რამ წარმოქმნა მარსის თანამგზავრები? — ასტრონომებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ
მარსის გარშემო ორი ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს: ფობოსი და დეიმოსი. ორივე მათგანს უჩვეულო ფორმა აქვს და მცირე ზომისაა. ამის გამო ისინი პატარა ასტეროიდებს მოგვაგონებს, რომლებიც წითელი პლანეტის გრავიტაციამ მიიზიდა და თავის ორბიტაზე დატოვა.
პრობლემა ისაა, რომ მარსი დიდი ციური სხეული არაა, ამიტომ გრავიტაციაც ნაკლები აქვს, ვიდრე, მაგალითად, დედამიწას ან ვენერას (იხილეთ: ვენერა უთანამგზავრო პლანეტაა — აი, რატომ). შესაბამისად, მას ერთი ასტეროიდის "ჩაჭერაც" კი გაუჭირდებოდა, არათუ ორის, თანაც წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ორბიტები უფრო ელიფსური უნდა ყოფილიყო. ფობოსისა და დეიმოსის ტრაექტორია კი უფრო წრიულია.
აქამდე არსებული ალტერნატიული მოდელის თანახმად, შესაძლებელია, ეს თანამგზავრები წითელ პლანეტასთან სხვა ობიექტის შეჯახების შედეგად წარმოქმნილიყო (სწორედ ასე გაჩნდა მთვარე, რომლის ფორმირებაც დედამიწისა და თეიას სახელით ცნობილი ციური სხეულის შეჯახებას უკავშირდება). ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მარსზე მისი მასის 3%-ის მქონე ასტეროიდი ან კომეტა ჩამოვარდა, რომელიც პლანეტას ვერ დაანაწევრებდა, მაგრამ ფრაგმენტების რგოლს წარმოქმნიდა, საიდანაც ფობოსი და დეიმოსი ჩამოყალიბდებოდა. ეს მათ წრიულ ორბიტას კარგად ხსნის, მაგრამ მარსთან მათ დისტანციას — არა.
ახალი მოდელი სხვაგვარ სცენარს გვთავაზობს, რომელიც ამ ჰიპოთეზების ერთგვარი ნაზავია. ავტორების აზრით, შესაძლებელია, დიდი ზომის ასტეროიდი მარსთან მოახლოებულიყო და გრავიტაციის გავლენით, "ჩაჭერის" ნაცვლად, ნაწილებად დაშლილიყო. ეს ფრაგმენტები შემდეგ პლანეტის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე იმოძრავებდა.
კომპიუტერული სიმულაციების თანახმად, მზისა და პლანეტების მიზიდულობის გამო დროთა განმავლობაში ამ ობიექტების ტრაექტორიები შეიცვლებოდა. ეს ზოგიერთი მათგანის ერთმანეთთან შეჯახებას გამოიწვევდა. შედეგად ფრაგმენტების რგოლს მივიღებდით, რომელიც მარსისგან შედარებით მოშორებით იქნებოდა და თანამგზავრების ამჟამინდელ მდებარეობას ახსნიდა.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად მართებულია ეს ჰიპოთეზა, ფობოსისა და დეიმოსის შედგენილობის დეტალურად შესწავლაა საჭირო. ამგვარი მისია, Mars Moons eXploration mission (MMX), 2026 წლისთვის იგეგმება და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისი მეშვეობით მეტს გაიგებენ.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები