მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ამოგვდის სიბრძნის კბილი ზრდასრულ ასაკში
ჩვენ, ადამიანებს, გვიყვარს დროის "გაწელვა", როდესაც საქმე ზრდას ეხება. ამ მხრივ ყველაზე მეტად შიმპანზეები გვგვანან.
თუმცა, ჩვენ მაინც ვლიდერობთ. მხოლოდ ჰომო საპიენსია ის არსება, რომელსაც თინეიჯერის ასაკშიც კი არ აქვს ბოლო კბილები ამოსული. მიხვდებოდით, საუბარი გვაქვს სიბრძნის კბილზე, რომლის ასე დაგვიანებით ამოსვლის საიდუმლოს ამოხსნა ყოველთვის გარკვეულ სირთულესთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ახლა აშშ-ის არიზონას უნივერსიტეტის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნეს.
"ადამიანის ბიოლოგიური განვითარების ერთ-ერთი საიდუმლო ისაა, თუ როგორ მოხდა სიბრძნის კბილების სინქრონიზაცია ჩვენი არსებობის განმავლობაში და როგორ ვითარდება ის", — ამბობს ანთროპოლოგი და წამყვანი ავტორი ჰალშკა გლოვოცკა.
ამის დასადგენად გლოვოცკამ არიზონას უნივერსიტეტის ადამიანის წარმოშობის ინსტიტუტის პალეოანთროპოლოგის, გარი შვარცის დახმარებით სხვადასხვა თავის ქალის ნიმუში შეაგროვა, რათა მათი განვითარების სრული ხაზი ენახა და მონაცემები გაეანალიზებინა.
მათ 21 სახეობის პრიმატის ძვლებისა და კბილების 3D მოდელები შეიმუშავეს, რის მიხედვითაც შეძლეს, გაერკვიათ, რომ კბილების ზრდა დაკავშირებულია თავის ქალაში ბიომექანიკის დელიკატურ ბალანსთან. სხვა პრიმატებს სიბრძნის კბილები უფრო ადრე ამოსდით. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზღუდავს კბილების ამოსვლის პროცესს არის საჭირო სივრცე. თუ ყბა არ არის საკმარისი ზომის რათა იქ კბილმა ამოჭრას, ბუნებრივია ეს ასე არ მოხდება. თუმცა, კბილების ზრდისთვის მხოლოდ ცარიელი სივრცე საკმარისი არ არის. არსებობს მრავალი კუნთი და ძვალი, რომელიც კბილების ამოსვლისთვისაა საჭირო. და როგორც აღმოჩნდა, ეს "უსაფრთხოებაა", რომელიც ჩვენი კბილების ნელი ზრდის პროცესის უკან დგას.
"ჩვენი ყბები ძალიან ნელა იზრდება და ყალიბდება, სავარაუდოდ, ეს ჩვენი ცხოვრების სტილის და ევოლუციის შედეგია. შესაბამისად, ყბების სრულად უსაფრთხოდ ჩამოყალიბების პროცესიც შედარებით იგვიანებს. ეს პირდაპირ დაკავშირებულია სიბრძნის კბილების მოგვიანებით ამოსვლასთან", — ამბობს შვარცი.
ბიომექანიკაში, ეს პროცესი იმართება პრინციპებით, რასაც ჰქვია შეზღუდული დონის მოდელი. განათავსეთ კბილი არასწორ ადგილას და ამ მოდელის ქვეშ წარმოქმნილი ძალები შეიძლება ძალიან ცუდი შედეგის მომცემი იყოს ყბისთის, რომელიც უბრალოდ არ არის საკმარისად დიდი. უფრო გრძელი ყბების მქონე სახეობებში, თავის ქალის სრულყოფილი განვითარებისთვის გაცილებით ნაკლები დროა საჭირო.
ჩვენს შემთხვევაში კი თავის ქალის საჭირო დონემდე განვითარება უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს – შესაბამისად სიბრძნის კბილების ამოსვლაც გვიანდება.
ეს მხოლოდ სტომატოლოგიური დაავადებების შეფასების ახალ გზას არ გვთავაზობს, როგორიცაა დაზიანებული სიბრძნის კბილები, არამედ, ახლა მეცნიერებს ჰომინიდების უნიკალური ყბების ევოლუციის უკეთ შესწავლა შეეძლებათ.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები