ერთი წლის წინ მსოფლიო ნეტფლიქსის ახალმა მინისერიალმა — ლაზიერის გამბიტმა (The Queen's Gambit) აალაპარაკა. სერიალი ახალგაზრდა მოჭადრაკე ბეტ ჰარმონზე გვიყვება, რომელიც კაცებით დომინირებულ ჭადრაკის სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ლაზიერის გამბიტით სერიალის მოყვარულები საქართველოში განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რადგან ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში ქართული ჭადრაკის ლეგენდა — ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები.

ფოტო: Netflix

ამ დეტალს მაყურებელთა კრიტიკა მალევე მოჰყვა, რადგან ყველამ, ვისაც კი ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სმენია, სერიალში გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია მაშინვე შენიშნა. სერიალის ბოლო ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესამება.

"ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა, ის ერთადერთიც არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ იგი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს".

Netflix-ის ახალ, პოპულარულ სერიალში ნონა გაფრინდაშვილზე ილაპარაკეს

სერიალის გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა მოჭადრაკემ სტრიმინგ კომპანია ნეტფლიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში წამოიწყო. გაფრინდაშვილი ნეტფლიქსისგან $5 მილიონს ითხოვს.

რა წერია სარჩელში?

ქართველი მოჭადრაკის სარჩელში კაცების წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული ასპარეზობა დეტალურადაა განხილული. სარჩელში ვკითხულობთ, რომ გაფრინდაშვილი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა კი მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს.

დიდი ბრიტანეთი, 1965 წელი. ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად 28 კაც მოჭადრაკეს მარტო ერკინება.

ფოტო: Woods/Daily Express/Hulton Archive/Getty Image

"უტიფრად და გამიზნულად მოიტყუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე, რათა სიუჟეტი იაფფასიანი და ცინიკური მიზნით გაედრამატულებინა, გამოგონილი გმირი კი ისე წარმოეჩინა, თითქოს მისი ნამოქმედარი არცერთ ქალს, მათ შორის არც გაფრინდაშვილს, არ განუხორციელებია. ამბავში, რომელსაც ახალგაზრდა ქალები კაცებთან მოპაექრე და უმაღლეს საჭადრაკო ტურნირებზე მოთამაშე ახალგაზრდა ქალით უნდა შთაეგონებინა, ნეტფლიქსმა დაამცირა ნამდვილი ქალი სენსაცია, რომელიც იმავე პერიოდში, მსოფლიო ასპარეზზე კაც მოთამაშეებს ხვდებოდა და ამარცხებდა კიდეც", — ვკითხულობთ 25-გვერდიან სარჩელში.

სარჩელში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სერიალში ნონა გაფრინდაშვილი არასწორადაა რუსად მოხსენიებული მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო — საქართველო დღემდე რუსეთის აგრესიის მსხვერპლია.

სარჩელში მითითებულია, რომ ნეტფლიქსი ბოროტი განზრახვით მოქმედებდა. ამის დასადასტურებლად მოყვანილია განსხვავება უოლტერ ტევისის რომანსა და მის მიხედვით გადაღებულ სერიალს შორის.

"არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ამ შეჯიბრების დონეს არ აკმაყოფილებდა, თუმცა ამ რუსი დიდოსტატებიდან აქამდე ყველას მრავალჯერ შეხვედრია", — ვკითხულობთ წიგნში.

სარჩელში ნეტფლიქსის ბოროტი განზრახვის არსებობის დასადასტურებლად ისიცაა მითითებული, რომ სერიალს კონსულტაციას ცნობილი მოჭადრაკეები — გარი კასპაროვი და ბრიუს პანდოლფინი უწევდნენ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნეტფლიქსმა ან შესაბამისი კონსულტაცია ვერ მიიღო, ან უარესი — იცოდა, რომ ნონას შესახებ განცხადება მცდარი იყო, მაგრამ სერიალიდან არ ამოუღია.

On.ge-ის სერიალების ჯგუფში ერთი სერიაც და... სერიალის მოყვარულები ლაზიერის გამბიტს ხშირად განიხილავენ. მათ, რა თქმა უნდა, არც ნონა გაფრინდაშვილსა და ნეტფლიქსს შორის წამოწყებული დავა გამორჩენიათ. ჯგუფის იურისტმა წევრებმა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი ანალიზი შემოგვთავაზეს.

სერიალების მოყვარულებს შორის ორი პოზიცია გამოიკვეთა. ერთი მხარე თვლის, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, კონკრეტული სამართლებრივი წინაპირობები დაკმაყოფილებულია და ქართველ მოჭადრაკეს გამარჯვების შანსი აქვს. მეორე მხარის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ნონა გაფრინდაშვილის საწინააღმდეგოდ მიიღებს.

რატომ აქვს მოგების შანსი?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ნუცუბიძე თვლის, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის დასაკმაყოფილებლად არსებული წინაპირობები სახეზეა.

მარიამის თქმით, მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნებს ამყარებს ე.წ. არასწორ გაშუქებასა (False Light) და დეფამაციის (ცილისწამება, ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რომელიც ზიანს აყენებს მას) არსებობაზე. კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით არასწორი გაშუქება გვექნება სახეზე იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი სამი წინაპირობა: გამოქვეყნება ან გაშუქება მცდარი განცხადებისა ან ფაქტისა, რაც საზოგადოებას უქმნის არასწორ შთაბეჭდილებას; ქმედების მიმართ განზრახვის არსებობა და მესამე — ქმედების შეურაცხმყოფელი ხასიათი. დეფამაციის არსებობისთვის კი დამატებით "რეპუტაციული ზიანის" დამტკიცებაცაა საჭირო.

ფოტო: Hans Peters / Anefo / Wikimedia Commons

მარიამმა თავის პოსტში თითოეული წინაპირობა მიმოიხილა. მისი თქმით, სარჩელში უდიდესი ადგილი სწორედ იმის მტკიცებას ეთმობა, რომ ნონა გაფრინდაშვილის კარიერულ მიღწევებთან დაკავშირებით გაჟღერებული ფაქტი აშკარად არასწორია და ამასთანავე ამგვარადვე აღიქმება ე.წ. "ობიექტური დამკვირვებლის" გადმოსახედიდან. მარიამი აღნიშნავს, რომ ამერიკული სასამართლო საკითხს ობიექტური დამკვირვებლის გადმოსახედიდან უდგება — ანუ მთავარია, როგორ აღიქვა კონკრეტული განცხადება ობიექტურმა დამკვირვებელმა და არა ის, თუ რა იგულისხმა განმცხადებელმა.

მეორე წინაპირობასთან დაკავშირებით მარიამი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მტკიცებით, სცენარისტების მიერ რომანში კონკრეტული ფრაზა მიზანმიმართულადაა შეცვლილი. ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ სერიალში კონსულტანტებად ცნობილი მოჭადრაკეები მოიწვიეს, შეცდომის "შემთხვევითობა" გამორიცხული იყო.

რაც შეეხება მესამე წინაპირობას — ქმედების შეურაცხმყოფელ ხასიათს, სარჩელში განხილულია ის ბარიერები, რომლებიც ნონა გაფრინდაშვილმა გადალახა. მითითებულია, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ნონას წარმატებებს სხვა ქალი მოთამაშეებისთვის, რომლებიც სწორედ ნონას მაგალითით ხელმძღვანელობდნენ.

"ნათელია ის უდიდესი მნიშვნელობა, რაც გარემოებებისა და მოცემულობების გათვალისწინებით, სტერეოტიპული შეხედულებების მხედველობაში მიღებით, ნონა გაფრინდაშვილის მამაკაცებთან დაპირისპირებას ჰქონდა და სავსებით ლოგიკურია, რომ ამ ყოველივეზე ხაზის გადასმა მისთვის წარმოადგენს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ქმედებას", — ამბობს მარიამი.

სარჩელში მითითებული გარემოებების განხილვის გარდა, მარიამმა საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც გაგვიმხილა.

"მხატვრული გამოხატვა არ არის აბსოლუტური და იმთავითვე უპირატესი უფლება. შესაბამისად, ნებისმიერ ჯერზე, როდესაც სახეზე იქნება მხატვრული გამოხატვის მოტივით სხვა ადამიანის უფლებებში ჩარევა, აუცილებელია ჩარევა იყოს გამართლებული", — ამბობს მარიამი.

