NASA-ს ხელმძღვანელ ჯარედ აიზეკმენს პლუტონისთვის ადრინდელი "დიდებულების" დაბრუნება სურს — პლანეტის სტატუსის, რომელიც მას 2006 წელს ჩამოართვეს.

საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების (IAU) გადაწყვეტილებით, პლუტონი ჯუჯა პლანეტების რიგში გადავიდა, რის გამოც მსოფლიოს გარშემო საგანმანათლებლო წიგნების გადაწერა გახდა საჭირო: მზის სისტემას ერთი პლანეტა გამოაკლდა.

პლუტონი ამერიკელმა ასტრონომმა, კლაიდ ტომბომ, 1930 წელს აღმოაჩინა; მან ობიექტი არიზონაში მდებარე ლოუელის ობსერვატორიიდან დააფიქსირა. დღემდე ადამიანთა ნაწილი 20 წლის წინანდელ კლასიფიკაციას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ პლუტონი ისევ მზის სისტემის მეცხრე პლანეტა უნდა გახდეს.

ფოტო: NASA

საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების კრიტერიუმებით პლანეტა მზის გარშემო უნდა მოძრაობდეს, სფერული ფორმის შესანარჩუნებლად საკმარისი მასა ჰქონდეს და საკუთარი ორბიტა კოსმოსური ნარჩენებისგან გაათავისუფლოს (გრავიტაციულად დომინანტური იყოს). პლუტონი ამ უკანასკნელს არ აკმაყოფილებს, რადგან ბევრ სხვა ჯუჯა პლანეტასთან ერთად კოიპერის სარტყელში მდებარეობს.

ამის საპირისპიროდ პლუტონის "დამცველები" ამბობენ, რომ, მაგალითად, დედამიწა და იუპიტერიც კოსმოსურ სივრცეს არაერთ ასტეროიდთან იზიარებს. აღნიშნული მიზეზით მათ სამართლიანად არ მიაჩნიათ, რომ მას პლანეტის სტატუსი ჩამოართვეს.

ბოლო განცხადების მიხედვით, ამავე აზრისაა ჯარედ აიზეკმენიც, მილიარდერი და კერძო მისიაში მონაწილე ასტრონავტი, რომელიც NASA-ს ხელმძღვანელი გასულ დეკემბერში გახდა. 28 აპრილის სენატის სხდომაზე მას რესპუბლიკელმა ჯერი რომანმა პლუტონის სტატუსისადმი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხა.

"სენატორო, მე პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის დაბრუნების მომხრეთა ბანაკში ვარ. შეიძლება ითქვას, ზოგ ისეთ ნაშრომზეც ვმუშაობთ, რომელთა მეშვეობითაც გვსურს, სამეცნიერო საზოგადოებაში ხელახლა წამოიჭრას დისკუსია და კლაიდ ტომბოს დამსახურებული აღიარება დაუბრუნდეს", — განაცხადა აიზეკმენმა.

ეს საკითხი 2015 წელსაც წამოჭრეს მას შემდეგ, რაც ზონდმა New Horizons-მა პლუტონის მრავალფეროვანი და მთიანი ლანდშაფტების გამოსახულებები მოიპოვა. ყველაფერი მაინც IAU-ს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული — პროფესიონალი ასტრონომების გლობალურ საზოგადოებაზე, რომელიც ციურ სხეულებსა თუ მათზე არსებულ გეოლოგიურ ობიექტებს სახელებს ანიჭებს და კლასიფიკაციასაც უზრუნველყოფს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.