დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერების მიერ სახალხო დამცველის კრიტიკას ნინო ლომჯარია ირონიულად პასუხობს. მმართველი პარტიის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ უკმაყოფილებას ის დღის ბოლოს გამოეხმაურა.

"მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები: სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი; ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ; ამას მოჰყვა შემდეგი რეაქციები: დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული; ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ; დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა... რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი...", — აცხადებს ომბუდსმენი.

"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, ვსო, მიღებულია ძმაო რა" — ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ციხის სამედიცინო დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახალხო დამცველი ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს".

24 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა. მისი თქმით, გუშინ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. ციხის საავადმყოფოში და მათი შეფასებით დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და პოლიტიკური ინტერესი აქვთ. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ომბუდსმენი ნებისმიერ თავის საქმიანობას ახორციელებს მკაცრად პროფესიულ საწყისებზე.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, უზუსტობა ომბუდსმენის განცხადებაში არ იყო, რადგან გუშინ დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ. მისივე თქით, დღეს გაირკვა, რომ რეანიმატოლოგი დანიშნეს, რაც, მისი შეფასებით, მისასალმებელია.