუ ისე, სამომავლოდ მთვარის ათვისების გეგმები უფრო და უფრო აქტიურდება, ამიტომ კომპანიებს ამგვარი შედეგების წინასწარ გათვალისწინება და არიდება მოუწევთ.

კომენტარები