მარიამის თქმით, ჩარევის გამართლების შემოწმება განსხვავებულია სხვადასხვა სამართლის სისტემის მიხედვით და ევროპული თუ ამერიკული სასამართლოები იყენებენ განსხვავებულ ტესტებს, თუმცა ნებისმიერ ჯერზე აუცილებელია იმის გაანალიზება, ეხება თუ არა საქმე საჯარო პირს. მარიამი არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ საჯარო პირის მიმართ ფაქტების არასწორი გაშუქების შემთხვევაში მხატვრული გამოხატვის უფლება არის გარკვეულწილად აბსოლუტური ხასიათის და აღარ საჭიროებს სასამართლოს მიერ იმის შემოწმებას, თუ რამდენად პროპორციული და თანაზომიერი იყო უფლებაში ჩარევა. მისი თქმით, ამგვარი მოცემულობა რომ იყოს სახეზე, სასამართლოები არსებითად არც განიხილავდნენ მსგავსი კატეგორიის საქმეებს.

"რაც შეეხება ნონა გაფრინდაშვილის ქეისს, ვფიქრობ, რომ საქმე ძალიან სპეციფიკური და განსხვავებულია ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში. კერძოდ, მივიჩნევ, რომ არ არსებობდა აუცილებლობა იმ სერიალში, რომელიც მთლიანად გამოგონილ პერსონაჟებზეა აგებული, რეალური ადამიანის ხსენებისა თუ მისი ისტორიული მიღწევების დამახინჯების და კონკრეტული მიზნის მიღწევა შეეძლოთ სადავო მომენტში ასევე ფიქციური პერსონაჟის შემოყვანის გზით. თუმცა, კომპანიამ მიზანმიმართულად გადაწყვიტა, რეალური ქალის ისტორიული მიღწევების დაკნინების გზით კონკრეტული პერსონაჟის რეპუტაციის ამაღლება, რაც გარემოებების გათვალისწინებით, იყო აბსოლუტურად თვითმიზნური და გაუმართლებელი", — ამბობს მარიამი.

რატომ არ აქვს მოგების შანსი?

მარიამის პოსტს ჯგუფში სერიალების მოყვარული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსელი ლუკა ხვარეშია გამოეხმაურა, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს.

ლუკა მარიამს მოთხივნის წინაპირობების არსებობაში ეთანხმება, თუმცა თვლის, რომ აღნიშნულ კრიტერიუმებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე მხატვრულ ნაწარმოებს ეხება. ლუკას თქმით, სარჩელი ევროპულ სასამართლოში განხილვის შემთხვევაში უფრო პერსპექტიული იქნებოდა, რადგანაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაიცია და თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფოს კონსტიტუცია განამტკიცებს ღირსების უფლებას, როგორც აბსოლიტურს და მასში ყველა სახის ჩარევა გაუმართლებელია. შესაბამისად, ამ კონტექსტში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბევრად ნაკლები დაცვის სტანდარტით სარგებლობს კონტინენტური ევროპის ქვეყნებში. თუმცა, ამერიკის შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია.

"მხატვრული ნაწარმოები არ აკეთებს 'განცხადებას' იმ გაგებით, რასაც არამხატვრული ლიტერატურა აკეთებს, ანუ არ ახდენს ფაქტის კონსტანტაციას. ფაქტი შეეხება რეალურ სამყაროს, ხოლო მხატვრული ნაწარმოები აღწერს განსხვავებულ სამყაროს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს -— ეს გახლავთ ამერიკის უზენაესი სასამართლოს განმარტება". — ამბობს ლუკა.

ლუკას თქმით, ნეტფლიქსს არც იმის მტკიცება ესაჭიროება, რომ მცდარი ფაქტის გაჟღერების შესახებ იცოდა. პირიქით, რადგანაც საქმე ეხება მხატვრულ ნაწარმოებს, სტრიმინგ სერვისის მიზანია დაასაბუთოს, თუ რატომ მოიქცა ასე და რას მოიცავდა მისი განზრახვა.

ნონა გაფრინდაშვილი 1963 წელს.

ფოტო: Jack de Nijs / Anefo / Wikimedia Commons

ლუკა იმასაც თვლის, რომ სერიალში გაჟღერებული არასწორი ფაქტის მსგავსად, წიგნში იმის მითითება, რომ ნონა მსგავსი რანგის ტურნირებისთვის საკმარისად პროფესიონალი არ იყო, არასწორია.

