ნახეთ: Astra-ს რაკეტა გაშვებისას საყრდენიდან გადმოცურდა
Astra Space-ის რაკეტის გაშვება არც ამჯერად წარიმართა ისე, როგორც დაგეგმილი იყო.
მას შემდეგ, რაც მისია ერთი დღით გადაიდო, აეროკოსმოსური კომპანიის LV0006 რაკეტის გაშვება საბოლოოდ გასული კვირის შაბათს, 28 აგვისტოს შუადღისით დაიგეგმა. მისიის გაშვება კოდიაკში, ალასკაში, Pacific Spaceport კომპლექსიდან დაიწყო, რა დროსაც, ძრავის გაუმართაობის გამო, რაკეტა საყრდენიდან გადმოცურდა და ნელა გაემართა ორბიტისკენ.
საბოლოოდ LV0006-მა გარკვეულ სიმაღლეზე ასვლა შეძლო, თუმცა თავიდანვე აშკარა გახდა, რომ მისია წარუმატებელი იქნებოდა. ფრენის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთისა და 28 წამის შემდეგ იგი უსაფრთხოების ეკიპაჟმა შეაჩერა, როდესაც შეამჩნიეს, რომ რაკეტის ნაწილი მისგან გამოცალკევებული იყო. რაკეტამ დაახლოებით 50 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და დედამიწაზე დაზიანებების გარეშე დაეშვა.
"რაკეტამ ორბიტამდე ვერ მიაღწია, თუმცა ამ გაშვებამ ბევრი რამ გვასწავლა", — განუცხადა CNBC-ს კრის კემპმა, Astra-ს დამფუძნებელმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა. "ფრენიდან უდიდესი რაოდენობის მონაცემები მივიღეთ და ახლა მისი შესწავლის პროცესში ვართ", — დაამატა მან მოგვიანებით.
გაშვება Astra Space-ისა და აშშ-ს კოსმოსური ძალების კონტრაქტის ნაწილი იყო და რაკეტის ტვირთამწეობის შემოწმებას ისახავდა მიზნად.
გასული წლის დასაწყისში Astra-ის ერთ-ერთი რაკეტა სამართავი სისტემის გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. კომპანიის კიდევ ერთი მისია გასული წლის დეკემბერში გაუშვეს, რომლის დროსაც, CNBC-ის თქმით, რაკეტას საწვავი იქამდე გაუთავდა, სანამ იგი ორბიტას მიაღწევდა.
რაკეტის ჩამოვარდნა, სისტემის გაუმართაობა და ა.შ. უბრალოდ ამ საქმის ნაწილია. მეტიც, ინჟინრებს ასეთი შემთხვევებიდან საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ, რომლებსაც მომავალი მისიების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ მარცხს ყოველთვის წარმატებული გაშვება ჯობია, რადგან, გარდა იმისა, რომ ეს შემთხვევა ცოტა სამარცხვინოა, იგი კომპანიის ფინანსებზეც ცუდად მოქმედებს. მხოლოდ გაშვების ერთი დღით გადადების შემდეგ Astra-ის აქციები 10%-ზე მეტით დაეცა.
კომენტარები