Russell 2 000 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნველოვანი ინდექსია, რომელიც შედარებით მცირე ზომის კომპანიებს აერთიანებს. მისი დაკვირვების არეალში ისეთი ფირმები არიან, რომლებსაც გიგანტ კომპანიებთან შედარებით მცირე საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ.

ეს ინდექსი სხვა მაჩვენებლებისგან საკმაოდ განსხვავდება — აქ იგულისხმება როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებებიც. ვიდრე ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, Russell 2 000-ის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და მასში ინვესტირების პერსპექტივებზე მოგიყვებით.

რა არის Russell 2 000-ის ინდექსი?

ფოტო: Yan Krukov / Pexels

არსებობს Russell-ის ინდექსი, რომელშიც 3 000 კომპანია ერთიანდება. ის ორ ნაწილად იყოფა: Russell 1 000 და Russell 2 000. პირველ ინდექსში მსხვილი კომპანიები შედიან, ხოლო მეორეში — შედარებით მცირე კაპიტალიზაციის ფირმები. Russell 2 000-ის ყველაზე დიდი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 32 მილიარდი დოლარია, ხოლო მცირე კომპანიების ზომა 200 მილიონის ფარგლებში მერყეობს.

ეს ინდექსი მასში შემავალი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით არის შეწონილი. ფირმა, რომელიც შედარებით დიდია ინდექსის ზრდასა და კლებაზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე კომპანია, რომლის ზომაც მცირეა. ეს ინდექსების უმრავლესობის გაანგარიშების ძირითადი მეთოდოლოგიაა და მისი მუშაობის მექანიზმი მაჩვენებლის მაქსიმალური სიზუსტისთვის არის შექმნილი.

Russell 2 000-ის ფორმირებაზე ძირითად გავლენას ეს კომპანიები ახდენენ: Plug Power, Novavax, Penn National Gaming, Caesars Entertainment, Sunrun და სხვები. ისინი არც ძალიან მცირე, მაგრამ არც გიგანტი კომპანიები არიან — Russell 2 000-ის ინდექსი სხვა მაჩვენებლებისგან სწორედ ამით განსხვავდება.

როგორ ჩავდოთ ფული Russell 2 000-ის ინდექსში?

ფოტო: RODNAE Productions / Pexels

ინდექსებში ფულის დაბანდება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ინვესტირების ამ გზას განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც ადამიანებს საკუთარი პორტფელების სამართავად ნაკლები დრო და გამოცდილება აქვთ.

Russell 2 000-ის ინდექსში ფულის დაბანდებისთვის მასში შემავალი ყველა კომპანიის შეძენა არ არის საჭირო. ამისთვის ურთიერთდახმარების, ან გაცვლითი სავაჭრო ფონდის გამოყენებაც საკმარისია, რომელიც ამ ინდექსს აკვირდება. კარგი იქნება, აქ Vanguard Russell 2000-ის გაცვლითი სავაჭრო ფონდის მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც ინდექსში შემავალ ყველა აქციაში მათი წონების შესაბამისად ახდენს ინვესტირებას.

რა განასხვავებს Russell 2 000-სს სხვა ინდექსებისგან?

ფოტო: Mikael Blomkvist / Pexels

ბაზარზე არაერთ ინდექსს შეხვდებით. ყველა მათგანს საკუთარი ნიშა აქვს და თითოეული ინდექსი აქცენტს აქციების სხვადასხვა ტიპზე აკეთებს. სტატიის ამ ნაწილში სხვა ინდექსების შესახებ მოგიყვებით, რაც მათსა და Russell 2 000-სს შორის განსხვავებასაც გვაჩვენებს.

  • დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი — ვისაც საფონდო ბირჟასთან ჩაუვლია, ამ ინდექსის ფასი ყველამ კარგად იცის. 125-წლიანი ისტორიის მქონე ინდექსში 30 უმსხვილესი კომპანია შედის. ეს მაჩვენებელი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი ფირმები აქციების ფასების მიხედვით იწონება — იმ კომპანიის აქცია, რომელიც უფრო ძვირად ფასობს, ინდექსის ცვლილებაზე მეტად მოქმედებს;
  • S&P 500 — ამ ინდექსში აშშ-ს 500 მსხვილი კომპანია შედის. აქ საუბარი არ არის ტოპ-500 კომპანიაზე, თუმცა თითოეული მათგანის ზომა საკმაოდ დიდია;
  • S&P MidCap 400 — აქ ამერიკის შეერთებული შტატების 400 კომპანია შედის, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 2,4 მლრდ დოლარიდან 8,2 მლრდ დოლარამდე მერყეობს;
  • S&P SmallCap 600 — ეს ინდექსი 600 კომპანიას აერთიანებს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 600 მლნ დოლარიდან 2,4 მლრდ დოლარამდე მერყეობს;
  • Nasdaq Composite — Nasdaq-ის დასახელებას ფინანსურ სამყაროში ორი რამ უკავშირდება: საფონდო ბირჟა, სადაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ და მისი სახელობის ინდექსი, რომელიც 2500-მდე აქციას აერთიანებს;
  • Nasdaq 100 — Nasdaq 100 არაფინანსური კომპანიების 100 უმსხვილეს წარმომადგენელს აერთიანებს. აქ შემავალი კომპანიების აქციები ძირითადი ინდექსის 90%-ს შეადგენენ. შესაძლებელია ითქვას, რომ სწორედ ეს კომპანიები ქმნიან Nasdaq-ის ძირითად ბირთვს.

არსებობს რამდენიმე დეტალი, რაც Russell-სა და ზემოთ ჩამოთვლილ ინდექსებს განასხვავებთ. აქ უნდა აღინიშნოს კომპანიების ზომა — Russell 2 000-ში შედარებით მცირე ზომის ფირმები ერთიანდებიან, რის გამოც ისინი შედარებით არასტაბილურები არიან. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ Russell მეტად დრამატულ ცვლილებებს განიცდის, ვიდრე მძიმე წონიანი ინდექსები.

Russell-ში შემავალ კომპანიებს ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ. თუ შენმა ფირმამ ყველა მწვერვალი უკვე დაიპყრო, სამომავლოდ მისი მაღალი ტემპებით გაზრდა გაჭირდება. ამის საპირისპიროდ კი, შედარებით მცირე კომპანიის მაღალი ტემპებით გაზრდა გაცილებით რეალურია. ბუნებრივია, კომპანიას უნდა გააჩნდეს განვითარების სტრატეგია და მის საქმიანობაში პოტენციალი უნდა იკითხებოდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Russell-ის უპირატესობებს შორის დივერსიფიკაციაც ითვლება. ეს ინდექსი, სხვა მსგავს მაჩვენებლებთან შედარებით მეტად დივერსიფიცირებულია. იმის გამო, რომ მასში 2 000 სხვადასხვა ზომის კომპანია შედის, ის არ არის დამოკიდებული რამდენიმე გიგანტი ფირმის ზრდასა და კლებაზე.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.