ახალი კვლევის თანახმად, მარსზე ძველად ცხელი წყლები არსებობდა
დედამიწაზე არსებული ბუნებრივი ცხელი წყლების შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ახალი კვლევა მიანიშნებს, რომ ამგვარი ჰიდროთერმული წყაროები ძველად წითელ პლანეტაზეც იყო.
მეცნიერებმა ეს დასკვნა მარსული წარმომავლობის მეტეორიტის შესწავლის შედეგად გამოიტანეს, რომელიც ცირკონის კრისტალს შეიცავს. ის ამ ციურ სხეულზე წყლის არსებობის უძველესი მტკიცებულებაა და მიუთითებს, რომ ზოგჯერ ეს უმნიშვნელოვანესი სითხე სითბოს წყაროსთან ურთიერთქმედებდა, ძირითადად, ვულკანებთან. ეს ორი რამ — წყალი და სითბო — დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნაში უდიდესი როლის მქონე კომპონენტებია.
მარსული მეტეორიტების უმეტესობა ვულკანური მატერიისგანაა შედგენილი და ერთი არეალიდან მომდინარეობს. NWA7034-ის სახელით ცნობილი ნიმუში და რამდენიმე მსგავსი ობიექტი კი სხვადასხვა ადგილის შემადგენელი მატერიის ერთგვარი ნაზავია. შესაბამისად, ისინი მარსის ამა თუ იმ რეგიონის გეოლოგიურ ისტორიაზე გვაწვდის ინფორმაციას.
განსაკუთრებით საინტერესოა NWA7034-ში აღმოჩენილი კრისტალი, რომელიც ადამიანის თმის ღერზე უფრო წვრილია. ეს მეტეორიტი მარსის ზედაპირიდან სულ რაღაც 5-10 წლის წინ უნდა გამოტყორცნილიყო, მაგრამ მასში მატერიათა შეერთების თარიღად სპეციალისტები 1.5 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდს ასახელებენ. თავად ცირკონის კრისტალები უფრო ძველია, კერძოდ, მეცნიერთა გამოთვლებით, ის 4.48-4.43 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა.
კრისტალების შესწავლამ ერთ მათგანში წითელ პლანეტასთან ასტეროიდის შეჯახებით გამოწვეული სტრუქტურა გამოავლინა. ამ ნიმუშში მკვლევრებმა სხვადასხვა ელემენტის ერთგვარ შრეებს მიაგნეს, მათ შორის რკინის, ალუმინის, კალიუმისა და იტრიუმის, რომლებიც მას ფორმირებისას "შეერწყა", 4.45 მილიარდი წლის წინ.
ამგვარი სტრუქტურის დედამიწური ანალოგები ავსტრალიაში მდებარე მაღაროში აღმოჩნდა, რომელშიც ურანის უდიდესი საბადოა. იქ სწორედ ჰიდროთერმული არხი იყო, რაც მიანიშნებს, რომ მარსზე ამგვარი კრისტალი იმავე გარემოში უნდა ფორმირებულიყო. ეს ჩვენს მეზობელ პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების პოტენციურ არსებობასაც გულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ სპეკულაციაა და მტკიცებულება არ გვაქვს.
მეცნიერები ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლას აპირებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები