ჯანდაცვის კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, პრეპარატ ნარკანის ურეცეპტოდ გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მათი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე.წ. ნარკანი ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს.

"ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში ქვეყანაში ლეტალობის შემთხვევები შემცირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ ნარკანის დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ", — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ანტიდოტი არ უნდა იყოს აკრძალული და უნდა მოვუწოდებდეთ ადამიანებს მანქანაში ედოთ სასწრაფოდ რომ დასჭირდეთ.

"კარგია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდით. მომავალში მაინც იქნებ გადავარჩინოთ სიცოცხლეები. ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა იმან, რომ ჩვენ არ ვიცოდით რას ვკრძალავდით", — განაცხადა ხვიჩიამ.

განხილვას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეც.