ამ თევზს 555 კბილი აქვს და ყოველდღე 20 მათგანს კარგავს, თუმცა ახლიდან ამოსდის — კვლევა
Ophiodon elongatus-ად წოდებული თევზის სახეობის წარმომადგენლები კბილების კოლოსალური რაოდენობით გამოირჩევიან. კერძოდ, წყლის ამ ბინადართა პირში 555 დენტალური წანაზარდია. ისინი ყოველდღიურად 20 მათგანს კარგავენ, თუმცა თითოეულის ადგილზე ისევ ახალი ამოსდით.
ეს მტაცებელი თევზები, რომელთა სხეულის სიგრძე ზოგჯერ 1.5 მეტრს აღწევს, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში არიან გავრცელებულნი. მათ პირის ღრუში არსებული ყბების წყება და ყოველი ძვლოვანი სტრუქტურა თითქმის მიკროსკოპული ზომის ბასრი კბილებითაა დახუნძლული, რომლებსაც ძუძუმწოვართა კბილებთან საერთო არაფერი აქვთ. ეს ამ სტრუქტურების შესწავლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
სწორედ ამ მიზნით, აშშ-ში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა Ophiodon elongatus--ის სახეობაში შემავალი 20 ინდივიდი სპეციალური სითხით სავსე ავზში მოათავსეს, რომელშიც მათი კბილები წითლად შეიფერა. მოგვიანებით, ისინი სხვა აკვარიუმში გადაიყვანეს, თუმცა ამჯერად წყალში უკვე ფლუორესცენციული მწვანე საღებავი იყო გაზავებული.
ამ ყველაფრის შემდეგ, მკვლევრებმა ბნელ ლაბორატორიაში მიკროსკოპით წითელი და მწვანე შეფერილობის კბილების თანაფარდობა დაითვალეს. აღმოჩნდა, რომ 20-ვე თევზს საერთო ჯამში 100 000 ასეთი მცირე ზომის კალციფიცირებული წანაზარდი ჰქონდა. ყოველ მათგანს დღეში საშუალოდ 20 კბილი ძვრებოდა, რომელსაც ახალი ანაცვლებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ფარინგალური ყბის მიმდებარედ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რისი მიზეზიც ჯერჯერობით გაურკვეველია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
კომენტარები