კარტოგრაფი ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გარკვეულწილად პოლიტიკურია, რადგან საქმის დაწყება და განახლება წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. კატროგრაფების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს განახლდა.

"წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, როდესაც მაშინ დაგვიჭირეს, დაგვაკავეს, საქმე რომ აღიძრა და ა.შ. და ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია, შესაბამისად მაქვს საფუძველი ფიქრისა, რომ ასე ვთქვათ, გარკვეულწილად საქმე პოლიტიკურია", — თქვა ივერი მელაშვილმა.

შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილიც.

"ამ საქმეს ყველამ იცის უკვე, მთელმა საზოგადოებამ, რომ არ აკლია პოლიტიკური შემადგენელი. რაც გულისხმობს იმას, რომ ამ საქმის წამოწევა, დაწყება უკავშირდება არჩევნებს და დღესაც ფაქტია, ემთხვევა, მეორე ტურების წინარე პერიოდს. შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლება, ცდილობს ამ საქმეზე გარკვეული ფსონების დადებას წინასაარჩევნო პერიოდში", — თქვა ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ კარტოგრაფების საქმის სხდომას მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება. მარიკაშვილის განცხადებით, სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს, მოსამართლის ცვლილებასთან ერთდ განხილვა დაიწყოს ახლიდან.

"ამ ეტაპამდე, არსებითი განხილვის ნაწილში, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს აქვს ნათქვამი შესაბამისი სიტყვა და რამდენიმე მოწმე არის გამოკითხული კარტოგრაფების საქმეზე და შესაბამისად, მინიმუმ ამ მოწმეების გამოკითხვა არის აუცილებელი, ეს არის ვალდებულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის", — ამბობს მელაშვილის ადვოკატი.

კარტოგრაფების საქმე

2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

28 იანვარს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.