რატომ არ უნდა ჩავეხუტოთ ადამიანს ნებართვის გარეშე
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებიდან ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლები მუდმივად გვირჩევენ, ერთმანეთთან დისტანცია დავიცვათ და ადამიანებთან ახლო კონტაქტს მოვერიდოთ. სახლში გამოკეტილი და ძველებურ ურთიერთობებს მონატრებული ხალხის ნაწილი ამ რჩევებს არაფრად აგდებს, ნაწილი კი მას უხერხული ჩახუტებებისა და გადაკოცნის თავიდან ასაცილებლად სიამოვნებით ვითვალისწინებთ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიყვარულს შეხებით გამოხატავენ, ზოგი უბრალოდ ყველას ეხუტება. მეორე მხარეს კი ისინი ვართ, ვისთვისაც, უამრავი ბენეფიტის მიუხედავად, ჩახუტება არც ისე სასიამოვნო, ნასწავლი სოციალური ქცევაა.
რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, მეცნიერების თქმით, ჩახუტება უფრო ძლიერ იმუნურ სისტემას, სტრესისა და დეპრესიის განვითარების რისკის დაბალ დონეებს უკავშირდება. თუმცა, ფიზიკური შეხებისკენ მიდრეკილება არა თანდაყოლილი, არამედ ადრეული გამოცდილებების შედეგად შეძენილი რამაა.
ჩვენი დამოკიდებულება ჩახუტების მიმართ აღზრდას უკავშირდება. Comprehensive Psychology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდნენ, ზრდასრულ ასაკშიც უყვართ სხვებთან ფიზიკური სიახლოვე. აღმოჩნდა, რომ ჩახუტება ბავშვის ემოციურ აღზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ადამიანების გარდა, ერთმანეთს მისალმებისას ეხუტებიან ცხოველებიც, მაგალითად, მაიმუნები.
მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩახუტების იდეაც კი დისკომფორტს უქმნის. სტატიაში სწორედ შეხების სიძულვილის მიზეზებზე მოგიყვებით.
ფიზიკური სიახლოვის ნაკლებობა ბავშვობაში
მიუხედავად იმისა, რომ ჩახუტება ბედნიერებისა და სიყვარულის ჰორმონების გამოყოფას უკავშირდება, თუ ადრეულ ასაკშივე არ ვისწავლით, რომ შეხება ნორმალური, უსაფრთხო ქმედებაა, ამას ბუნებრივად ვერ მივხვდებით. ამისთვის საჭიროა, ადამიანმა პატარაობის ასაკშივე დაუკავშიროს შეხება სითბოს და მზრუნველობას. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც კეთილ, ემპათიურ და სანდო გარემოში გაიზარდნენ, სადაც სიყვარულს ჩახუტებით გამოხატავენ, ფიზიკური სიახლოვე სიმშვიდესთან, სიყვარულთან და უსაფრთხოებასთან ასოცირდება. შედეგად კი ისინი შეხებას ზრდასრულობის ასაკშიც ნორმალურად მიიჩნევენ.
თუმცა, სამწუხაროდ, ბავშვების დიდი ნაწილი უყურადღებო, მოძალადე ადამიანების გარემოცვაში იზრდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათზე არაფიზიკურად ძალადობენ, ამან შესაძლოა, შეხების მიმართ მათ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს. ეს ადამიანები ფიზიკურ სიახლოვეს შიშს, კონტროლს, დანაშაულის შეგრძნებასა და ტკივილს უკავშირებენ.
უნდა აღინიშნოს ის ოჯახებიც, სადაც ბავშვები უსაფრთხო გარემოში იზრდებიან, თუმცა მათი მშობლები სითბოს უმეტესაც ვერბალურად, ან საერთოდ ნაკლებად გამოხატავენ და მათი მზრუნველობა უფრო მეტად ისეთ ქმედებებში ვლინდება, რაც შეხებას საერთოდ არ მოიცავს. ასეთი ბავშვები ჩახუტებას არ არიან მიჩვეულები და მის საჭიროებას ზრდასრულ ასაკშიც ვერ ხედავენ. მათ პირადი სივრცე სჭირდებათ, სადაც ისეთივე თავისუფლებას იგრძნობენ, როგორსაც ბავშვობაში გრძნობდნენ მათი მშობლების მხრიდან. მათი ნაწილი ხშირად იგივე მაგალითს იმეორებს თავის შვილებთანაც. თუმცა, როგორც ფსიქოლოგი დეგ უაიტი აღნიშნავს, შესაძლოა, ფიზიკური სიახლოვის ნაკლებობამ ბავშვზე სრულიად საპირისპიროდ იმოქმედოს.
