ახალი სიტყვა გონებით კონტროლირებად ტექნოლოგიაში — ტვინის მიკროიმპლანტი
აშშ-ს ქალაქ სან დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ნერვული მიკროიმპლანტები შექმნეს, რომლებიც მღრღნელებზე უკვე წარმატებით გამოსცადეს. მათი მეშვეობით ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისი ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას აფიქსირებს, რაც მომავალში სხვადასხვა მოწყობილობის გონებით გაკონტროლებაში დაგვეხმარება. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Nature Electronics გამოქვეყნდა.
მსგავსი ინტერფეისები ტვინში ჩანერგილი იმპლანტების წყალობით იქ წარმოქმნილ ელექტრულ სიგნალებს ბრძანებებად გარდაქმნიან, რომლებიც კომპიუტერს ეგზავნება. ეს პარალიზებულ ადამიანებს გონების ძალით ბეჭდვის, ასევე, რობოტების მართვისა და საკუთარ კიდურებზე კონტროლის ხელახლა მოპოვების საშუალებას აძლევს. თუმცა, მათ უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე ასეული ნეირონის "მოსმენა" შეუძლია, ადამიანის ორგანიზმში კი დაახლოებით 86 მილიარდი ასეთი უჯრედია.
პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენს ტვინში ელექტროდთა მთელი წყების ჩანერგვამ, შესაძლოა, ქსოვილი დააზიანოს და ანთება გამოიწვიოს, რაც საკმაოდ სარისკოა. ხოლო იმისათვის, რომ იმპლანტები ამ ორგანოს მაქსიმალურად მეტ რეგიონში განეთავსებინათ, სპეციალისტებმა უმცირესი ზომის "ნეირომარცვლები" შექმნეს.
ეს სენსორები ტვინის ქერქის სხვადასხვა უბანში ნაწილდება, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია კი თავზე დასამაგრებელ სპეციალურ მოწყობილობას უსადენოდ ეგზავნება. ის იმპლანტებს ნეირონებისთვის ელექტრული იმპულსების გადასაცემადაც მომართავს, რაც ტვინის სტიმულირებას და მისი ფუნქციების აღდგენას უწყობს ხელს.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ვირთხის ტვინის აქტივობის დასაფიქსირებლად 48 ნეირომარცვალი გამოიყენეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი დიზაინი ტვინში 770 ერთეულის განთავსების შესაძლებლობას მოგვცემს. მომავალში ამ რაოდენობის რამდენიმე ათასამდე გაზრდა იგეგმება. იმედოვნებენ, რომ ახალი მიკროიმპლანტები ხელოვნური ინტელექტის ჩვენს გონებასთან ინტეგრირებაშიც დაგვეხმარება.
კომენტარები