ასტრონომებმა სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის გამოსაცდელად სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს ბევრი თვისებით ჰგავს.

მაგალითად, კომპიუტერულად შექმნილი "გალაქტიკები" რეალურივით გამოიყურება და ისეთ თვისებებსაც იზიარებს, როგორიც ფერი, ზომა და ნათებაა. აღნიშნული კომპიუტერული მოდელი ფიზიკის განტოლებებზეა დაფუძნებული.

მკვლევრების თქმით, ვირტუალურმა სამყარომ შემდეგი რამ გამოავლინა: სტანდარტული მოდელი გალაქტიკების წარმოშობას იმაზე უკეთ ხსნის, ვიდრე აქამდე გვეგონა. გუნდი იმასაც დასძენს, რომ თავიანთი სამყარო დიდი მოცულობის მქონე პირველი სიმულაციაა, რომელიც გალაქტიკებში არსებულ ცივ აირებსა და კოსმოსურ მტვერსაც აღწერს. სწორედ ამ უკანასკნელი მასალის შერწყმით წარმოიქმნება ვარსკვლავები. ადრინდელ სიმულაციებში 10 000 ფარენჰაიტზე უფრო ცივი აირები არ გვხვდება ასახული, რადგან ამდენად დაბალი ტემპერატურის მოდელირება გაცილებით რთულია.

საერთაშორისო გუნდმა ახალი COLIBRE-ის მოდელის შექმნას თითქმის 10 წელი მოანდომა, რომელიც დარემის უნივერსიტეტის COSMA8 სუპერკომპიუტერზე გაუშვეს. ყველაზე დიდი სიმულაციის დასრულებას 72 მილიონი CPU საათი დასჭირდა. ამ სიმულაციებით მოპოვებული მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის რამდენიმე წელი იქნება საჭირო.

მკვლევრების განმარტებით, მოდელი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის აღმოჩენას ვერ ხსნის. ეს აღმოჩენა "პატარა წითელი წერტილების" სახელითაა ცნობილი. უფრო კონკრეტულად, ეს უზარმაზარი მასის მქონე მანათობელი ობიექტებია, რომლებიც მილიარდი წლის ასაკის სამყაროში გვხვდებოდა, დღეს კი აღარ არსებობს. ამ ფენომენის უამრავი შესაძლო ახსნა არსებობს, მაგალითად, უპრეცედენტოდ კომპაქტური გალაქტიკები ან ზემასიური შავი ხვრელები.

საბოლოო ჯამში, სინთეზური სამყარო რეალურს უმეტესად სწორად ასახავს. ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.