რას არ ვასწავლით ბიჭებს ადამიანობაზე
ის წიგნები, რომელსაც ბავშვობაში ვკითხულობთ, დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და სამი ბიჭის დედა, რუთ უიპმანი გვიყვება, როგორ განსაზღვრავს კაცად და ქალად ყოფნის ნორმებს ის მხატვრული სამყაროები, რომლებსაც ჩვენ ყველანი ბავშვობის ასაკში ვეცნობით.
ამას წინათ წიგნის მაღაზიაში, სადაც ჩემს სამ ბიჭთან ერთად ვიყავი, საბავშვო ჟურნალის გადაფურცვლა დავიწყე. ჟურნალს ისეთი ვარდისფერი, ბრჭყვიალა გარეკანი ჰქონდა, როგორიც ყვირის: "ბიჭებო! ჩემი მიმართულებით გამოხედვაც კი საფრთხეს წარმოადგენს თქვენი მასკულინობისათვის!"
მეგობრობის სამაჯურების გაკეთების სწავლებასა და "გაიგე, რა ტიპის ზაზუნა ხარ" ტესტთან ერთად, ჟურნალში მოზრდილი ისტორიაც იყო პატარა გოგოზე, რომელიც ერთ დღეს გამართულ ორ სხვადასხვა დაბადების დღის წვეულებაზე მიიწვიეს. გოგოს არ უნდოდა, რომელიმე მეგობრისათვის იმედი გაეცრუებინა, ამიტომ გადაწყვიტა, ორივეზე მისულიყო: ერთი წვეულებიდან შეუმჩნევლად მეორეზე გადაირბენდა, იქ ერთხელ უკვე ნათამაშებ თამაშებში ჩაერთვებოდა, ტორტს შეჭამდა, შემდეგ მეორე ტორტის გაჭრისას ისევ უკან ბრუნდებოდა და ასე დაუსრულებლად. ემოციური შრომის ამსახველ ამ ამბავში საკუთარი თავი ამოვიცანი — არა, მსგავსი სცენარი არასოდეს გადამხდომოდა, მაგრამ ის კი მტკივნეულად მეცნო, რა გრძნობაა, როცა საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე ცდილობ, სხვა ადამიანებს ასიამოვნო.
დაბადების დღის წვეულების ეს სტრესული ისტორია გოგოების ბავშვობის შესახებ დაწერილი მრავალი ამბის მსგავსია. ჩემი შვილების კლასელ გოგოებს, სავარაუდოდ, წაკითხული და ნანახი აქვთ ასობით ასეთი ისტორია: ამბები ადამიანებზე, მათ მეგობრობაზე, ურთიერთობებსა და ემოციებზე, შინაგან დრამებსა და სხვების წინააღმდეგობრივ გრძნობებთან გამკლავებაზე. ეს ისტორიები ჩემს ბავშვობაშიც იყო — იმ წიგნებში, რომლებსაც ვკითხულობდი და იმ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში, რომლებსაც ვუყურებდი. ესაა ნარატივები, რომლებმაც მასწავლა და გამათავისებინა, რა იყო მნიშვნელოვანი.
მაგრამ ახლა, როცა ამ ჟურნალს სამი ბიჭის დედის პერსპექტივიდან ვკითხულობდი, ადამიანების გრძნობებით მოტივირებული ეს ამბავი უცნაურად უცხოდ მეჩვენა. გავაცნობიერე, რომ, მართალია, ვცდილობ, შვილები გენდერული სტერეოტიპების გარეშე გავზარდო, მათ ასეთი წიგნი არასდროს წაუკითხავთ — იმას თქმაც არ უნდა, რომ არც რეალურ ცხოვრებაში გამოუცდიათ მსგავსი რამ. როგორც აღმოჩნდა, ჩემი შვილების მხატვრულ სამყაროებში უცნაურად არაა ადგილი ემოციურად კომპლექსური ადამიანებისთვის.
რადგან ჩემი შვილები ბიჭები არიან, ისინი დაბადებიდანვე ისეთ გამოგონილ სამყაროში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი, სადაც მხოლოდ მანქანებია. როგორც ჩანს, სკოლის ასაკამდე ბიჭებისთვის განკუთვნილი მასკულინური ნორმები მოითხოვს, რომ ადამიანური დილემები გარჩეული იყოს ბულდოზერების, სახანძრო მანქანებისა და ხანდახან სტეგოზავრების ემოციური ცხოვრების საშუალებით. ოდნავ გაზრდის შემდეგ კი ჩემი შვილები ბუნებრივად გადაეშვნენ ბრძოლებით, გმირებითა და ბოროტმოქმედებით დომინირებულ სამყაროში, სადაც გამუდმებით მსოფლიოს გადარჩენის საჭიროება დგას დღის წესრიგში.
