ასტრონომები ახალ კვლევაში მათ მიერ აღმოჩენილი ეგზოპლანეტის შესახებ გვიყვებიან, რომელიც აქამდე დაფიქსირებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა.

ესაა TIDYE-1b, რომელიც სულ რაღაც 3 მილიონი წლისაა, რაც ნიშნავს, რომ ის ჯერ განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. შედარებისთვის, დედამიწა 4.5 მილიარდი წლისაა, ანუ მასზე 1 500-ჯერ ხნიერია. ამგვარი ობიექტების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მსგავსი ციური სხეულების ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

მეცნიერებმა TIDYE-1b-ის არსებობა ტრანზიტის მეთოდის გამოყენებით გამოავლინეს. ამ დროს ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებას აკვირდებიან, რაც ჩვენი პერსპექტივიდან მისი დისკოს წინ ეგზოპლანეტის ჩავლითაა გამოწვეული. ამისთვის NASA-ს კოსმოსური ტელესკოპი TESS გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ტრანზიტის მეთოდით ასეთი ახალგაზრდა ეგზოპლანეტა არ დაუფიქსირებიათ. მათი ასაკი, ჩვეულებრივ, 10-40 მილიონ წელს შორისაა ხოლმე, TIDYE-1b კი ბევრად გვიან გაჩნდა.

შეიძლება ითქვას, რომ ასტრონომებს გაუმართლათ, რადგან ამ ასაკის ციური სხეულები ხშირად აირისა და მტვრის ღრუბელშია გახვეული, რომელიც ვარსკვლავს აკრავს გარს და მას პროტოპლანეტური დისკო ეწოდება (პლანეტები სწორედ იქ წარმოიქმნება). შესაბამისად, ტელესკოპებით ასეთი ეგზოპლანეტების დანახვა ძნელია.

TIDYE-1b-ის ორბიტა მისი მნათობის პროტოპლანეტური დისკოს დახრილობას არ შეესაბამება. სწორედ ამან განაპირობა, რომ ის ობსერვატორიამ მარტივად დააფიქსირა. ეგზოპლანეტა ვარსკვლავს გარს 9 დღეში უვლის, დედამიწის მსგავსი სიმკვრივე აქვს, მაგრამ დიამეტრით მას დაახლოებით 11-ჯერ აღემატება. როცა TIDYE-1b ბოლომდე ჩამოყალიბდება, სუპერდედამიწის ან სუბნეპტუნის ტიპის იქნება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.