პლანეტის შემთხვევაში, ზომას მნიშვნელობა აქვს — მარსი, შესაძლოა, სიცოცხლისთვის თავსებადი არ იყოს
ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, მყარი პლანეტების სიცოცხლესთან თავსებადობა, შესაძლოა, მათ ზომაზე იყოს დამოკიდებული. მათი განცხადებით, ციური სხეული საკმარისად დიდი თუ არაა, ცოცხალი ორგანიზმების გასაჩენად საჭირო მოლეკულებს ვერ შეინარჩუნებს. გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მარსი სწორედ ამგვარი ობიექტების სიაშია.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ჩვენი მეზობელი წითელი პლანეტიდან დედამიწაზე მოხვედრილ მეტეორიტებში კალიუმის სხვადასხვა იზოტოპის არსებობა შეისწავლეს. ეს არის ზომიერად აქროლადი ქიმიური ელემენტი, რომელსაც ასტრონომიული სხეულები ხშირად კარგავენ. ასეთია წყალიც, მაგრამ ის მეტადაა აორთქლებისკენ მიდრეკილი.
ჩვენთვის ცნობილია, რომ მარსზე ძველად წყალი არსებობდა. მის ზედაპირს, მდინარეებისა და ტბების კვალი დღესაც ამჩნევია. ამ შენაერთის ინდიკატორად მკვლევრებმა კალიუმი გამოიყენეს. მათ დაასკვნეს, რომ წითელმა პლანეტამ ეს ნივთიერება იმაზე მეტი რაოდენობით დაკარგა, ვიდრე დედამიწამ, რომელიც მასზე ბევრად დიდია. თუმცა, არც იმდენი, რამდენიც ასტეროიდმა ვესტამ, რომელიც მასზე პატარაა.
შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ პლანეტის ზომა წყლისმაგვარი ნაერთების შემადგენელი მოლეკულების შესაკავებლად დიდ როლს ასრულებს. მეცნიერთა თქმით, ამ მხრივ მარსის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რადგან ის წყლის შენარჩუნებას ვერ მოახერხებდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მახასიათებლით შესაძლებელია შორეულ მზის სისტემებში არსებული ეგზოპლანეტების სიცოცხლესთან თავსებადობა განვსაზღვროთ, რაც ასტრონომებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
კომენტარები