ნახეთ ვიდეო: ჭკვიანი პერანგი, რომლითაც პულსის გაზომვაა შესაძლებელი
რაისის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ნახშირბადის ნანომილების ბოჭკოები შექმნეს, რომელიც მოქნილია და შეუძლია, ეკგ-ისა და პულსის ზუსტი ინტერპრეტაციები შემოგვთავაზოს, როდესაც ქსოვილშია ჩაწნული. ახალი მასალა ბამბასავით რბილია, თუმცა მტკიცე, როგორც კევლარი. ამავდროულად, იგი ზოგიერთი მეტალის მსგავსად ატარებს ელექტრობას და, შესაძლოა, ჩასაცმელად ვარგისი ტანსაცმლის მომავალს წარმოადგენდეს.
მისი ჩაცმა და გარეცხვა ისევე შეიძლება, როგორც ნორმალური ტანსაცმლის, ამ დროს კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ბოჭკოები სხეულის მოძრაობისას დაზიანდება.
როგორც მკვლევრებმა განაცხადეს, იგი უკეთესად აგროვებს მონაცემებს, ვიდრე გულმკერდზე მისამაგრებელი სტანდარტული აპარატი, ეკგ-ის გადაღებაში კი კომერციულ სამედიცინო ელექტროდის მონიტორებზე უკეთესია.
ტანსაცმელი გამტარი ნანომილის ძაფისგან შედგება, რომელსაც ჩვეულებრივ სამოსს ამგვარ ფუნქციას მატებს.
"პერანგი მკერდზე მჭიდროდ უნდა იყოს მომდგარი", — განაცხადა რაისის კურსდამთავრებულმა ლორენ ტეილორმა, კვლევის მთავარმა ავტორმა — "სამომავლო კვლევებში ვეცდებით, ნახშირბადის ნანომილთა ძაფების უფრო მკვრივი საკერებლები გამოვიყენოთ, რათა უფრო დიდი ზედაპირი იყოს კანთან კონტაქტში".
ნანომილის ბოჭკოები პირველად რაისის უნივერსიტეტის ჯორჯ რ. ბრაუნის ინჟინერიის სკოლის ლაბორატორიის ინჟინრის, მატეო პასკუალის მიერ შეიქმნა. აქედან მოყოლებული, მისი ლაბორატორია ბოჭკოების არაერთ გამოყენებას სწავლობდა — როგორც ხიდებად, გულის დაზიანებული ქსოვილის აღდგენისთვის; ტვინთან მაკავშირებელ ელექტრონულ რგოლებად; კოჰლეარულ იმპლანტებში გამოსაყენებლად; მოქნილ ანტენებად და საავტომობილო და საავიაციო-კოსმოსური მრეწველობისთვისაც.
თავდაპირველად, ბოჭკოები ზედმეტად წვრილი იყო იმისათვის, რომ საკერავი მანქანა გამკლავებოდა. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა თოკის დამამზადებელი ტექნოლოგია გამოიყენეს, რათა ძაფი შეექმნათ, რომლით გაკერვაც შესაძლებელი იქნებოდა.
"იმ ადამიანთან ერთად ვმუშაობდით, ვინც პატარა მექანიზმებს ყიდის, რომლებიც გემების მაკეტებისათვის თოკების დასამზადებლად გამოიყენება", — განაცხადა ტეილორმა, რომელმაც თავდაპირველად ხელით სცადა ძაფის დაწვნა, თუმცა დიდად არ გამოუვიდა — "მან საშუალო მასშტაბიანი ხელსაწყო შემოგვთავაზა, რომელიც იმავეს გააკეთებდა".
ბოჭკოები ზიგზაგისებრი ნაკერებითაა მიკერებული, რომელიც ქსოვილს საშუალებას აძლევს, მათი გარღვევის გარეშე გაიწელოს. ბოჭკოებს, შესაძლოა, მომავალში არაერთი პრაქტიკული გამოყენება ჰქონდეს. მაგალითად, შესაძლოა გამოსადეგი იყოს ადამიანისა და მანქანის ინტერფეისებში ავტომობილებისა თუ რბილი რობოტიკისთვის, ასევე ანტენებში, ჯანმრთელობის საკონტროლო აპარატებში და ბალისტიკურ დაცვად სამხედრო უნიფორმებში და ა.შ.
ახალი კვლევა ACS Publications-შია გამოქვეყნებული.
კომენტარები