მეცნიერებმა შორეულ კოსმოსში უჩვეულო ასტრონომიული ობიექტი აღმოაჩინეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად შორეულ კოსმოსში უჩვეულო ასტრონომიული ობიექტი აღმოაჩინეს. ეს ყავისფერი ჯუჯის ტიპის ციური სხეულია, რომელსაც სხვა მსგავსი სუბვარსკვლავებისგან განსაკუთრებული მახასიათებლები გამოარჩევს, რის გამოც, არ გამორიცხავენ, რომ ის სრულიად ახალ პოპულაციას წარმოადგენდეს. ამის შესახებ სპეციალისტთა კვლევა გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
ყავისფერი ჯუჯები ზუსტად ისე ფორმირდებიან, როგორც მნათობები, თუმცა მათზე ნაკლებად მასიურები არიან, ამიტომ თერმობირთვული რეაქციების წარმოქმნა უჭირთ. შედეგად, ისინი ვარსკვლავების მსგავსად ვერ ანათებენ. ასტრონომებისთვის ჩვენს გალაქტიკაში არსებული 2 000-მდე ამგვარი ობიექტია ცნობილი, თუმცა ახალაღმოჩენილი ციური სხეული არცერთ მათგანს ჰგავს. ნაშრომის ავტორებმა მას "შემთხვევითობა" უწოდეს, რადგან NASA-ს კუთვნილი ტელესკოპით NEOWISE დედამიწიდან 50 სინათლის წლით მოშორებით სწორედ შემთხვევით დააფიქსირეს.
რაც დრო გადის, ყავისფერი ჯუჯები უფრო და უფრო ცივდებიან, ეს კი მათგან მომავალი სინათლის სპექტრზე აისახება. ამის მიუხედავად, "შემთხვევითობა", რომლის ოფიციალური სახელიც WISEA J153429.75-104303.3 გახლავთ, ერთდროულად ცივიც არის და ცხელიც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მას განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა აქვს. მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრები ასკვნიან, რომ აღნიშნული სუბვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკის განვითარების ადრეულ ეტაპზე გაჩნდა. მათი განცხადებით, მისი ასაკი 10-დან 13 მილიარდ წლამდეა, ანუ სხვებზე 2-ჯერ ხნიერია.
მეცნიერები ჩვენს გალაქტიკაში ამ ასაკის მქონე ყავისფერი ჯუჯების არსებობას აქამდეც ვარაუდობდნენ, თუმცა მიაჩნდათ, რომ მათი რაოდენობა მცირე იყო. ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ, შესაძლოა, საქმე კოსმოსურ ობიექტთა ამ დრომდე უცნობ პოპულაციასთან გვქონდეს, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია.
კომენტარები