ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის თქმით, თუ ყველას უსმენ, ეს უსაფრთხოება აღარ არის, ეს საშიშროებაა. ის, ასევე, ამბობს, რომ აღსარების საიდუმლოება კონსტიტუციითაა დაცული.

"ვიცი, ვიცი, ისმენდნენ. ისმინონ, რა, ცუდს რას ვამბობ? დასამალი მე არაფერი არ მაქვს. [...] დავითს ველაპარაკე მაშინ, მაშინ კობახიძე თავმჯდომარე იყო პარლამენტის და ვთხოვეთ უბრალოდ დახმარება. როგორც გამოიკვეთა, უფრო სუს არ არის, უფრო არის სსს — სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა. სახელმწიფო საშიშროებად არის გადაკეთებული", — თქვა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა TV პირველთან.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: