10 ფართოდ გავრცელებული მითი, რომელიც მეცნიერებაში არ უნდა აგვერიოს
მითი — Mythos ბერძნულად თქმულებას, იგივე გადმოცემას ნიშნავს, თუმცა, ის ხშირად თავს "ფაქტადაც" ასაღებს. უძველესი დროიდან არსებობდა კოლექტიური და ხალხური თქმულებები, რომლებმაც დროსთან ერთად, საზოგადოებებში ფეხი ღრმად გაიდგეს და მომავალ თაობებს "ჭეშმარიტებად" მოევლინენ.
დღეს თანამედროვე ადამიანს გააჩნია მეცნიერება, რომელიც ემპირიულ ცოდნას ემყარება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, ის მითების დეტექტორიცაა. მიუხედავად ამისა, დროსთან ერთად მითებიც მეტამორფოზირდნენ, არსებობას კვლავ განაგრძობენ და მეტიც, ზოგმა მათგანმა თავი "მეცნიერებას" შეაფარა. ბევრი მითი ახლა როგორც მეცნიერების ნაწილი ისე გვევლინება.
ამ სტატიაში სწორედ ასეთ 10 ხშირად გავრცელებულ მითს ვამხელთ, რომლებსაც სინამდვილესთან, შესაბამისად მეცნიერებასთან არაფერი აკავშირებთ, მაგრამ საზოგადოებაში ფეხი, როგორც სამეცნიერო ფაქტს ისე აქვთ გადგმული.
ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ
ტვინს ძალიან რთული სტრუქტურა აქვს. ის მუდმივად მუშაობს, ერთდროულად ასრულებს რა უამრავ მოქმედებასა და გამოთვლას. მეცნიერები მას აქტიურად სწავლობენ, არის საკითხები რაც ტვინზე ჯერ არ გვესმის, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით ეს ისაა, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს არ ვიყენებთ — ჩვენ ტვინს სრულად ვიყენებთ!
თუმცა, გამოკითხვების თანახმად, ამერიკის მოსახლეობის 65 პროცენტს სჯერა, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ. ეს მოსაზრება მითია! მეტიც, ტვინის უმეტესი ნაწილი თითქმის ყოველთვის აქტიურია.
ამ მითის გასაბათილებლად მარტივი მეცნიერება შეგვიძლია გამოვიყენოთ:
თუ დავუშვებთ, რომ ტვინის 90%-ს არ ვიყენებთ, მაშინ მათი დაზიანება სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა იწვევდეს. რეალობა კი ისაა, რომ ფაქტიურად არ არსებობს ტვინის უბანი, რომლის დაზიანებაც არ აისახება რომელიმე უნარის დაქვეითებაში.
ამასთან, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) გვიჩვენებს, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ტვინი მუდმივად აქტიურია. არის მომენტები, როდესაც ტვინის ყველა რეგიონი ერთნაირად არ აქტიურობს, ეს დამოკიდებულია ადამიანებსა და იმ მოქმედებებზე, რომლებსაც ვასრულებთ, მაგრამ ამას ზოგადად ტვინის მხოლოდ 10%-ის გამოყენებასთან საერთო არაფერი აქვს.
დაბოლოს, მეცნიერები ტვინს აქტიურად სწავლობენ და ამდენი ხნის განმავლობაში მისი უფუნქციო არეები არავის აღმოუჩენია.
რაც შეეხება უშუალოდ მითის წარმოშობას, არის ვარაუდები, რომ ის ამერიკელი ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის, უილიამ ჯეიმსის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც 1907 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "The Energies of Men" განაცხადა, რომ "ჩვენ ჩვენი შესაძლო გონებრივი და ფიზიკური რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ".
ამიტომ, არა, აინშტაინი ტვინის უფრო მეტ პროცენტს არ იყენებდა და არც ლუკ ბესონის ფილმი Lucy ემყარება სამეცნიერო თეორიებს.
შეგცივდა — გაცივდები (ვირუსი არ მაქვს, უბრალოდ გავცივდი)
იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისთვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამთ, რომ თბილად ჩაიცვას, თორემ გაცივდება. ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ძირითადად ის არასწორად არის გაგებული. ამის კარგი მაგალითია შემდეგ ფრაზა: "ვირუსი არ მაქვს, უბრალოდ გუშინ შემცივდა და გავცივდი".
შეკითხვაზე, ცივი ამინდი ან სველი თმით გარეთ გასვლა იწვევს თუ არა უშუალოდ გაციებას, პასუხი ცალსახაა — არა! თუმცა, ხსენებული მარცვალი იმაშია, რომ ცივმა ამინდმა შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენს გაციებას.
რეალურად, თქვენი გაციების მიზეზი 200 ტიპის ვირუსიდან რომელიმეა. ის რასაც ჩვენ გაციებას ვეძახით, ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელსაც იწვევს ვირუსი და არა უბრალოდ ცივი ამინდი და ის როგორც სხვა ვირუსი, გადამდებია!
აღსანიშნავია, რომ გაციება გრიპი არ არის. გრიპისგან განსხვავებით გაციების გამომწვევი რინოვირუსებია, ხოლო გრიპის A, B და C ტიპის ვირუსები.
რაც შეეხება სიცივესა და გაციებას შორის კავშირს, აქ პასუხი ჩვენს იმუნიტეტზე გადის. როდესაც ჩვენ გვცივა, იმუნური სისტემა სუსტდება, ამ დროს კი უფრო მიმღებულური ვხდებით რინოვირუსების მიმართ.
ამიტომ, კი, თუ შეგცივდათ თქვენი "გაციების" შანსები იზრდება, მაგრამ მხოლოდ შეციებით ადამიანი არ ცივდება!
შეშინებული სირაქლემა თავს ქვიშაში რგავს
ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული მითია, რომელიც, ალბათ ყველას გვსმენია, მაგრამ ამასთან ერთად, ის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდულია. ერთია, როდესაც საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები ვრცელდება, მაგრამ მეორეა, როდესაც ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
სირაქლემა ფაქტიურად ვებერთელა ქათამია, რომელიც მშიერ ლომებთან, ლეოპარდებთან, აფთრებთან და სხვა ველურ მტაცებლებთან ერთად ცხოვრობს. და აი როგორ წარმოგიდგენიათ არსება, რომელიც ასეთ სამყაროში მტაცებლის დანახვისას თავს პირდაპირი მნიშვნელობით მიწაში რგავს და მიუხედავად ამისა ის როგორც სახეობა კვლავ არსებობს?!
რეალობა ისაა, რომ სირაქლემას საათში 70 კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეუძლია. ეს ცოცხალი ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდი სიჩქარეა და სრულიად არალოგიკურია ასეთი არსება მტაცებლის დანახვისას კი არ გაიქცეს, მიწაში ჩარგოს თავი და ამით მას ლანგარზე ეახლოს.
და მაინც, ჩვენ ყველას გვინახავს ფოტო, თუ ვიდეო, სადაც სირაქლემას თავი აშკარად მიწაში აქვს ჩარგული. ის ამას ნამდვილად შვრება, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ სირაქლემა ამით ქვიშაში აკეთებს ხვრელებს, სადაც თავის კვერცხებს ათავსებს და ზოგჯერ მათ აბრუნებს კიდევაც.
რაც შეეხება მითის წარმომავლობას, ის რომაელ ნატურალისტს, პლინიუსს უკავშირდება. ამიტომ, გახსოვდეთ, როდესაც მომავალში გაიგონებთ ფარაზას "სირაქლემასავით მიწაში ჩაყო თავი", იცოდეთ, რომ ეს 2000 წლის წინანდელი გაცვეთილი წარმოდგენაა.
ხარი წითელ ფერზე ღიზიანდება
ბავშვობაში ხარის გვერდით გავლა თუ მიწევდა ჩემს ტანსაცმელს ვაკვირდებოდი, მეშინოდა, შემთხვევით წითელი ფერის მაისური ხო არ მეცვა. ალბათ, მსგავსი შეგრძნება ბევრს გქონიათ. ამის მიზეზი მცდარი წარმოდგენაა, თითქოს ხარს წითელი ფერი აღიზიანებს. ეს მორიგი მითია, რომელიც კორიდამ დაამკვიდრა.
რეალურად, ხარი, ისევე როგორც სხვა მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, ფერებს დიდად ვერ არჩევს, შესაბამისად ის წითელ ფერს საერთოდაც ვერ აღიქვამს.
მაშინ რატომ ესხმიან ისინი ასე გამალებით წითელ ნაჭერს კორიდის მიმდინარეობის დროს? სინამდვილეში ხარს აღიზიანებს ნაჭრის მოძრაობა და არა მისი ფერი. ნაჭერს, რომელსაც ტორეადორი ასე გამალებით აქნევს, ხარი როგორც მოწინააღმდეგეს ისე აღიქვამს, მისთვის ეს მოწინააღმდეგე ხართან ასოცირდება, რომელიც აგრესიის და საფრთხის მომასწავებელია.
და მაინც, ტორეადორს წითელი ფერის ნაჭერი რატომ უჭირავს? პასუხი მარტივია, ეს ფერი ჩვენთვის სანახაობასთან, სისხლთან და დაპირისპირებასთან ასოცირდება.
ამიტომ, რეალურად ხარი წითელის მიმართ "აგრესიული" ჩვენი ამ ფერის მიმართ წარმოდგენების გამოა.
ძაღლები სამყაროს შავ-თეთრად ხედავენ
ხარს თუ ფერების აღქმას ვაბრალებთ, ძაღლებს პირიქით. საზოგადოებებში გავრცელებულია ცრუ მოსაზრება, თითქოს ძაღლები სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრად აღიქვამენ.
მართალია ძაღლები ადამიანზე ნაკლებ ფერს აფიქსირებენ, მაგრამ შავ-თეთრი მხედველობა ნამდვილად არ აქვთ. მაგალითისთვის, თუ ადამიანს მხედველობისთვის 3 სახის რეცეპტორი აქვს, ძაღლს ასეთი 2 გააჩნია. მეცნიერების თქმით, მათი ფერების სპექტრი შემდეგია: მუქი ლურჯიდან – ცისფრამდე, ცისფერიდან – ნაცრისფრამდე, ნაცრისფრიდან – ღია ყვითლამდე, ღია ყვითლიდან – მუქ ყვითლამდე. განსაკუთრებით სენსიტიური უშუალოდ ცისფერი და ყვითელი ფერის მიმართ არიან.
თუმცა, ძაღლები ადამიანისგან განსხვავებით უკეთ არჩევენ ნაცრისფერ ჩრდილებს. ეს მათ საშუალებას აძლევს სიბნელეში ჩვენზე 4-ჯერ უკეთ დაინახონ.
წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ძაღლებს ყნოსვა და სმენა იმდენად აქვთ განვითარებული, რომ ფერების გარჩევა საერთოდაც არ სჭირდებათ. მეტიც, უამრავი მხატვრული ფილმი, თუ ანიმაციაა, სადაც სამყაროს ძაღლის თვალით — შავ-თეთრად გვანახებენ. მიუხედავად ამისა, უახლესმა კვლევებმა ამ მოსაზრების უზუსტუბა დაამტკიცა, ამიტომ დროა ძაღლების მხედველობა გადავაფასოთ და მას ფერებში შევხედოთ.
ღამურები ბრმები არიან
არსებობს მითი, რომ ღამურები ბრმები არიან, ვერაფერს ხედავენ და მხოლოდ სმენა გააჩნიათ. რეალურად, ისინი შავ-თეთრად საკმაოდ კარგად ხედავენ და ზოგიერთ მათგანს ულტრაიისფერი სინათლის აღქმაც შეუძლია. მეტიც, სიბნელეში მათი მხედველობა ჩვენსაზე უკეთესია.
მითი ბრმა ღამურების შესახებ წარმოიშვა იქიდან, რომ ღამურები დღისით ჩვენსავით კარგად ვერ ხედავენ. ამასთან, გასაოცარი სმენა აქვთ და ნავიგაცია მხედველობის გარეშეც შეუძლიათ. ღამურები ნადირობენ სიბნელეში ექოლოკაციის გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ თვითწარმოქმნილ ბგერებს, რომლებიც ხვდება საგნებს და ეხმარება ღამურას ნავიგაციაში. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ადამიანებში გავრცელდა მითი, რის მიხედვითაც ღამურებს მხედველობა არ გააჩნიათ.
თუმცა, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, ღამურები ზოგჯერ ნადირობისას მხედველობის გამოყენებას ამჯობინებენ. მეტიც, არსებობს ღამურების სახეობები, რომლებიც ხილის ნექტარს მიირთმევენ და მწერებზე არ ნადირობენ. შესაბამისად, ნადირობისთვის ექოლოკაცია არ სჭირდებათ. ღამურების ასეთ ტიპებს აქვთ განსაკუთრებით მკვეთრი ხედვა. ესენი არიან ის ღამურები, რომლებსაც ულტრაიისფერი შუქის დანახვაც კი შეუძლიათ.
ასე რომ, როდესაც მომავალში გაიგებთ ფრაზას, "ღამურასავით ბრმა", გახსოვდეთ, რომ ეს გამონათქვამი მითია და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
თევზს (განსაკუთრებით ოქროს თევზს) რამდენიმე წამიანი მეხსიერება აქვს — თევზის მეხსიერება
ეს მითი სასარგებლოა მაშინ, როდესაც თევზს უდარდელად მიირთმევთ. მართლაც, რა პრობლემაა, არსება, რომელიც რამდენიმე წამიანი მეხსიერებითაა "დაჯილდოებული" ნაკლებადაა "დასანდობი", მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. თევზებს, მათ შორის ოქროს თევზებსაც, საკმაოდ დიდი მახსოვრობა აქვთ.
კვლევები აჩვენებს, რომ თევზებს ინფორმაციის დამახსოვრება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ და ამ ყველაფერს კონტექსტურადაც აკეთებენ. მაგალითად, გავრცელებული მითი, რომ ოქროს თევზს 3 წამიანი მეხსიერება აქვს, სრული სიცრუეა! ოქროს თევზს კონკრეტული ინფორმაცია თვეების განმავლობაში ამახსოვრდება. ის, ისევე როგორც სხვა უამრავი თევზი, ამ უნარს საკვების მოსაპოვებლად და მტაცებლებისგან თავის დასაცავად იყენებს.
მაშინ საიდან მოდის მითი, რომ თევზებს რამდენიმე წამიანი მეხსიერება აქვთ? პასუხი ნეოკორტექსშია, დიახ, თევზებს ის არ აქვთ, ძუძუმწოვრებში კი ტვინის ეს ნაწილი კომპლექსური აზროვნების წინაპირობაა. შესაბამისად, თუ თევზს ის არ გააჩნია, გამოდის, რომ მას "აზროვნებაც" არ შეუძლია.
თუმცა, კვლევებმა, რომლებიც თევზების გონებრივ შესაძლებლობებს სწავლობდნენ, აჩვენეს, რომ მათ თავისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და დამახსოვრება თავისუფლად შეუძლიათ. ისინი იმახსოვრებენ იმ ადგილებს, სადაც საკვები ელოდებათ და სივრცეებს, რომელშიც მტაცებლის გამოჩენის რისკებია.
მეტიც, მკვლევრებმა თევზების "გაწვრთნაც" შეძლეს. მაგალითად თევზის კონკრეტულ სახეობებს შუქის ჩაქრობისა და ანთების ფენომენი დაასწავლეს, რის მიხედვითაც ისინი ამ მოვლენას საკვების მიღებასთან აკავშირებდნენ. და ჰოი საოცრებავ, მათ ეს სწავლება 3 წამში არ დაავიწყდათ.
მზე ყვითელია
უთხარით ბავშვს დაგიხატოთ მზე და ის უმალვე ყვითელი ფერის ფანქარს წაავლებს ხელს. ეს ბუნებრივია და მას ორი მიზეზი აქვს, პირველი ისაა, რომ სკოლაში მზის დახატვას სწორედ ასე გვასწავლიან, მეორე კი ერთი შეხედვით "ემპირიულია", აიხედეთ ცაში და დაინახავთ, რომ მზე "ყვითელია".
რეალურად მზე თეთრი ფერისაა (მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი ფერებით ანათებს). როდესაც მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროში აღწევენ ისინი გარდატყდებიან თეთრიდან ოქროსფრამდე და ამიტომაც, ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც ყვითელს.
დიახ, მზის "სიყვითლე" დედამიწის მიერ შექმნილი ილუზიაა. მეტიც, არც მზის ჩასვლაა "წითელი". თუ თქვენ მზეს ატმოსფეროს გარედან დააკვირდებით, მას თეთრად დაინახავთ.
რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ის მითია, რომლის განმტკიცებას ხშირად მეცნიერებიც უწყობენ ხელს. მაგალითად, როდესაც ასტრონომები მზეს აკვირდებიან და მის ფოტოებს იღებენ, მიღებულ შედეგს ხშირად სპეციალურად ყვითელ ფერს აძლევენ, ეს იმისთვის, რომ ჩვენთვის — მოსახლეობისთვის ის მარტივი აღსაქმელი იყოს.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზოგჯერ ჩვენივე მითებით მეცნიერებიც კი გვკვებავენ.
ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან ჩანს — მთვარიდანაც კი
ეს მითი ის ფენომენია, რაც კაცობრიობის ირაციონალურ ამბიციებს ასახავს. ჩინეთის დიდი კედელი ნამდვილად გასაოცარი ნაგებობაა, ის 22 000 კილომეტრამდეა გადაჭიმული და სიგანეში საშუალოდ 10 მეტრია. ოჰ, ეს ყველაფერი ადამიანმა ააგო და შეიძლება, რომ ის კოსმოსიდან არ ჩანდეს?! რა თქმა უნდა, შეიძლება!
სამწუხაროდ ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან თავისუფლად ნამდვილად არ ჩანს. მაქსიმალური დისტანცია საიდანაც კედლის დაფიქსირებაა შესაძლებელი დედამიწის ყველაზე დაბალი ორბიტაა. თუმცა, ესეც სადავო საკითხია.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ამტკიცებდნენ, რომ კედელი მთვარიდანაც ჩანდა. ამას მალევე აუბა ფეხი შემდეგმა მითმა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის დიდი კედელი არის ადამიანის ერთადერთი ქმნილება, რომელიც ჩანს მთვარიდან. მითმა ფრთები საბოლოოდ მას შემდეგ შეისხა რაც მარსიანული "არხები" დააფიქსირეს, ამან მწვანე შუქი აუნთო წარმოდგენას, რომ გრძელი და მსხვილი ობიექტები ჩანს შორეული კოსმოსიდანაც, ესე იგი, ჩინეთის კედელიც ჩანდა.
რეალურად, კედლის მთვარიდან შეუიარაღებელი თვალით დაფიქსირება რომ შევძლოთ, 17 000-ჯერ უკეთესი მხედველობა გვჭირდება. რაც შეეხება დედამიწის დაბალ ორბიტას — 160კმ დაშორებას, კედლის დანახვა აქაც სადავოა. ცნობისთვის, მთვარე დედამიწისგან საშუალოდ 384 393 კილომეტრით არის დაშორებული. NASA-ს მონაცემებით, კედლის ყველაზე დაბალი ორბიტიდან შემჩნევაც ძალიან რთულია. მეტიც, ის ჩანს, არა უკეთესად ვიდრე სხვა დიდი ხელოვნური ნაგებობები.
დაბოლოს, 2003 წლის ოქტომბერში კოსმოსში ჩინელი ასტრონავტი გავიდა. იან ლი ვეიმ "გადმოხედა" პლანეტას და განაცხადა, რომ ორბიტიდან მან ვერ დაინახა ჩინეთის დიდი კედელი. ასე რომ, დავუჯეროთ ლის, ვინ არა და ის ნამდვილად არ მოიტყუება და ჩინეთის დიდი კედლის სიდიადეს არ დაგვიმალავს.
ადამიანი ძილში ყოველწლიურად საშუალოდ 8-დან 10-მდე ობობას ყლაპავს
დასასრულს პოზიტივი! არა, ჩვენ ძილში ყოველწლიურად საშუალოდ 10 ობობას არ ვყლაპავთ. მეტიც, დიდი ალბათობით მთელ ცხოვრებას ისე გავივლით, რომ ერთ ობობასაც არ მივირთმევთ.
არადა ეს მითი ადამიანებში ძალიან არის გავრცელებულია. ბევრი ამბობს, რომ თითქოს არსებობს კვლევები და მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ საშუალოდ ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში, მხოლოდ ძილის დროს 70-მდე ობობას ყლაპავს.
ეს მითი რეალობა რომ იყოს, ჩვენ ნამდვილი ობობა ყლაპიები ვყოფილვართ და ისე რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. არა, მე არ ვამბობ, რომ ძილში ობობას გადაყლაპვა შეუძლებელია, შესაძლებელი ძალიან ბევრი რამ არის, მაგრამ მოდი მივყვეთ ლოგიკას და იმ მეცნიერულ ფაქტებს რაც თავად ობობებზე მოგვეხსენება.
პირველი რითაც თავის დამშვიდება შეგვიძლია, ეს ისაა, რომ ობობებს ადამიანები დიდად არ იზიდავთ. მეტიც, ობობა სენსორად ვიბრაციებს იყენებს, ხოლო ძილის დროს ადამიანი ობობისთვის ზედმეტად დიდ ვიბრაციებს გამოყოფს (სუნთქვა, გულის ცემა). ობობა ინსტინქტურად ხვდება, რომ მსგავს დიდ ვიბრაციებს უნდა მოერიდოს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა ძილის დროს ისინი განსაკუთრებით ჩვენკენ მოიწევდნენ.
ამასთან, იმისთვის, რომ ობობა გადაგვეყლაპოს პირღიას უნდა გვეძინოს, ასეთი ძილი კი აქტიურ ხვრინვასთანაა დაკავშირებული. ხვრინვა ობობისთვის კიდევ ერთი ზედმეტი და არამომხიბვლელი ვიბრაციაა.
დაბოლოს, როგორც წესი ობობები ზომით საკმაოდ დიდები არიან იმისთვის, რომ მათი ჩვენს სხეულზე, მით უმეტეს სახეზე აცოცება ვერ ვიგრძნოთ, მათ შორის ძილშიც. შესაბამისად, თუ რომელიმე გადარეული და თავზესაცეცაღებულ ობობას ჩვენს მიერ გამოცემული ვიბრაციები არ დააფრთხობს, მის სახეზე აცოცებას მაინც ვიგრძნობთ და მექანიკურად ხელით მოვიშორებთ.
ამიტომ, თუ სტატიის თავში ხსენებული "ფაქტების" არ არსებობამ იმედები გაგიცრუათ, იმედს ვიტოვებ, რომ ამ უკანასკნელი მითის გამოაშკარავებამ ბოლოს მაინც კარგ ხასიათზე დაგაყენათ.
კომენტარები