ბოლო 18 თვეში პირველად, კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა
ფოტო: Spacex
29 აპრილს ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა, რაც ბოლო წელიწადნახევარში პირველად მოხდა.
აპარატის ტვირთი დიდი საკომუნიკაციო ხელოვნური თანამგზავრი ViaSat-3 F3 იყო, რომელიც 6 მეტრულ ტონას იწონის. რაკეტა ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან ადგილობრივი დროით 10:13-ზე აფრინდა და ორბიტაზე გაიტანა სატელიტი, რომელმაც პლანეტიდან დაახლოებით 35 780 კილომეტრის მოშორებით უნდა იმოძრაოს.
Falcon Heavy კომპანიის მეორე რაკეტა Falcon 9-ის სამი მოდიფიცირებული პირველი საფეხურისგან შედგება; ცენტრალურ ამაჩქარებელზე მეორე საფეხურია მიბმული, რომელიც ტვირთისთვისაა განკუთვნილი. სამივე კომპონენტი ერთად 2300 მეტრული ტონის ბიძგის ძალას წარმოქმნის, რაც მას დღესდღეობით ოპერირებად მეორე ყველაზე მძლავრ ასეთ აპარატად აქცევს. პირველ ადგილზე მთვარის რაკეტა Space Launch System (SLS) არის, რომლის მაჩვენებელიც 3900 მეტრული ტონაა (39 მეგანიუტონი).
Falcon Heavy-ს დებიუტი 2018 წელს შედგა, როცა ილონ მასკმა კოსმოსში ელექტრომობილი Tesla Roadster გაუშვა. მას შემდეგ რაკეტამ 10 ფრენაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიდანაც ყველა წარმატებული იყო. ბოლოს ის ცაში 2024 წლის ოქტომბერში აიჭრა და იუპიტერის სისტემისკენ NASA-ს ზონდი Europa Clipper გაგზავნა.
რაც შეეხება ViaSat-3 F3-ს, ის ამ სერიის მესამე სატელიტია. მათგან პირველიც 2023 წელს ორბიტაზე Falcon Heavy-მ გაიტანა, მეორე კი — რაკეტა Atlas V-მა. ეს თანამგზავრები გეოსტაციონარულ ორბიტაზე ფუნქციონირებს, რის შედეგადაც მათი სიჩქარე პლანეტის ბრუნვის სისწრაფეს ემთხვევა და ისინი მუდმივად დედამიწის ერთი და იმავე არეალის ზემოთაა მოქცეული. კონკრეტულად ViaSat-3 F3 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისაა განკუთვნილი.
ViaSat-3 F1 ამჟამად საკომუნიკაციო სერვისს თვითმფრინავების მგზავრებს სთავაზობს, ხოლო ViaSat-3 F2 ამერიკის რეგიონისთვისაა შექმნილი და ის მომდევნო თვეში ამუშავდება. ახალი სატელიტით ViaSat-3-ის მინი ხელოვნური თანავარსკვლავედი საბოლოოდ შეიქმნა.
ფრენის შემდეგ Falcon Heavy-ს ორი გვერდითა ამაჩქარებელი კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოსური ძალების სადგურზე დაახლოებით 8 წუთში დაბრუნდა. ცენტრალური საფეხურის უკან დაშვება არ იგეგმებოდა — ის ატლანტის ოკეანეში ჩავარდა.
კომენტარები