გაიცანით ადამიანის უშუალო წინაპარი — Homo bodoensis
კანადაში მდებარე უინიბეგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპართა აქამდე უცნობი სახეობის სახელი გაასაჯაროეს. ეს გახლავთ Homo bodoensis, რომლის კლასიფიკაციაც აფრიკისა და ევრაზიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, 774 000-129 000 წლის წინ მცხოვრები ჰომინიდების ნამარხებს ეფუძნება.
ეს პერიოდი, ანუ შუა პლეისტოცენი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ჰომო საპიენსები აფრიკაში, ნეანდერტალელები (ჩვენი ყველაზე ახლო მონათესავე სახეობა) კი ევროპაში. აღნიშნული ეპოქა ადამიანის ევოლუციის შესახებ მრავალ კითხვას აჩენს, რომელზეც სპეციალისტებს დღემდე სხვადასხვა პასუხი აქვთ.
ევრაზიასა და აფრიკაში მიკვლეული ნაშთების დიდ ნაწილს აქამდე Homo rhodesiensis-ის ან Homo heidelbergensis-ის სახეობას აკუთვნებდნენ. ზოგი მეცნიერის აზრით, ეს უკანასკნელი ჰომო საპიენსებისა და ნეანდერტალელების უახლოესი საერთო წინაპარია. გამოცემაში Evolutionary Anthropology Issues News and Reviews გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები კი გვთავაზობენ, რომ ზემოხსენებული ნამარხების უმეტესობა Homo bodoensis-თან დავაკავშიროთ.
მათი განცხადებით, H. heidelbergensis სადავო კლასიფიკაციაა, რადგან მასში შემავალი მრავალი ჩონჩხი ადრეული ნეანდერტალელის აღმოჩნდა. რაც შეეხება H. rhodesiensis-ს, ის მე–19 საუკუნეში მცხოვრებ ბრიტანელ პოლიტიკოსთან, იმპერიალისტთან და მაგნატთან, სესილ როდთან ასოცირდება. მან კოლონიურ სამხრეთ აფრიკაში არაერთი საშინელება დაატრიალა, რის გამოც ამ სახელის გამოყენება არაეთიკურად მიიჩნევა.
თავად Homo bodoensis-ის სახელწოდება ეთიოპიის იმ ტერიტორიიდან მომდინარეობს, სადაც ამ ჰომინიდთა ნაშთებს მიაგნეს. ის პლეისტოცენის ეპოქის თითქმის ყველა აფრიკულ და ზოგიერთ ევროპულ ნიმუშს შეესაბამება.
კომენტარები