რატომაა პანდა შავ-თეთრი? — კვლევა
არსებობს კითხვა, რომელიც ექსპერტებს წლების განმავლობაში ურევდა თავ-გზას — ზუსტად რატომ აქვთ გიგანტურ პანდებს შავ-თეთრი შეფერილობა? ამის გამორკვევა ბრიტანელმა, ჩინელმა და ფინელმა მეცნიერებმა განიზრახეს.
პანდებს კონტრასტული ტონებით გამორჩეული შეფერილობა ზოოპარკის ხელოვნურ გარემოში, სადაც ადამიანები ვხვდებით მათ, საკმაოდ განსხვავებულ შეფერილობას ანიჭებს, თუმცა მათი ბალანი ბუნებრივ, სამოსახლო ტყეებში მნიშვნელოვან დამცველობით ფუნქციას ასრულებს.
"გიგანტური პანდა შავ-თეთრ შეფერილობას იყენებს, რათა მის ბუნებრივ სამოსახლოში არ ამოიცნონ", — წერენ კვლევის ავტორები ჟურნალ Scientific Reports-ში.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ განსხვავებულ ფერთა კომბინაცია ფონის სხვადასხვა ასპექტებზე მათ უფრო ეფექტური შენიღბვის საშუალებას აძლევს და მტაცებლებისაგან — ლეოპარდები, ვეფხვები, აზიური ველური ძაღლები — თავის დაღწევაში ეხმარება.
"შავი ბეწვი მუქ ტონებსა და ხის ღეროებს ერწყმის, თეთრი — თოვლსა (როცა არის) და ფოთლეულს, ხოლო ბალნის საშუალო ტონები კი ქვებსა და მიწას ესადაგება", — წერენ ისინი.
როგორც ჩანს, ბეწვის ფერთა პანდათა მოხაზულობის აღქმის კუთხითაც იწვევს დაბნეულობას — შესაძლო მოწინააღმდეგეებს მისი ზუსტი ფორმის განსაზღვრა ურთულდებათ, რაც, ალბათ, თავდასხმასაც შეუშლის ხელს.
ალტერნატიული ახსნების მიხედვით, პანდათა უნიკალური შეფერილობა შიდასახეობრივი სიგნალების გადაცემას, სხეულის ტემპერატურის კონტროლსა და აპოსემატიზმს (მეტოქეების დაფრთხობას) ემსახურებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადარჩენისათვის გარემოსთან შეხამება ყველაზე სარწმუნო პასუხია.
გუნდის მიგნებები 15 სხვადასხვა პანდის ფოტოსურათთა გამოკვლევას ეფუძნება. ისინი 2007-2014 წლების განმავლობაში გადაიღეს სიჩუანის, შანხაისა და განსუს პროვინციებში, სამხრეთ-ცენტრალური ჩინეთის ნოტიო და იზოლირებულ ველურ ბუნებაში და ტყის, ქვებისა და მდინარეების ფონზე შეისწავლეს.
"იშვიათმა ფოტოგრაფიულმა საბუთებმა საშუალება მოგვცა, გიგანტური პანდის გარეგნული მხარე პირველად შეგვესწავლა მის ბუნებრივ გარემოში", — განაცხადა დოქტორმა ოსი ნოკელაინენმა, კვლევის ავტორმა.
"ხედვის მოდელირების გამოყენებითი ტექნიკების საშუალებით სურათები ისე დავამუშავეთ, თითქოს პანდებისათვის მათ მტაცებლებს ეყურებინათ. შედარებითი შედეგებით სრულებით განადგურდა მითი იმის შესახებ, რომ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში პანდები ცხადად ხილვადები გახლავან".
"ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავარკვიეთ, როცა ჩინელმა კოლეგებმა ველური ბუნების ფოტოსურათები გამოგვიგზავნეს და ფოტოში გიგანტური პანდა ვერ შევნიშნე", — განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმ კარომ, — "რადგან ჩემი, პრიმატის თვალებით ვერ დავინახე, უარესი მხედველობის მქონე პოტენციური ხორცისმჭამელი მტაცებლებიც ვერ დაინახავდნენ ამას".
"მტაცებლის მეტად რეალისტური პერსპექტივიდან, რეალურად გიგანტური პანდა საკმაოდ კარგადაა შენიღბული", — დაამატა ბრისტოლის პროფესორმა ნიკ სკოტ-სამუელმა.
კომენტარები