არჩევნების წინა პერიოდი ყოველთვის დაძაბულია — ეს ვიცით მედიაში მომუშავე ადამიანებმაც და იმათაც, ვინც უბრალოდ ფეისბუქს სქროლავს. როგორც წესი, დაძაბულობა კულმინაციას არჩევნების წინა დღეებში აღწევს ხოლმე და სწორედ ამ დროს ველით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაჟონვას, ძალადობას მარნეულში და ურთიერთშეურაცხყოფების კორიანტელს. თუმცა რა ძალიან მომზადებულიც არ უნდა შეხვედროდით არჩევნების წინა დღეს, შეუძლებელია, 2021 წლის პირველ ოქტომბერს თქვენი მოლოდინებისთვის არ გადაეჭარბებინა. ერთ დღეში მოხდა ყველაფერი ის, რისთვისაც ადამიანები სერიალებს ვუყურებთ ხოლმე. ჟანრიც მუდმივად იცვლებოდა: ჯერ კომედიით დაიწყო, მერე სატირით გაგრძელდა, მერე დრამაში გადაიზარდა და ბოლოს მელოდრამით დასრულდა. თუმცა, ამ სტატიის დაწერის მომენტში 11 საათია და კიდევ ერთი საათი გვაქვს ქვეყანას იმისთვის, რომ ახალი სანახაობა მოვიფიქროთ. თუ ერთი წამით დავივიწყებთ, რომ "ყველაფერი რასაც ვხედავთ, ჩვენი სახლი, ჩვენი სამშობლოა" — შეიძლება გავერთოთ კიდეც.

მაშ ასე:

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დილა მშვიდობისა გვისურვა. ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ეს დღე ეგეთი მშვიდობიანიც არ იქნებოდა, როგორიც მას წარმოედგინა.

"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", — წერდა ის. On.ge დაუკავშირდა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ დეტალები არ იციან.

ამის შემდეგ ექსპრეზიდენტმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. ვიდეო იმდენად დაბურული იყო, რომ ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ახალი, ასევე სმარტფონების ტექნოლოგიის გარიჟრაჟზე გადაღებული.

ყავაზე მკითხაობასავითაა, ჩამოვა თუ არ ჩამოვა — ასეთი პოლიტიკური ანალიზი შემოგვთავაზა გიორგი ვაშაძემ.

ამ დროისთვის შსს-ც დაფაცურდა, რაღაცებს ჩახედეს, სადღაც გადარეკეს-გადმორეკეს და გვითხრეს, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

პარალელურად ნაციონალური მოძრაობის წევრები "ყველაფერს ჩამოდიოდნენ" იმაზე, რომ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია და ამას წყალი არ გაუვა.

ამ მომენტიდან სააკაშვილი შრედინგერის კატასავით თან იყო საქართველოში და თან — არა. ყველაფერი რწმენის საკითხი გახდა, რადგან არგუმენტებით მაინცდამაინც არც ერთი მხარე არ გვანებივრებდა.

არ მგონია, ჰქონდეს იმისი გამბედაობა, რომ მართლა ჩამოვიდეს — თქვა მეზვრიშვილმა სააკაშვილზე.

პარალელურად კობახიძემ გადაწყვიტა, რომ სფეროს სპეციალისტებთან ერთად ვიდეო კარგად შეესწავლა და თავისი ფიქრის პროცესი გაგვიზიარა, რათა მომავალში ჩვენც მარტივად ამოვიცნოთ ყალბი ვიდეოები. თავიდან DeepFake გვეგონა, თუმცა ბევრად უფრო მარტივი ტექნოლოგია აღმოჩნდა — თქვა მან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კობახიძე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ გვაფრთხილებს. 2020 წლის 26 ოქტომბერს მან თქვა, რომ რადიკალური ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებდა.

კობახიძეს დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე კუჭავაც, რომელმაც თქვა, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ და მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო "ფეიქია".

მდინარაძემ გვითხრა, რომ კონკრეტული ინფორმაცია აქვს, რომ სააკაშვილი უკრაინიდან არსად არ გასულა, ხოლო კახაძემ თქვა, რომ თუ მისი მეგობრები ისე მღერიან იტალიურ სიმღერას, რომ ნამდვილისგან ვერ გაარჩევ, ესე იგი, თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია.

"რაც შეიძლება მეტი HA HA", — ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმაზე, რომ საქართველოშია.

ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო — აღშფოთდა ანა დოლიძე, თუმცა ამ დროისთვის უკვე ყველა შემდეგ თემაზე იყო გადართული, რადგან სააკაშვილის საქართველოში "არყოფნით" "აღადავებულმა" მდინარაძემ თქვა, რომ სააკაშვილი იმყოფება უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში და "ტრუს-კავეცი" სიმბოლურია.

პოლიტიკოსად გარდასახულმა ვიქტორ სანიკიძემ სულ სხვა პრობლემა დაინახა მიმდინარე მოვლენებში და სააკაშვილს პუნქტუალურობა დაუწუნა. ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს, დღეს გვეუბნება, რომ ბათუმშია, ე.ი. მოატყუა ამომრჩეველი — თქვა სანიკიძემ სააკაშვილზე. მართალია, არავის არ გვიყვარს, როცა ვიღაც შეთანხმებულ ვადაზე ადრე გვადგება თავზე.

სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე თავის მხრივ ცალკე ღელავდა იაგო ხვიჩია, რომელმაც 7 სექტემბერს თქვა, რომ სააკაშვილს ელექტროპორშეთი დახვდებოდა და პარლამენტში მიიყვანდა.

ამის შემდეგ იყო ისევ ვიდეოს ავთენტურობის ანალიზი, კალაძის ცინიკური განცხადებები და ბოლოს ღარიბაშვილის ბრიფინგი, სადაც მან განაცხადა, რომ ადამიანი, ვის საქართველოში არყოფნის დამტკიცებასაც დღეს მთავრობის მთელი რესურსი მოხმარდა, ნამდვილად საქართველოშია და უკვე დაიჭირეს.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებას სააკაშვილის დაკავება აცნობა, ღარიბაშვილმა სამთავრობო ტრიბუნიდან ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და მას ბიძინაობა, ასევე, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან 9 წლისთავი მიულოცა.

ყველამ უნდა ვიპოვოთ ერთი ადამიანი, ვისაც ისე ვეყვარებით, რომ ჩვენი სახელობის დღეს პოლიტპატიმარს გვაჩუქებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არავინ არ ყოფილა ისე გულწრფელად ბედნიერი, როგორიც სააკაშვილი დაკავებისას.

ფოტო: კადრი ვიდეოდან

ექსპრეზიდენტის დაკავებიდან ცოტა ხანში უკრაინის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" წევრმა 30 წლის ლიზა იასკომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის და მიხეილ სააკაშვილი ძალიან შეყვარებულები ჩანან. "მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს" — ამბობს ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი.

ყველაზე ბოლო ამბები კი ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, თვითონ სააკაშვილმა კი ციხეში შიმშილობა დაიწყო.

ჯერჯერობით სულ ესაა. თქვენ რას შვრებით, როგორ ხართ?