ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატთა ვინაობა უკვე ცნობილია
იაპონიაში დაბადებულმა სიუკურო მანაბემ, გერმანელმა კლაუს ჰასელმანმა და იტალიელმა ჯორჯო პარისმა სამშაბათს 2021 წლის ნობელის პრიზი მოიგეს. მათი ნაშრომი კომპლექსური ფიზიკური სისტემების, ასევე დედამიწის ცვალებადი კლიმატის გაგებას ემსახურება.
პრიზის ნახევარს — 1,15 მილიონ ამერიკულ დოლარს — მანაბე (იგი 90 წლისაა) და ჰასელმანი თანაბრად გაინაწილებენ, რადგანაც დედამიწის კლიმატის მოდელი შექმნეს და გლობალური დათბობის სარწმუნო პროგნოზი შემოგვთავაზეს.
მეორე ნახევარი კი პარისს გადაეცემა, რადგან მან აირებსა და სითხეებში არსებული, ერთი შეხედვით, შემთხვევითი მოძრაობებისა მიღმა "დაფარული კანონზომიერებები" აღმოაჩინა.
"კომპლექსურ სისტემებს შემთხვევითობა, უწესრიგობა ახასიათებს და რთული გასაგებია", — განაცხადა შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ — "წლევანდელი საპრიზო ნაშრომი ახალ მეთოდებს მოიცავს, რომელთა საშუალებითაც სისტემების აღწერა და ხანგრძლივი ქცევის პროგნოზირება შეიძლება".
მანაბე ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში, შეერთებულ შტატებში იმყოფება, ჰასელმენი — გერმანიაში, მაქს პლანკის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, ხოლო პარისი კი რომის საპიენცის უნივერსიტეტში გახლავთ.
ფიზიკის პრიზი უკვე მეორეა, რომელიც ამ კვირაში გამოცხადდა. პირველი ჯილდო ორშაბათს, დევიდ ჯულიუსმა და არდემ პატაპუტტიანმა დაიმსახურეს მედიცინის დარგში. მათ კანში რეცეპტორები აღმოაჩინეს, რომლებითაც ტემპერატურასა და შეხებას შევიგრძნობთ.
ასევე იხილეთ: ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატთა ვინაობა ცნობილია.
ნობელის პრიზები შვედი ბიზნესმენისა და დინამიტის გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სურვილით შეიქმნა და 1901 წლიდან გაიცემა, მცირე დაბრკოლებებს თუ არ ჩავთვლით (რომლებიც ძირითადად მსოფლიო ომებს უკავშირდებოდა).
როგორც შარშან, საზეიმო ცერემონია სტოკჰოლმში პანდემიის გამო წელსაც არ ჩატარდება. ლაურეატები მედლებსა და დიპლომებს თავიანთ ქვეყნებში მიიღებენ.
მომდევნო დღეებში ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობისა და ეკონომიკის დარგთა გამარჯვებულებიც გამოცხადდებიან.
სხვა საპრიზო კატეგორიებს შორის, როგორც წესი, ფიზიკა ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს ხოლმე, ჯილდო კი ისეთ ნაშრომებს გადაეცემა, რომელთაც სამყაროს ჩვენეულ გაგებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრინდელ გამარჯვებულთა შორის ალბერტ აინშტაინს, ასევე პიერ კიურისა და მარია სკლოდოვსკა-კიურის წყვილსაც შეხვდებით.
წინა წელს ფიზიკის პრიზი მეცნიერებმა როჯერ პენროუზმა, ანდრეა გეზმა და რაინჰარდ გენცელმა მიიღეს. მათი აღმოჩენები შავ ხვრელებს ეხებოდა.
კომენტარები