ყველაფერი, რაც Google-ის ახალ Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ზე უნდა იცოდეთ — ვრცლად
უამრავი გაჟონილი ინფორმაციის, თიზერისა და თვეობით ლოდინის შემდეგ, Google-მა Pixel-ები გუშინ ოფიციალურად წარადგინა. ახალი Pixel 6 და Pixel 6 Pro ის სმარტფონებია, რომლებსაც მომხმარებელი ამდენი ხანი ელოდა. Google ფლაგმანების ბაზარზე დაბრუნდა და ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა. ორივე სმარტფონის წინასწარი შეკვეთბი დღეს იწყება, მიწოდება კი 28 ოქტომბერს დაიწყება. Google-ის თქმით, სმარტფონები გაიყიდება ამერიკის ყველა ქსელში და საცალო გამყიდველთან, როგორიცაა Best Buy, Amazon, Walmart, Costco და სხვები.
Pixel-ების შესახებ მოსაყოლი ძალიან ბევრია, თუმცა ის რაც პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, მათი ფასია — Google-მა საკმაოდ აგრესიული ნაბიჯი გადადგა. Pixel 6-ის შეძენას $599-ად შევძლებთ, ხოლო Pixel 6 Pro-ს საწყისი ფასი $899 იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე სმარტფონის მინიმალური მეხსიერება 128 გიგაბაიტი იქნება, ეს მათ ფასს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მეხსიერების გაზრდა 6-ის შემთხვევაში 256გბ-მდე შეგვეძლება, ხოლო 6 Pro-ს ყიდვა 512გბ შიდა მეხსიერებითაც შეიძლება.
Pixel-ები კონკურენტებთან შედარებით ყოველთვის იაფი ღირდა, თუმცა ამას აქამდე ახსნა ჰქონდა. Pixel 5 რეალურად ტოპ სმარტფონისგან ძალიან შორს იყო, ერთადერთი კომპონენტი, რაც მას კონკურენტუნარიანს ხდიდა კამერა იყო. დღეიდან სხვა რეალობა გვექნება, Google-მა რეალურად დადო სმარტფონი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს, ნებისმიერ ასპექტში თამამად გაუწევს კონკურენციას და ამ ყველაფერს დაემატებ ის, რომ ის მათზე გაცილებით იაფი ღირს.
ახალი პროცესორი — Tensor
რა თქმა უნდა, ის რაც პირველი თვალში მოგვხვდება, პიქსელების ფასებია, თუმცა Google-მა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებიც შემოგვთავაზა.
წლებია Apple თავს იმით იწონებს, რომ ისინი ჰარდვეარსა და სოფთვეარს თვითონ ქმნიან, რაც iPhone-ების იდეალური ოპტიმიზაციისა და წარმადობის მთავარი გასაღებია.
Google აქამდე Qualcomm-ის მიერ შექმნილ ჩიპსეტებს იყენებდა. Snapdragon-ის პროცესორები ალბათ ერთადერთია ბაზარზე, რომლებიც Apple-ს სათანადო კონკურენციას უწევენ, მაგრამ წელს ასე აღარ იქნება — Google-მა პირადად მათთვის დამზადებული ARM-ის ჩიპსეტი წარადგინა, რომელსაც Tensor ერქმევა. ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, მათი პროცესორი თავისუფლად გაუწევს კონკურენციას Snadpragon 888-ს.
Tensor საკმაოდ საინტერესო ჩიპსეტია. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მას სპეციალურად Google-ის მიერ შექმნილი Tensor Processing Unit (TPU) აქვს, მასში ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული. დამატებით, Tensor-ს ორი მაღალი წარმადობის მქონე Cortex X1 ბირთვი აქვს, აქვეეა ორი Cortex A76 ბირთვიც და 4 ენერგოეფექტური Cortex A55. აღსანიშნია, რომ Tensor არის პირველი პროცესორი, რომელმაც Cortex X1-ის ორი ბირთვი მიიღო. გარდა ამისა, ჩიპსეტს დამატებითი პროცესორი აქვს უსაფრთხოებისთვის და კიდევ ერთი მინი პროცესორი კონკრეტულად ფოტოების დამუშავებისთვის იქნება განკუთვნილი. Pixel 6 8GB ოპერატიულ მეხსიერებას მიიღებს, Pixel 6 Pro კი 12 გიგაბაიტს.
დიზაინი
სმარტფონების დიზაინი კიდევ ერთი საკითხი იყო, სადაც Google ნამდვილად არ ბრწყინავდა. კი Pixel 3 საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა, მაგრამ იგივეს თქმა 3 XL-ზე რთულია. იგივე მოხდა Pixel 4-ისა და 5-ის შემთხვევაშიც. მათი დიზაინი ნორმალური იყო და არაფერი მეტი.
Google წელს ამ მხრივაც გათამამდა, Pixel 6 და Pixel 6 Pro ძალიან ლამაზად გამოიყურებიან და უნდა ვთქვათ, რომ მათ თავიანთი ნიშა დაიბრუნეს. Pixel 6-ების გარჩევა სხვა სმარტფონებისგან არათუ გაგიჭირდებათ, არამედ მათი ანალოგი სმარტფონთა სამყაროში არც მოიპოვება.
მარცხენა ფოტოზე Pixel 6 Pro-ს ხედავთ, მარჯვნივ კი უბრალო Pixel 6-ს. Pro-ს გვერდებზე გადახრილი ეკრანი ექნება, რაც მას უფრო პრემიალურ ვიზუალს სძენს.
ორივე სმარტფონი მეტალის კანტებს მიიღებს. Pixel 6-ს ალუმინის ხოლო 6 Pro-ს უჟანგავი მეტალის პრიალა კანტები ექნება. უკანა მხრიდან ორივე სმარტფონს პრიალა შუშა ექნება. სმარტფონის უკან, ზედა ნაწილში კამერის დიდი კუნძულია, მის ზევით კიდევ რჩება ადგილი, სადაც Google-მა ისევ გრადაციას მიმართა და გამოდის, რომ პიქსელების უკანა მხარე ორ ფერში იქნება წარმოდგენილი.
კამერები
კამერების კუნძული საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. წლების განმავლობაში Pixel-ების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ კამერა იყო და ეს წელსაც ასე იქნება. Google-მა, როგორც იქნა, ძირითადი კამერის სენსორი განაახლა. პიქსელების წინა ოთხი თაობა, 2-დან 5-ის ჩათვლით ერთსა და იმავე კამერის სენსორს იყენებდა და განახლება მხოლოდ პროგრამულად ხდებოდა.
ამჯერად, Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს შემთხვევაში, Google ახალი სენსორები წარმოგვიდგინა. ორივე სმარტფონს 50 მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორი ექნება, რომელიც შეკუმშვის შემდეგ 12.5 მეგაპიქსელიან ფოტოებს მოგვცემს. სენსორი ფიზიკურად iPhone 13 Pro-ს სენსორზე დიდი იქნება. პიქსელების სიმჭიდროვე 1.2 მიკრონს მიაღწევს, დიაფრაგმა კი 1.85-იანი, ოპტიკურად სტაბილიზირებული იქნება. Google-ის თქმით, ამ კამერას 150%-ით უფრო მეტი სინათლის შეშვება შეეძლება, ვიდრე Pixel 5-ს. მომდევნო კამერა 12 მეგაპიქსელიანი ულტარაფართოა, რომელსაც 114 გრადუსიანი ხედვის არეალი და 2.2-იანი დიაფრაგმა ექნება. ულტრაფართო კამერის პიქსელების სიმჭირდროვე 1.25 მიკრონი იქნება.
Pixel 6 მხოლოდ ამ ორ კამერას, ძირითადსა და ულტრაფართოს მიიღებს.
თუ თქვენ Pixel 6 Pro-ს შეძენას გადაწყვეტთ, მას დამატებით მესამე, 4x ტელეფოტო ლინზაც ექნება. ის პერისკოპულ ტექნოლოგიას იყენებს, ანუ ლინზა "იშლება და იკეცება". სენსორი 48 მეგაპიქსელიანია და შეკუმშვის შემდეგ ისიც 12 მეგაპიქსელიან კადრებს მოგცემს. დიაფრაგმა 3.5 შეადგენს.
სხვაობაა წინა კამერებს შორისაც. Pixel 6 რვა მეგაპიქსელიან, SONY-ს IMX 355, 84 გრადუსიანი ხედვის კუთხის მქონე კამერას მიიღებს, Pixel 6 Pro კი 11.1 მეგაპიქსელიან, 94 გრადუსიან ლინზას, ამ შემთხვევაშიც სენსორი სონის მიერ დამზადებული იქნება თუმცა გაცილებით უკეთესი IMX 663.
