ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრის შემდეგ, შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს. ამის მიზეზად, გაბუნია "იმედისმომცემ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას" ასახელებს.

"რამდენად დაგვჭირდება ჩვენ სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური და პროგნოზულად, ვფიქრობ, რომ იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე", — აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა ვაქცინაციის პროცესის აქტიურობას ხელს არ უშლის, რადგან ქვეყნის დიდ ქალაქებში აცრის მსურველთათვის, ვაქცინაციის ცენტრებამდე მისასვლელად, სპეციალური ავტობუსებია გამოყოფილი.

"გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იმისა, რომ ტრანსპორტი დღეს არ მუშაობს, საკმარისად მაღალია, რადგან ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები მოქალაქეებს ემსახურება. ამდენად, ეს ვერ იქნება მთავარი მიზეზი ვაქცინაციის ტემპის შემცირების. როგორც კი შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა მაშინ საკმაოდ მაღალი იყო ვაქცინაცია, აქ უფრო სხვა მიზეზები უნდა ვეძიოთ", — აღნიშნა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, თავდაპირველად, 14-დან 4 სექტემბრამდე შეიზღუდა, შემდეგ კი აღნიშნული რეგულაცია 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.