"სარჩელში ჩემდა გასაკვირად აღნიშნულია შემდეგი, ვპერიფრაზირებ: ტევისს, რომელიც წერდა მხატვრულ ნაწარმოებს, თავისუფლად შეეძლო გამოგონილი ტურნირი შეექმნა და თავის გამოგონილ სამყაროში ისე წარმოეჩინა, რომ გაფრინდაშვილი არ იყო ბოლომდე ძლიერი და კონკურენტული მოთამაშე, თუმცაღა ცალსახაა, რომ იმ დროისთვის, როდესაც რომანი შეიქმნა გაფრინდაშვილი უკვე მაღალ ლიგებში თამაშობდა.

აქ ჩნდება კითხვის ნიშნები: თუ ტევისის მცდარ ჩანაწერს მოსარჩელეები მხატვრული ლიტერატურისა და გამომონილი სამყაროს მოტივით ამართლებენ, მაშინ რატომ არ უტოვებენ ნეტფლიქსს იმავე სივრცეს, რაც წიგნის ადაპტაციას მოაიზრებს და არა — კოპირებას. მით უფრო, რომ სერიალის ერთ-ერთი სცენარის ავტორი თავად ტევისი იყო?" — ამბობს ლუკა.

ლუკა სარჩელში პრობლემურად ზიანის არსებობის საკითხსაც მიიჩნევს. დეფამაციის წინაპირობა ზიანის არსებობის დადგენაა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს, როგორც მატერიალური, ისე არამატერიუალური სახით.

"ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ სერიალი 62 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა მხოლოდ პირველ თვეს, რაც გაფრინდაშვილისთვის აღმოჩნდა დამამცირებელი, სტრესული და გამაღიზიანებელი — ეს არის მორალური მხარე. ფინანსურ ზარალზე არის გაკეთებული მხოლოდ ზოგადი მიმოხლივა, რომ დეფამაციამ ზიანი მიაყენა გაფრინდაშვილს, რადგანაც მან დაკარგა ბიზნეს შეთავაზებები პროფესიულ საქმეში. თუმცაღა, აღნიშნულს მოსარჩელეები ფაქტებით არ ამყარებენ", — ამბობს ლუკა.

მიუხედავად ყველაფრისა, ლუკა პატივისცემას გამოხატავს გაფრინდაშვილისა და მისი გუნდის მიმართ, რადგან მათ ნეტფლიქსთან დაპირისპირება გადაწყვიტეს და თვლის, რომ დღეს, როცა გენდერული თანასწორობის საკითხი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება, რეალური პიროვნების როლი გამოგონილის ხარჯზე არ უნდა მცირდებოდეს.

რა გადაწყვეტილება მიიღო კალიფორნიის სასამართლომ მსგავს საქმეზე?

იურისტი და ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი გიორგი გოცირიძეც თვლის, რომ ნონა გაფრინდაშვილს ამერიკული სამართლის მიხედვით, აღნიშნული საქმის მოგების ნაკლები შანსი აქვს.

"იდეალური ვარიანტი იქნებოდა Netflix-თან შეთანხმება, თორემ სამწუხაროდ ნონა გაფრინდაშვილს კალიფორნიული სასამართლოების პრეცედენტული სამართლით ამ სარჩელის მოგების ძალიან ცოტა შანსი აქვს. 2017 წელს კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ მხატრული ფილმი არის რეჟისორის წარმოსახვის ნაყოფი მათ შორის მაშინ, როცა რეალურ ადამიანზე მოგონილ სცენებს აღწერს და მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ მხატრული ფილმის ყურებისას რეალურ ფაქტებს არ უყურებს. აშშ პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა და ეს გადაწყვეტილება სავალდებულოა იმავე ან ქვემდგომი სასამართლოსათვის. ერთია გულშემატკივრობდე ჭადრაკის ცოცხალ ლეგენდას, მეორეა ის თუ როგორია კალიფორნიის შტატის სამართალი", — წერს გიორგი გოცირიძე.

გიორგი გოცირიძის თმით, ცილისწამების დავის მოსაგებად შემდეგი წინაპირობების არსებობაა საჭირო: არასწორი ინფორმაციის გავრცელება; ინფორმაციის შეურაცხმყოფელი ხასიათი და მესამე — თუ გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო პირს, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ მოპასუხე მოქმედებს ბოროტი განზრახვით. მისი აზრით, ნონა გაფრინდაშვილის გუნდს მესამე წინაპირობის არსებობის დამტკიცება გაუჭირდება.

გიორგი გოცირიძემ არგუმენტად ოლივია დე ჰავილანდის საქმეზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოიყვანა. ჰავილანდმა სერიალ Feud-ის შემქმნელების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მიუთითა, რომ სერიალში მის შესახებ/მისი პერსონაჟის მიერ გაჟღერებული ფაქტები არასწორი იყო.

"მხატვრული ნაწარმოები, თავისი არსით, ნამდვილი არაა. ის შეთხზულია, გამოგონილია. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ — ტყუილია. ნამდვილი ადამიანის შესახებ მხატვრული ნაწარმოების გამოქვეყნება არ ნიშნავს იმას, რომ ავტორი ბოროტი განზრახვით მოქმედებდა", —ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

გიორგი გოცირიძე აგრეთვე საჯარო და კერძო პირებს შორის გამიჯვნის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საჯარო პირს აქვს ადვილი შესაძლებლობა, სასამართლოს გვერდის ავლით უპასუხოს მის მიმართ ცილისწამებას, კერძო პირს კი — არა. გიორგი გოცირიძის მიხედვით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული სტანდარტი ცილისწამების საქმეებზე ყველა დონის ამერიკულ სასამართლოებს დაუდგინა.

"სასამართლომ თქვა, ეგ ფაქტები არაზუსტი რომც იყოს, საჯარო პირი ხარ და არ შეიძლება რეჟისორებს შენი რეპუტაციის შელახვის განზრახვა (actual malice) ჰქონდეთ იმიტომ, რომ მხატრული ფილმი სწორედაც რომ რეჟისორის ფანტაზიის შედეგია", — წერს გიორგი გოცირიძე.

აღსანიშნავია, რომ დე ჰავილანდის საქმეში იმასაც ვკითხულობთ, რომ ისტორია კონკრეტული ადამიანების საკუთრება არაა და მათ ასეთი ნაწარმოებების აკრძალვისა თუ გაკონტროლების უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

"მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მხატვრულ ნაწარმოებში აღწერილი — მსოფლიოში ცნობილი კინოვარსკვლავი, ე.წ. 'ცოცხალი ლეგენდა' თუ ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობს, ისტორია მათი საკუთრება არაა", — ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა, გიორგი გოცირიძის თქმით, სასამართლო ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე დე ჰავილანდის საქმით იხელმძღვანელებს, რადგანაც ეს გადაწყვეტილება სავალდებულოა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ჭადრაკი TV

სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ დიდი დროა, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდეთ ნონა გაფრინდაშვილით, რომელიც კარიერის დაწყებიდან დღემდე შეუპოვრობის მაგალითად რჩება.

გამოგონილი ბეთ ჰარმონისგან განსხვავებით, ნონა გაფრინდაშვილმა პროფესიონალური ასპარეზობა 13 წლის ასაკში დაიწყო, ქალი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან არცთუ გვიან, 1977 წელს კი, იგი ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელსაც კალიფორნიაში გამართული ტურნირის შემდეგ გროსმაისტერის წოდება ებოძა. მოჭადრაკეს ტიტულისთვის საბრძოლველად ერთი წელი დასჭირდა, რადგან როცა მას, "პატარა, დაბალ და ახალგაზრდა გოგოს" ხედავდნენ, შემდეგ ჯერზე სცადეო, ეუბნებოდნენ, თუმცა, იგი მაინც შეუპოვრად განაგრძობდა წინსვლას.

ახალწამოწყებული სასამართლო დავა, როგორც ჭადრაკის ლეგენდა ამბობს, თავისი ბრძოლისა და მემკვიდრეობის ნაწილია, ისევე, როგორც ქალი მოჭადრაკეებისათვის გროსმაისტერის წოდების მინიჭების შესაძლებლობა.

"ეს არის ბრძოლა, რომელიც დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც ვაგრძელებ".

ამავე თემაზე: