ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის ქვეყანაში არშემოშვება არის ყველაზე სამარცხვინო ქმედება უკრაინის მიმართ. მისი შეფასებით, მმართველ პარტიას აწუხებს იმ ჟურნალისტის ქვეყანაში შემოსვლა, რომელმაც, შესაძლოა კრიტიკული სიუჟეტი მოამზადოს.

"თითქოს რეჟიმისთვის ეს ხომ არაფერს წყვეტს, მაგრამ ამ საკითხშიც ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, რომ ამას არ დაუშვებენ. უკრაინასთან მიმართებით, ყველაზე სკანდალური და სამარცხვინო ჟურნალისტის არშემოშვება იყო.

ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, რომ ვინც არ უნდა, არ შემოუშვას, ოღონდ ტესტი, როგორი ხელისუფლება გვყავს ისაა, ვისი შემოსვლა აწუხებთ და ვისი არა. გავრილოვის, პოზნერის პუტინთან და სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფიგურების შემოსვლა არ აწუხებთ — გვიმტკიცებდნენ, არ გქონდა არშემოშვების უფლებაო. უკრაინელი ჟურნალისტი, რომელმაც შესაძლოა, კრიტიკული სიუჟეტი გააკეთოს, ეს აწუხებთ და იყენებენ საკუთარ დისკრეციას. ესაა ამ რეჟიმის სახე", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტის თქმით, მისთვის ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი არ დაუსახლებიათ. მისივე განცხადებით, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის. რადას დეპუტატმა, იულია კლიმენკომ განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის ელჩი უკვე დაუკავშირდა საქართველოს შესაბამის უწყებებს.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, განმარტოს, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტები.