ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანებში სქესობრივ ლტოლვას აღვივებს — კვლევა
გარკვეულწილად ყველას გვსმენია, რომ ზაფხულში სქესობრივი ლტოლვა მატულობს, თუმცა სტატიაში მოყვანილი კვლევა ექსპერიმენტულად ადასტურებს, რომ ულტრაიისფერი სხივები ადამიანებში სქესობრივ ლტოლვას აძლიერებს. ნაშრომი ჟურნალ Cell Reports-შია გამოქვეყნებული, სადაც კვლევის ავტორები გვეუბნებიან, რომ ეფექტის მოქმედება ორივე სქესის წარმომადგენლებს ეხებათ. ამავდროულად, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ მზის შუქისა და ლტოლვის კავშირს კანში არსებული ცილა p53 არეგულირებს.
"დიდი ხანია, ვიცით, რომ მზისგან მომავალი ულტრაიისფერი დასხივება მამრობითი სქესის ადამიანებში ტესტოსტერონის დონეებს ამაღლებს და ისიც კარგად გაგვეგება, რომ მზის სხივები სექსუალობის ჰორმონულ და ქცევით რეგულაციაში დიდ როლს თამაშობს, თუმცა ამაზე პასუხისმგებელი მექანიზმი ჩვენთვის მაინც გაურკვეველი იყო. ჩვენი კვლევა ამის უკეთესად გაგების საშუალებას იძლევა", — აცხადებს კვლევის ავტორი პროფესორი კარმიტ ლევი.
მკვლევრებმა მიმოქცევაში მყოფ სასქესო ჰორმონთა ცვლილებების გაზომვა დაიწყეს თაგვებში, რომლებიც სინათლის ულტრაიისფერი B სიხშირეების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ — ასეთი სხივები, როგორც წესი, გარუჯვაში მონაწილეობს — რამაც ძირითადი სასქესო ჰორმონები შესამჩნევად გაზარდა და სქესობრივი აქტივობის მოზღვავება განაპირობა.
ასევე იხილეთ: რა ხდება გარუჯვის დროს ჩვენს ორგანიზმში — რა სარგებელი და ზიანი ახლავს რუჯს.
მაგალითად, ენდოკრინული ჰორმონების მომრავლებამ მდედრ თაგვებს უფრო დიდი საკვერცხეები განუვითარა და მათ სიცხეში უფრო მეტი დრო გაატარეს, როდესაც UVB დასხივების შემდეგ ორივე სქესის თაგვებს სქესობრივი კავშირის მეტი სურვილი გაუჩნდათ.
იმის გასაგებად, მიმდინარეობს თუ არა ეფექტი კანის რეცეპტორების შუამავლობით, მკვლევრებმა ექსპერიმენტი გენეტიკურად მოდიფიცირებულ თაგვებში გაიმეორეს, რომელთაც კანში არსებული ცილა p53 აკლდათ. ჩვეულებრივ, ეს ცილა UVB დასხივებას პიგმენტაციის დაწყებითა და დნმ-ის აღდგენით პასუხობს, რათა უჯრედები მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას.
თაგვებს, რომელთაც ცილა p53 აკლდათ, UVB დასხივებაზე სქესობრივი კუთხით არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ცილა p53 მზის ნათების სქესობრივ აგზნებად გადაქცევის საქმეშია პასუხისმგებელი.
საბოლოოდ, კვლევის ავტორებმა 32 ადამიანს ჩაუტარეს UVB ფოტოთერაპია, სანამ კითხვარს შეავსებინებდნენ, რათა მათ სქესობრივ ლტოლვაში არსებული ცვლილებები გაეზომათ. კითხვარით დადგინდა, რომ ლტოლვა ორივე სქესის შემთხვევაში გაიზარდა, კაცებთან კი აგრესიის მკვეთრი მატებაც შენიშნეს.
"ვნება ორი ფორმით ვლინდება — ემოციურითა და სქესობრივით", — აცხადებენ მეცნიერები.
როგორც ისინი გვიხსნიან, UVB სხივები ორივე სქესში რომანტიკული ლტოლვის სხვადასხვა ასპექტებს აღძრავს. ქალებს, მაგალითად, მზის სინათლის ზემოქმედება ფიზიკური აგზნების ელემენტებს მატებს, რომელიც უფრო მეტად სქესობრივ ლტოლვასა და პარტნიორთან არსებული კავშირის გაიდეალებას უკავშირდება. ამისგან განსხვავებით, კაცებში "ლტოლვის შემეცნებითი განზომილება" იზრდება, რომელიც პარტნიორთან დაკავშირებით აკვიატებულ ფიქრებსა და მისი უკეთ გაცნობის სურვილს მოიაზრებს.
ამ ეფექტების დასადასტურებლად, მეცნიერებმა ცდისპირებს სთხოვეს, რომ ორი დღით მზის სხივებისთვის თავი აერიდებინათ, შემდეგ კი 25 წუთის განმავლობაში გარუჯულიყვნენ. შემდგომმა სისხლის ანალიზებმა დაადგინა, რომ ყველა მონაწილეში ტესტოსტერონის დონეები გარუჯვის შემდეგ ბევრად მაღალი იყო, ვიდრე მანამდე, 24 საათით ადრე.
ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მზის ნათება ორგანიზმში სქესობრივ ჰორმონთა სწრაფ მომრავლებას იწვევს, მკვლევრები კი ამბობენ, რომ, ასეთი აღმოჩენის წყალობით, შესაძლოა, სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ ახალი მეთოდები შეიქმნას, რომელიც სინათლეს გამოიყენებს.
კომენტარები