გამოავლინეს გენი, რომელიც COVID-19-ის დროს სუნთქვის უკმარისობის რისკს აორმაგებს
დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად გამოავლინეს გენი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების დროს სუნთქვის უკმარისობის რისკს აორმაგებს. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Nature Genetics გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
აღნიშნული გენი LZTFL1-ის სახელითაა ცნობილი. ის სასუნთქი სისტემის შემადგენელ უჯრედებს ხელს უშლის, ებრძოლოს SARS-CoV-2-ს, რომელიც COVID-19-ად წოდებულ დაავადებას იწვევს.
უკანასკნელი მიგნება წინა კვლევის ერთგვარი გაგრძელებაა. მაშინ სპეციალისტებმა ადამიანის მე-3 ქრომოსომაში არსებულ დნმ-ში აღმოაჩინეს რეგიონები, რომლებიც 65 წელს ზემოთ ასაკის ინდივიდების COVID-19-ით გარდაცვალების რისკს ზრდიდა. ახლა კი მათ ყურადღება იმ გენზე გაამახვილეს, რომელიც ამაში უშუალოდ არის ჩართული.
"ჩვენ მიერ მიკვლეული გენეტიკური ფაქტორი ხსნის, რატომ ავადდება ასე მწვავედ კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი ადამიანი. ასევე, გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პათოგენზე ფილტვების რეაქცია, რადგან მკურნალობის მეთოდები უმეტესწილად არა მათი, არამედ ვირუსისა და იმუნური სისტემის ურთიერთქმედების შეცვლაზეა ორიენტირებული", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, ჯეიმს დევისი.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 10-დან 6 ადამიანი, რომელსაც სამხრეთაზიული წარმომავლობა აქვს, ზემოხსენებულ გენს ატარებს. ევროპელების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენს, აფრო-კარიბელებში კი 2 პროცენტს. ეს ცხადყოფს იმასაც, თუ რატომ მიმდინარეობს COVID-19 უფრო რთულად კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებში.
მკვლევართა თქმით, ეს ყველაფერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობას ადასტურებს, რადგან მსგავსი ინიექცია იმუნურ სისტემას აძლიერებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისგან გვიცავს.
კომენტარები