ახალი პროცესორის დახმარებით ფოტოების დამუშავების ახალი საშუალებებიც გვექნება. Google-მა Magic Eraser ხელსაწყო გვანახა, რომელიც კადრებიდან ისეთ ობიექტებს წაშლის, რომლებიც ფონზე ჩანს ან უბრალოდ არ მოგვწონს. ამ ყველაფერს ზუსტად ის პროცესორი უზრუნველყოფა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული.
ორივე სმარტფონი 4K ვიდეოს გადაღებას 60FPS-ით შეძლებს. Google გვპირდება, რომ ვიდეოების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაზეც Google-ის ავტომატური HDR დამუშავების ალგორითმი იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ Pixel-ები ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოებს იღებენ, ვიდეოგადაღებაში ისინი iPhone-ებს საგრძნობლად ჩამორჩებიან, ამიტომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ პრობლემას Pixel 6 გადაჭრის.
ეკრანი
ორივე სმარტფონს საკმაოდ დიდი OLED ეკრანი ექნება. Pixel 6 6.4 ინჩიან, 1080p გარჩევადობის მქონე, 90 ჰერციან ეკრანს მიიღებს. მას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბრტყელი ეკრანი ექნება, ამიტომ შედარებით დიდი ჩარჩოებიც აქვს. Pixel 6 Pro-ს ეკრანი გვერდებზე გადახრილი, 6.7 ინჩიანი 1440p გარჩევადობის მქონე, 120 ჰერციანი LTPO პანელი იქნება. ეკრანი მუდმივად 120 ჰერცზე არ იმუშავებს, რაც LTPO ეკრანის დამსახურებაა. მისი მეშვეობით ეკრანის განახლების სიხშირე 10 ჰერცამდეც შემცირდება, რაც ენერგიას საგრძნობლად დაზოგავს. ორივე სმარტფონის ეკრანს Gorilla Glass-ის ბოლო ვერსია, Victus დაიცავს.
HDR-ის მხარდაჭერა Pixel 6-საც და Pixel 6 Pro-საც ექნებათ.
კავშირგაბმულობა და ელემენტი
ორივე სმარტფონს 5G-ისა და Wi-Fi 6E-ის მხარდაჭერა ექნება. ასევე, ისინი Bluetooth 5.2-საც მიიღებენ. iPhone 13-ს მაგალითად Bluetooth 5.0 აქვს. Verizon-ისათვის გამოსულ Pixel 6-ს mmWave 5G-ის მხარდაჭერაც ექნება, თუმცა ის 100 დოლარით ძვირი ეღირება.
სმარტფონებმა უზარმაზარი ელემენტებიც მიიღეს, რაც ცალსახად სასიხარულო ამბავია. Pixel 6-ის ელემენტის მოცულობა 4 614 მილიამპერი იქნება, 6 Pro კი 5 004 მილიამპერიან ელემენტს მიიღებს.
სისტემა
როგორც პიქსელებისგან გვჩვევია, Pixel 6-ც და Pixel 6 Pro-ც Android 12-ზე იმუშავებენ. Google გვპირდება, რომ ორივე სმარტფონი უსაფრთხოების განახლებებს 5 წლის განმავლობაში მიიღებს, სისტემურად კი სმარტფონები 3 წლის განმავლობაში განახლდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი Android 16-საც მიიღებენ. ხანგრძლივი განახლებები, სავარაუდოდ Google-ის ახალი პროცესორის, Tensor-ის დამსახურებაა. ასეთი ხანგრძლივი განახლებები Pixel-ების არსებობის ისტორიაში პირველად იქნება, რაც Google-ს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. თუმცა, iPhone-ები სისტემურ განახლებებს ხუთი წლის განმავლობაში იღებენ, რაც ჯერ კიდევ უკეთესი მაჩვენებელია.
Google-ს რეალურად სურს დაგვანახოს, რომ Pixel 6 და Pixel 6 Pro მათთვის მნიშვნელოვანი სმარტფონებია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ Pixel 5-ის წარუმატებლობისა და იმედგაცრუების შემდეგ, ეს Pixel-ების ხაზის ბოლო იმედია. თუ გავითვალისწინებთ ამ ფლაგმანების შესაძლებლობებს და ფასს, გუგლს ეს წესით უნდა გამოუვიდეს.
კომენტარები