საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტვ პირველი და ტელეკომპანია მაესტრო რეკლამის წესის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კომისიამ გადაწყვეტილება 23 მარტს მიიღო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რიგი მაუწყებლების ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ხუთი არხი სპონსორებისა და პროდუქტის განთავსების წესებს არღვევდა. მათგან სამის - იმედის, რუსთავი 2-სა და იბერია TV-ს საკითხს მომავალ სხდომებზე განიხილავენ.

ტვ პირველისა და მაესტროს შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის შესახებ და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონები დაირღვა. ამ კანონებით, პროგრამაში პროდუქტის განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ასევე სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ჰქონდა ადგილი, რაც სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაა.