მოისმინეთ ჩანაწერი: ავსტრალიელმა იხვმა ლანძღვა ისწავლა
ახალ კვლევაზე დაყრდნობით, ავსტრალიურ ბიბილოიან იხვს (Biziura lobata) ხმების, მათ შორის ადამიანის საუბრის იმიტაცია შეუძლია. ფაქტის დასტურად შეგიძლიათ ჩანაწერი მოისმინოთ, სადაც ჩიტი რამდენჯერმე იმეორებს ფრაზას: "you bloody fool" — "შე ჩერჩეტო".
მოლაპარაკე იხვის ჩანაწერი, როგორც ჩანს, იმის პირველი ამომწურავი ნიმუშია, რომ ამ სახეობას გაგონილი ხმების იმიტირება შეეძლოს, რითაც იგი სხვა ჩიტებს, მათ შორის მგალობელ ფრინველებს, თუთიყუშებსა და კოლიბრებს უერთდება.
ასევე იხილეთ: ნახეთ: ავსტრალიის ზოოპარკში ჩიტმა ბავშვის ტირილის იმიტირება ისწავლა.
რიპერი, მამრი ბიბილოიანი იხვი, რომელიც ტიდბინბილას ნაკრძალში დატყვევებული აღიზარდა, დააფიქსირეს, რომ კარის ჯახუნის ხმას გამოსცემდა. იგი ასევე წარმოთქვამდა ფრაზას: "შე ჩერჩეტო".
მკვლევრების ვარაუდით, რიპერი ფრაზას მისი მომვლელისგან ისმენდა ხოლმე, თუმცა, დარწმუნებულები არ არიან, როდის გაიგონა მან ეს ფრაზა პირველად. იგი ჩანაწერის გაკეთების დროს ოთხი წლისა გახლდათ და ვოკალიზაციებს აგრესიული ტიხტიხის (ფრინველთა ურთიერთობის ფორმა გამრავლების პერიოდში, რომელიც ყურადღების მიპყრობას ემსახურება და თავისებური ქცევებით გამოიხატება) დროს მიმართა.
გადამდგარმა ავსტრალიელმა მკვლევარმა, დოქტორმა პიტერ ფულაგარმა რიპერი პირველად სამი ათწლეულის წინ ჩაწერა. ჩანაწერები ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) პროფესორმა კარელ ტენ კეიტმა ამოატივტივა, რომელიც ერთ-ერთ წიგნში ფრინველთა ვოკალიზაციების შესახებ, მოლაპარაკე იხვზე გაუგებარ ჩანაწერს გადააწყდა.
"როდესაც წავიკითხე, თავიდან ვიფიქრე, რომ სიცრუე იყო, ვერ იქნებოდა მართალი, თუმცა სიმართლე აღმოჩნდა", — განაცხადა ტენ კეიტმა, რომელიც ფაქტის ჭეშმარიტებაში მხოლოდ ფულაგარის ჩანაწერების მოსმენამ დაარწმუნა.
რიპერი კვერცხიდან გამოიჩეკა და ადამიანმა აღზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში ყველაფერი გარკვევით ისმის, კეიტი არც იმას გამორიცხავს, რომ ჩიტი სინამდვილეში სხვა სიტყვას ამბობდეს (თუმცა, კი უჩვეულო კონტექსტს ვერსად გავექცევით).
რიპერი ერთადერთი ბიბილოიანი იხვი არ არის, რომელსაც თეატრალური საქმიანობისთვის მიუყვია ხელი. ფულაგარმა იმავე ნაკრძალში მეორე იხვიც ჩაწერა 2000 წელს, რომელიც იხვის სხვა სახეობის იმიტაციას აკეთებდა.
მკვლევრები მინიმუმ ორი სხვა ბიბილოიანი იხვის ანალოგიურ უნარებზეც გვიყვებიან, თუმცა ამის დამადასტურებელი ჩანაწერები არ მოიპოვება. დიდ ბრიტანეთში, პენსთროპის პარკში გაიგონეს, თუ როგორ ახველებდა და ჰბაძავდა იხვი მოფრუტუნე პონის, სლიმბრიჯის გარეულ ფრინველთა ორგანიზაციაში კი შენიშნეს, რომ მეორე მათგანი მისი ზედამხედველისათვის ჩვეულ ხველებასა და ასევე ტურნიკეტის ჭრიალს ჰბაძავდა.
სანშაინ-კოუსტის უნივერსიტეტის დოქტორმა დომინიკ პოტვინმა, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, განაცხადა, რომ ჩაწერილი ვოკალიზაციები — როგორიცაა მაგალითად საფრინველე ვოლიერის კარის გაღება და დახურვა — ნამდვილ ხმებს იმდენად ჰგავდა, რომ ნაკლებად საეჭვოა იმიტაციის ჭეშმარიტების საკითხი.
პოტვინის თქმით, ბიბილოიან იხვებში ხმათა იმიტირების უნარი არაერთი ფაქტორის თავმოყრის შედეგია.
"მათი ძახილში მცირე ცვალებადობა შეიმჩნევა... მათ ახლო კავშირი აქვთ მშობლებთან და, შესაბამისად, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, შესაძლოა, ამან დიდი ზეგავლენა იქონიოს", — თქვა მან.
ბიბილოიანი იხვები იმ მხრივ გამოირჩევიან, რომ ჭუჭულები დედობრივ მზრუნველობაზე მეტად არიან დამოკიდებული. როგორც ტენ კეიტი ამბობს, სახეობის "არშიყობის" პროცესი ასევე უჩვეულოდ მიმდინარეობს იხვებს შორის, სადაც მაღალი ტონალობის ვოკალიზაციები, სავარაუდოდ, მამრების შეჯიბრისას გარკვეულ როლს ასრულებს.
"განსაზღვრული არეალის მამრები გროვდებიან და ტიხტიხს იწყებენ, მათ შორის ვოკალიზაციასაც ასრულებენ", — განაცხადა ტენ კეიტმა — "შემდეგ მდედრები მოდიან და შესაჯვარებლად პარტნიორებს არჩევენ".
აღმოჩენა ცვლის ჩვენს წინარე ცოდნას, რომელიც ფრინველებში სასაუბრო ენის შესწავლის ევოლუციის შესახებ გაგვაჩნდა. ტენ კეიტის თქმით, იხვის მიმბაძველობითი ნიჭი მიანიშნებს, რომ უნარი ჩიტთა რამდენიმე ჯგუფში დამოუკიდებლად განვითარდა.
კვლევა ჟურნალ Philosophical Transactions of the Royal Society B-შია გამოქვეყნებული.
კომენტარები