ნოტრ დამის ფსიქოლოგიის პროფესორის, დარსია ნავარესის თქმით, ზრდის პროცესში ფიზიკური შეხების ნაკლებობამ, შესაძლოა, მოხეტიალე ნერვის განვითარებას შეუშალოს ხელი — ეს ნერვების ნაკრებია, რომლის განუვითარებლობამ, კვლევის თანახმად, ადამიანის თანაგრძნობის უნარის დაქვეითება და ოქსიტოცინის — სიყვარულის ჰორმონის სისტემის მოშლაც გამოიწვიოს.
ამის დასასაბუთებლად ნავარესს რუმინელი ობოლი ბავშვების მაგალითი მოჰყავს. 2014 წლის კვლევის მიხედვით, ამ ბავშვებს განუვითარებელი ოქსიტოცინის სისტემა ჰქონდათ.
"ობლები ბავშთა თავშესაფარში იზრდებოდნენ, სადაც მოკლებულნი იყვნენ ფიზიკურ შეხებას, ჩახუტებას. ამიტომ, გარემოს შეცვლის შემდეგაც კი, მათ ოქსიტოცინის დონის მატება მაინც არ აღენიშნებოდათ. ეს ის ჰორმონია, რომელსაც ბავშვები მზრუნველი მშრომელის კალთაში ჯდომისას გამოჰყოფენ", — ამბობს ნავარესი.
საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებული ეჭვები
კლასელების, სკოლელების თუ ნათესავების მხრიდან დაბულინგებას ხანგრძლივი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
იმ ადამიანებს, ვისაც წონის გამო აბულინგებენ, ეუბნებიან რომ ცუდად გამოიყურება, ან მუდმივად ჭკუას არიგებენ იმის შესახებ, რომ უნდა გახდეს, ან გასუქდეს, ან რამე მოუხერხოს საკუთარ სხეულს, შესაძლოა, ჩახუტებამ და შეხებამ მხოლოდ უხერხულად აგრძნობინოს თავი მათგანაც კი, ვინც უყვარს.
არაა აუცილებელი, ეს ტრავმები პირდაპირი იყოს. ის მიკროაგრესიები, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან ვიღებთ და რომლებიც გვაიძულებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ საკუთარი სხეული, ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებზეც ახდენს გავლენას.
როგორ გამოვხატოთ მზრუნველობა სხვა გზით
ჯობს, იქამდე კითხოთ ადამიანს, უყვარს თუ არა მას ჩახუტება, სანამ პირდაპირ გაექანებით და სახეს დაუკოცნით, ან მთელი ტანით შემოეკვრებით. სანამ კარგად გაიცნობთ ადამიანს, მსგავს პრეფერენციებზე მისგან თანხმობის მიღება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც უფრო პირადი ურთიერთობების დროს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სიახლოვე არ სიამოვნებს, მზრუნველობის და სითბოს გამოხატვა ვერბალურად, ან მისალმების ისეთი ალტერნატიული გზებითაც შეგიძლიათ, როგორიც მეგობრული თავის დახრა, ხელის დაქნევა, ან მუშტების მირტყმაა.
რომელიც არ უნდა აირჩიოთ, ნუ შეუზღუდავთ ადამიანს პირად სივრცეს და მიეცით მათ იმის უფლება, თავადვე აირჩიონ, უნდათ თქვენთან ჩახუტება თუ — არა. დააცადეთ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში თქვენთან იმდენად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, რომ პირიქით, იქით მოგიწიოთ მათი "თავიდან მოშორება".
კომენტარები