ავსტრალიაში ქალმა კოვიდვაქცინით აცრის გამო 1 მილიონი დოლარი მოიგო
ავსტრალიაში მცხოვრებმა ქალმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისათვის ერთი მილიონი ავსტრალიური დოლარი მოიგო. ლატარიას საფუძველი ფილანთროპიულმა ორგანიზაციამ ჩაუყარა, რომლის მიზანია, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს.
The Million Dollar Vax Alliance-მა, მეტწილად ანონიმური დონორებისა და კომპანიებისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიმე იღბლიანი ავსტრალიელისათვის ერთი მილიონი ავსტრალიური დოლარის ოდენობით ჯეკპოტი გამოყო. ისინი აცრილთათვის ას ცალ ათას დოლარიან სასაჩუქრე ბარათსაც არიგებდნენ ყოველდღიურად.
ჯეკპოტი 25 წლის ჯოან ჟუმ მოიგო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მონაწილეების მიღება გასულ თვეს შეწყდა, იგი უკანასკნელი გამარჯვებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ მან შემოსულ უცხო ნომერს არ გადაურეკა, ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონია. ქალს სურს, რომ თავისი თანხით ჩინეთში ოჯახს ესტუმროს და მდიდრული არდადეგები მოუწყოს, დანარჩენი თანხა კი კომფორტულად ცხოვრებისათვის შემოინახოს.
"მინდა, რომ ჩემი ოჯახი ჩინეთიდან პირველი კლასით წავიყვანო და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავაბინაო ჩინური ახალი წლისათვის, თუკი საზღვრები ღია იქნება", — განაცხადა ჟუმ Sky News-თან საუბრისას — "ოჯახის წევრებს საჩუქრებს ვუყიდი და დანარჩენ ფულს დავაბანდებ, რათა მომავალში მეტი გამოვიმუშაო და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს დავეხმარო".
აცრის წამახალისებელი კამპანიები ახალი რამ ნამდვილად არ არის. ვაქცინაციის პოპულარიზაციისათვის აშშ-შიც უამრავი რამ გამოუყენებიათ: უფასო იარაღები, ლუდი, კანაფი, დონატები, ფული, კოლეჯის სტიპენდიები და სასაჩუქრე დასვენებები, თუმცა მიღებული წარმატება სხვადასხვა დონისა გახლდათ. მეორე მხრივ, ზოგიერთი კომპანია აუცრელი პირებისათვის ხელფასიდან თანხის დაქვითვას ან აცრისათვის საბოლოო ვადების დაწესებასაც განიხილავდა, რომელთა გასვლის შემთხვევაში მათი საქმიანობა დასრულდებოდა.
თავდაპირველად ავსტრალიამ ქება დაიმსახურა თავისივე მკაცრი სტრატეგიის გამო, რომელიც საზღვრების ჩაკეტვასა და ხანგრძლივ კარანტინს მოიცავდა. ნორმალურ მდგომარეობასთან დაბრუნების სურვილისა და მეტად გადამდები დელტა ვარიანტის წყალობით, ამჟამად კოვიდ ვაქცინებს გადამწყვეტი როლი უკავია. პანდემიის დაწყებიდან ავსტრალიამ გასულ კვირას საზღვრები პირველად გახსნა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებული პირებისათვის.
სახელმწიფომ ახლახან 16 წელს ზემოთ პირებში ვაქცინაციის 80 პროცენტიან ნიშნულს მიაღწია, კოვიდ-19-ის შეჩერებისათვის ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე კი ნაწილობრივ სწორედ ლატარიას მიუძღვის წვლილი. ქვეყანაში კარანტინები კვლავაც გრძელდება, მთავრობა კი იმედოვნებს, რომ უწყვეტი ძალისხმევის საშუალებით ეროვნული მასშტაბითაც ისეთივე მაჩვენებელს მიიღებენ, როგორიცაა კანბერაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 95 პროცენტს შეადგენს.
კომენტარები