რა ხდება გარუჯვის დროს ჩვენს ორგანიზმში — რა სარგებელი და ზიანი ახლავს რუჯს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რუჯი — დაგმობიდან განდიდებამდე

სითეთრე კაცობრიობის ისტორიის მანძილზე პრივილეგიის, არისტოკრატიისა და სიმდიდრის განუყოფელი ნიშანი იყო. კანის მუქი ფერი და რუჯი კი მუდამ ფიზიკურ შრომასთან და დაბალ სოციალურ სტატუსთან იყო ასოცირებული. რით აღარ ცდილობდნენ ბერძნები, რომაელები, თუ ელისაბეთის ხანის ქალბატონები იმდროინდელ სილამაზის სტანდარტების მორგებას და რაც შეიძლება ფერმკრთალი შეფერილობის მიღწევას. თვით დედოფალი ელისაბეთი კანის სითეთრით გატაცებას შეეწირა, რადგან ახალგაზრდობისა და "ანგელოზური სითეთრის" შესანარჩუნებლად სახეს მომაკვდინებელი თეთრი ტყვიის სქელი ნიღბით იფარავდა.

თუმცა ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როცა მუშათა კლასმა სამუშაოდ მზის გულიდან სახურავქვეშ გადაინაცვლა და მჭედელიც ისეთივე თეთრი შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორიც დიდგვაროვნის თეთრსაყელოიანი შთამომავალი, კანის სითეთრემ თავისი ხიბლი და ფასი ნელ-ნელა დაკარგა.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს, რომ რაქიტის განკურნებაზე და ჯანსაღი ძვლების განვითარებაზე მზის სხივებს სამკურნალო ეფექტი ჰქონდა. 1903 წელს კი ნილს ფილსენმა მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო "ფოტოთერაპიის" წარმატებულად (მზის დასხივების თერაპია) გამოყენებისთვის წყლულების განსაკურნად.

თუმცა, რუჯი საბოლოოდ მაშინ გახდა მოდური, როცა კოკო შანელს ხმელთაშუა ზღვაში მოგზაურობისას მზეზე ყოფნა ცოტა მეტი მოუვიდა. გარუჯული ქალბატონის ფოტოები მოდის სამყაროს სწრაფად მოედო და კოკო შანელმა მოდის ახალ ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

"რუჯი მოდას ქმნის." სტატია ჟურნალ Delineator-ში, თებერვალი, 1929, გ.25.

ფოტო: witness2fashion

ახლა უკვე კანის სიმუქე თქვენი შვებულების ხარისხზე, ხანგრძლივობაზე და ადგილზე მიანიშნებს. თანამედროვე ადამიანების დიდი ნაწილისთვის რუჯი თავდაჯერებულობისა და სილამაზის განცდას ქმნის.

მაგრამ რუჯი მარტო ჩვენ კანის ფერს კი არა, ჩვენს ჯანმრთელობას ეხება. რა ვიცით რუჯზე — რატომ და როგორ ვირუჯებით? რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუჯს ჩვენს ჯანმრთელობაზე? არის რუჯი სახიფათო?

თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვს, სანამ შემდეგ ჯერზე მზეზე გარუჯვას დააპირებ, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხო.

რუჯი და მელანინი, როგორც თავდაცვითი მექანიზმი

რუჯის გამომწვევი მთავარი მიზეზი პიგმენტი მელანინია. მელანინის გამოყოფა, ანუ მელანოგენეზი, ჩვენი სხეულის თავდაცვით რეაქციას წარმოადგენს მზის დასხივების ქვეშ მოხვედრისას არსებული რისკების წინააღმდეგ.

მზის სხივები ა და ბ ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან შედგება. ორივე ტიპის გამოსხივებას შეუძლია დამწვრობის განვითარება, უჯრედული დნმ-ის დაზიანება, უჯრედის დაპროგრამებული სიკვდილის (დამწვრობის) გამოწვევა და უჯრედების ანომალიური გამრავლების (სიმსივნის) პროვოცირება. თუმცა იმისათვის, რომ ულტრაიისფერმა გამოსხივებამ გვავნოს, ჯერ ორგანიზმში უნდა მოხვდეს — კანს მიღმა შემოაწიოს და ქსოვილებს მისწვდეს.

