არაბთა გაერთიანებული საამიროები ასტეროიდზე ზონდის გაშვებას გეგმავს
არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელში შემავალ ერთ-ერთ ობიექტზე ზონდის გაშვებას გეგმავს. ქვეყნის ამბიციური კოსმოსური მისიის მიზანი ჩვენი მზის სისტემის ფორმირების შესახებ მეტი მონაცემის მოპოვებაა.
ასტეროიდზე წარმატებით დაშვების შემთხვევაში, დასავლეთ აზიაში მდებარე, ნავთობით მდიდარი ეს სახელმწიფო ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის შემდეგ გახდება მეოთხე, რომელმაც ეს შეძლო.
პროექტი ასტეროიდზე კოსმოსური აპარატის 2028 წელს გაგზავნას ითვალისწინებს. ის დანიშნულების ადგილამდე 2033 წელს მიაღწევს და ასტრონომიული სხეულის ზედაპირზე განთავსდება, რათა ის შეისწავლოს. ხომალდი საერთო ჯამში 3.6 მილიარდ კილომეტრ მანძილს დაფარავს და აჩქარებისთვის დედამიწისა და ვენერას მიზიდულობის ძალას გამოიყენებს.
NASA-ს ცნობით, ჩვენს მზის სისტემაში დაახლოებით 1.1 მილიონი ასტეროიდი მოძრაობს, რომლებიც მისი წარმოქმნის პროცესიდან არიან შემორჩენილები და ამ პერიოდის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავენ. მათი დიდი ნაწილი წითელ პლანეტასა და აირის გიგანტ იუპიტერს შორის გადაადგილდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების სამიზნე სწორედ ერთ-ერთი ასეთი ობიექტია.
მისიის განსახორციელებლად ქვეყანა აშშ-ის კოლორადოს უნივერსიტეტის კუთვნილ, ატმოსფერული და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიასთან თანამშრომლობას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, ასტრონომიული სხეულის კონკრეტულად რა მახასიათებლებზე გამახვილდება ყურადღება. შესათანხმებელია ისიც, თუ რომელი სამეცნიერო ხელსაწყოებით აღიჭურვება ხომალდი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის მიერ კოსმოსში გაშვებული აპარატი Hope მარსის ორბიტაზე განთავსდა. მხოლოდ მისი აწყობა და გაგზავნა სახელმწიფოს 200 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული მისია, სერიოზული გამოწვევებიდან გამომდინარე, უფრო ძვირადღირებული იქნება.
კომენტარები