საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რიტორიკას და პათოსს დააკვირდებიან და შესაძლოა, მერე მრევლს უთხრან, "რა გააკეთოს არჩევნებზე". ამის შესახებ მან საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებაში ისაუბრა.

"ტელევიზიები არიან ძალიან მონდომებული, რომ პოლიტიკაში როგორღაც ჩართონ ეკლესია და, უბრალოდ, ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას, მათ ვუსვამთ კიდევ ერთხელ საკითხს — ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ილაპარაკოს ყველაფერი და წინასაარჩევნოდ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, თქვენ შესახებ რასაც ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელი არის, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე", — აცხადებს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ეკლესიის ირგვლივ მუდმივად ტრიალებს საკითხი, ერევა ის არჩევნებსა და პოლიტიკაში თუ არა, ასევე, ცდილობენ ეკლესია ჩამოაშორონ რომელიმე მხარეს, "მაშინ, როცა ეკლესია მუდმივად გაერთიანებაზე ზრუნავს".

"თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ასეთი ცილისწამება იქნება, შეიძლება შეკითხვა დავსვათ — მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? და მართლა გინდათ, რომ ჩვენ ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპარაკოთ, რომ ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა რომელი ტელევიზია თუ პოლიტიკური დაჯგუფება, ამის მიხედვით მოვუწოდოთ მრევლს, რომ იმსჯელონ? თუ ეს დღის წესრიგში დგას მათთან, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთებაც და იქნებ ამაზეც იფიქრონ. წინასაარჩევნოდ რომ ხდება ეს ამბები, მე მგონი, რომ ესეც მინიშნება არის იმაზე, რომ ვიღაცა ცდილობს ეკლესიის ჩართვას საარჩევნო პროცესში. მე მგონი, ვინც ასეთი სახით, ეკლესიის დისკრედიტაციის კუთხით ცდილობს, რომ ეს წარმოაჩინოს, თავის თავს ვნებს ძალიან. რამდენად არის ეს მათთვის გონივრული გადაწყვეტილება, ეს ცალკე საკითხია კიდევ", — განაცხადა მან.

გადაცემაში საუბრისას ჯაღმაიძე აქტიურად აკრიტიკებდა მედიას გავრცელებული ფაილების გაშუქების გამო.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: