მეცნიერებმა პლანეტის მიერ შეჯახებისას დაკარგული ატმოსფეროს კვალი აღმოაჩინეს — კვლევა
აშშ-ში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად შორეული ვარსკვლავის გარშემო 2 პლანეტის მძლავრი შეჯახების შედეგად განადგურებული ატმოსფეროს კვალს მიაგნეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია.
სპეციალისტები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა სისტემებში ამგვარი მოვლენები საკმაოდ ხშირია, რა დროსაც მასში შემავალი პროტოპლანეტები ერთმანეთს ეჯახებიან, ერთიანდებიან და უფრო მოზრდილ ციურ სხეულს ქმნიან. გამონაკლისი არც ჩვენი მზის სისტემაა.
ახლა კი გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ამ კოსმოსური ფენომენის კვალი დედამიწისგან 95 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის, სახელად HD 172555 მახლობლად აღმოაჩინეს. ის მკვლევართა ყურადღების ცენტრში აქამდეც იყო, რისი მიზეზიც მის ირგვლივ არსებული უჩვეულო მტვრის დისკი გახლავთ. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ობსიდიანი და ტექტიტია. მათი ფორმირებისთვის კი ისეთი სიმხურვალეა საჭირო, რომელსაც, მაგალითად, 36 000 კმ/სთ სიჩქარით შეჯახება წარმოქმნის.
ამის გარდა, მეცნიერებმა იქ კიდევ ერთი ნივთიერება, ნახშირბადის მონოქსიდი დააფიქსირეს, რომელიც ასევე მძლავრი შეჯახებისას ჩნდება. მათი გამოთვლებით, ეს აირი ვარსკვლავთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 7.5 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეა განლაგებული, რაც სწორედ ზემოხსენებული მოვლენით აიხსნება.
ასტრონომთა გამოთვლებით, HD 172555-ის გარშემო ორბიტაზე მოძრავი მცირე და შედარებით დიდი ზომის მქონე პროტოპლანეტები ერთმანეთს დაახლოებით 200 000 წლის წინ შეეჯახნენ, რამაც მეორე მათგანის ატმოსფეროს კოსმოსში გაფანტვა გამოიწვია.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი მიგნება ამ ფენომენის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
კომენტარები