ახლა ისინი ათი, შვიდი და სამი წლისანი არიან და მათი ყველა წიგნი, ფილმი თუ ვიდეოთამაში ერთმანეთის მეტოქე ორ კაცზეა (ან არაადამიანურ არსებაზე, რომელიც კაცად აღიქმება), რომელთაგან საბოლოოდ ერთი გამარჯვებული გმირი იქნება, მეორე კი სასტიკად დამარცხებული ბოროტმოქმედი. აქ არ არსებობს არანაირი ემოციური სირთულეები, მეგობრული დილემები და შინაგანი კონფლიქტები — არაფერი ისეთი, რაც რეალურ ადამიანს ყოველდღიურად ხდება თავს სხვა ადამიანებთან კონტაქტისას.
გამონაკლისი რეალიზმის პატარა ქვეჟანრია, რომელიც განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლე ბიჭებისათვის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ამის მაგალითებია ჯეფ კინის წრიპა ბიჭის დღიურის სერია, რომელშიც შემავალი წიგნების 250 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული და დიდი ნეითის გრაფიკული რომანების სერია მეექვსეკლასელი ბიჭების ცხოვრებაზე, 20 მილიონზე მეტი გაყიდული წიგნით. ჩემი შვილები და მათი მეგობრები ისრუტავენ ამ წიგნებს, რადგან ისეთ პერსონაჟებზე კითხვას არიან მოწყურებულნი, რომლებიც მათ ჰგვანან. ბავშვებს ბევრი დადებითი მოუტანა ამ წიგნებმა — დააწყებინა ფიქრი საკუთარ ურთიერთობებზე, ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და მისცა საშუალება, გულახდილად ესაუბრათ გრძნობებზე თუ ემოციურ დილემებზე.
მაგრამ ამ ჟანრში მთავარი პერსონაჟები უმეტესად დეპრესიული ანტიგმირები არიან; მოზარდი ნიჰილისტები, რომელთა ძირითადი სიუჟეტური მოტივაციაც გარკვეული სახის უპატივცემულობაა — სკოლის, მასწავლებლების, გამაღიზიანებელი დედმამიშვილებისა თუ მშობლების მიმართ. სამყაროსადმი მათი ამგვარი უკმაყოფილება ზოგჯერ მიზოგინიის ფორმასაც კი იღებს, რაც "ოჰ, ეს სულელი გოგოების" ტიპის დამოკიდებულებით ვლინდება. მართალია, ამ სერიათა გვიანდელ გამოცემებში მსგავსი ტიპის სექსიზმის გამოვლინებებს ნაკლებად ვაწყდებით, მაგრამ თუკი აღნიშნული პერსონაჟების ხასიათს გავითვალისწინებთ, ყურით მოთრეული არ იქნება იმის წარმოდგენა, რომელიმე მათგანი ათი წლის მერე მშობლების სახლიდან ონლაინ როგორ "ტროლავს" ფემინისტებს.
ბიჭებისათვის პოზიტიური, ადამიანების გრძნობებზე ფოკუსირებული ამბების ნაკლებობას ცუდი შედეგები არა მარტო მათთვის, არამედ გოგოებისთვისაც მოაქვს. ამ უკანასკნელებისთვის განკუთვნილი ტექსტები — ისევე, როგორც ზოგადი კულტურა, რომლის წიაღშიც ცხოვრობენ — გოგოებს ადრეული ასაკიდან ასწავლის ცხოვრებისეული სირთულეებისა და ყოველდღიური ტკივილების შესახებ; ასწავლის, რომ სხვა ადამიანების გრძნობების მოფრთხილება მათი პასუხისმგებლობაა. იმავე დროს კი ბიჭებს უნერგავენ, რომ ამ ყველაფერს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ იმის გააზრებას, რამდენად სანერვიულოა ემოციური და სოციალური განათლების ნაკლებობა ბიჭებში. ამ დროს კი ჩვენ თინეიჯერი გოგოების მიერ ურთიერთობების კომპლექსურობით დაინტერესებას ხშირად ვაუფასურებთ და მსგავს თემებზე აგებულ ნაწარმოებებს დაცინვით "გოგოურ დრამას" ვუწოდებთ. თუმცა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ნიობე უეის თქმით, "როცა ფემინურობასა და მასთან ასოცირებულ გრძნობებსა და ურთიერთობებს ღირებულებას ვაცლით, ბიჭები ბევრს კარგავენ".
ეს დისბალანსი ქალებსა და გოგოებს აიძულებს, სოციალური და ემოციური ცხოვრების ტვირთი საკუთარ თავზე აიღონ; მაგალითად, დაიმახსოვრონ ყველას დაბადების დღე, მოსწმინდონ სხვებს ცრემლები და მიხვდნენ, როდის იძაბება სიტუაცია ოჯახში, რათა მის განსამუხტად ზომები მიიღონ. ეს ყველაფერი გოგოებისთვის კი ძალიან დამღლელია, მაგრამ ამგვარი საზოგადოებრივი მოლოდინი კაცებისა და ბიჭებისთვისაც საზიანოა. ისინი ვერ სწავლობენ და ითვისებენ უნარებს, რომლებიც საჭიროა ფსიქოლოგიურად და მორალურად ჯანსაღი ცხოვრებისთვის, რასაც სხვა ადამიანებთან მჭიდრო კავშირების ქონა განსაზღვრავს.
ალბათ, სწორედ ამ ყველაფრის ბრალია, რომ ბიჭებს, საკუთარი ასაკის გოგოებთან შედარებით, ნაკლები ემპათია და სოციალური უნარები აქვთ. ეს სხვაობა კიდევ უფრო იზრდება მოზარდობისას. ეს კი ზეგავლენას ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს. პირველკლასელთა შორის იმ სოციალურ-ემოციური უნარების დონე, რომელიც ითვალისწინებს მეგობრული ურთიერთობების შექმნასა და შენარჩუნებას, იმაზე კარგად წინასწარმეტყველებს ბავშვის აკადემიურ წარმატებას, ვიდრე ოჯახური გარემო და კოგნიტიური შესაძლებლობები. ხშირად სკოლის მაღალ კლასებში ბიჭები აკადემიურად ჩამორჩებიან გოგოებს. თუ მათთვის განკუთვნილ წიგნებსა და სატელევიზიო შოუებში და ჩვენს მათთან საუბრებში ბიჭებს ისეთ სამყაროს გავაცნობთ, რომელიც ადამიანის გრძნობებზეა ორიენტირებული, შეიძლება ეს აკადემიური ნაპრალი მალევე შემცირდეს.
ასევე მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელიც ზემოაღნიშნულ სტერეოტიპებს ბიჭების მენტალურ ჯანმრთელობაზე აქვს. პატარა ასაკიდანვე გოგოების მეგობრული ურთიერთობები უფრო ინტიმური, ღრმა, ემოციებზე ფოკუსირებულია. ისინი ერთმანეთს თანაგრძნობასა და მხარდაჭერას სთავაზობენ, რაც ხშირად ბიჭებს აკლიათ. ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაციის მიხედვით, მხარდაჭერის სიმცირემ და მასკულინობის მავნე ნორმებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. ამ საკითხის სიმწვავეზე ის სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს, რომლის თანახმადაც, მოზარდი ბიჭები სუიციდის რისკის ქვეშ ორჯერ მეტად არიან, ვიდრე გოგოები.
ტოქსიკურ მასკულინობაზე ჩვენ მის მხოლოდ რადიკალური გამოხატულებისას ვამახვილებთ ყურადღებას — მაშინ, როცა სექსუალურ და ფიზიკურ მოძალადეებზე ვსაუბრობთ. ყოველდღიური ტოქსიკური მასკულინობა კი, რომელიც გამოწვეულია იმით, თუ რას ვასწავლით ბიჭებს და რას — არა, ნორმალიზებული გვაქვს.
ამბები, რომლებსაც ვყვებით, გადაიქცევა იმ ნიმუშად, რასაც ველით საკუთარი თავისა და სხვებისაგან. ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების განმავლობაში ვხვდებით, რომ არ არსებობენ გმირები ან ბოროტმოქმედები, არამედ, უბრალოდ, არსებობენ ბევრი მოთხოვნილების მქონე ადამიანები, რომლებსაც საშინლად ადარდებთ, მათზე ვინ რა თქვა. იმის სწავლა, ღირსეულად როგორ გაუმკლავდე კომპლექსურ სოციალურ სიტუაციებს, ადამიანური კავშირების ოქროს საბადოა.
ამიტომ, ვიმუშაოთ ისეთი საოცარი ახალი სამყაროს შექმნაზე, სადაც ბიჭებსაც შეაწუხებთ სხვისი გრძნობების მოფრთხილების სურვილი და ამაყად ირბენენ ორი დაბადების დღის წვეულებას შორის. მივცეთ ბიჭებს "გოგოური დრამა", ვასწავლოთ მათ ემოციური შრომის ბნელი ხელოვნება. იქნებ, ასე ყველამ უფრო ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ.
კომენტარები