მელანინი გამოსხივებას სხეულში შეღწევისგან ბლოკავს. მელანინი კანს მუქი ფერის შეფერილობას სძენს და ვინაიდან მუქი ფერის სხეულები გამოსხივებას უკეთესად შეიწოვენ, მელანინი ერთგვარ ბარიერს წარმოქმნის გამოსხივებასა და კანქვეშა ორგანიზმს შორის. მელანინი 50-75% ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეფექტურობა როგორც მზისგან დამცავი ლოსიონი 1.5-2.0 SPF-ს უტოლდება (ანუ კანთან შედარებით დამწვობისგან მაქსიმუმ ორმაგად გვიცავს). მელანინის პოლიმერში შემავალი ტიროზინის ამინომჟავა მთავარ როლს ასრულებს ულტრაიისფერი გამოსხივების გაფანტვაში და გამოსხივებას სითბოდ გარდაქმნის.

ფოტო: iStock

მელანინს ანტიოქსიდანტის თვისებებიც აქვს. როცა გამოსხივება, ანუ დიდი ენერგიის მატარებელი ტალღები ორგანიზმში არსებულ მოლეკულებზე მოქმედებენ, ატომების შემადგენლობაში არსებული ელექტრონები აღიგზნებიან და ხანდახან მოლეკულის შემადგენლობას ტოვებენ. ეს პროცესი თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის. თავისუფალი რადიკალები საშიში რეაქტიული მოლეკულები არიან, რომლებსაც დნმ-ის არაპირდაპირი გზებით დაზიანება, კიბოს გამოწვევა და ცილების და უჯრედების მემბრანების სტრუქტურის დარღვევა შეუძლიათ. მელანინს კი შეუძლია გასცეს ელექტრონები და ამით თავისუფალი რადიკალები ისევ სტაბილურ მოლეკულებად აქციოს. გასაკვირი არ არის, რომ თეთრკანიანების კანის კიბოს გაჩენის რისკი შავკანიანებთან შედარებით, რომლებიც მეტად ბევრ მელანინს გამოყოფენ, 70-ჯერ მეტია.

მელანინი თავისუფალ რადიკალს ასე ანეიტრალებს

ფოტო: Fertility Biocenter

როგორ ვირუჯებით?

მელანინი კანის ზედა ფენის, ეპიდერმისის ბაზალურ რქოვანაში მდებარე მელანოციტებში (ორგანელა) იწარმოება. რუჯის ინტენსივობა (ასევე კანის ბუნებრივი ფერი) კანში მელანინის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 5 მილიონ მელანოციტს შეიცავს, მაგრამ მელანინის წარმოების პოტენციალი გენეტიკაზე, კანის ფერზე, გამოსხივების სიმძლავრეზე და შემადგენლობაზე არის დამოკიდებული.

ფოტო: The Cosmetic Chemist

ულტრაიისფერი გამოსხივება მელანინის წარმოების მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორია. გამოსხივება მელანოციტების, რომლებიც მელანოზომების მწარმოებელი ორგანელები არიან, გამრავლებას და გააქტიურებას და თავისთავად მელანოციტების გაზრდილ წარმოებისკენ უბიძგებს ორგანიზმს.

სხვა უჯრედებში დნმ-ის დაზიანების აღდგენითი სისტემა ირთვება. ტრანსკრიფციის ფაქტორი და სიმსივნის წარმოქმნის სუპრესორი პროტეინი p53 კერატინოციტებში (ეპიდერმისში მდებარე უჯრედები) აქტიურდება, რაც თვითონ მელანოციტების მასტიმულირებელი ჰორმონების (MSH) წარმოებას აჩქარებს. შემდგომი ჯაჭვური რეაქციების შედეგად, რომლებიც ფერმენენტების ჩართულობის საშუალებით წარიმართება (cAMP და MAP კინაზა), მელანოციტები მელანოზომებიდან კერატინოციტეპში ტრანსპორტირდება. ამ დროს მელანოციტებში მელანინის რაოდენობა გროვდება და იზრდება. კერატინოციტებში ლიზოსომები (ფერმენტი) მელანოციტების გარს შლიან, რის შედეგადაც აკუმულირებული მელანინი ციტოპლაზმაში (უჯრედის შიდა სითხე) დიფუზირდება, სადაც ის ნუკლეუსის გარშემო, სადაც დნმ ინახება, ერთგვარ დამცავ გარსს ქმნის. ეს დნმ-ს გამოსხივებისგან იცავს.

ბუნებრივად, ყველა უჯრედში ცირკულირებს ჟანგბადი. როცა უჯრედში მოხვედრილი ჟანგბადი მელანინთან რეაქციაში შედის, ხდება მისი ოქსიდაცია, ჟანგვა, და მელანინი მუქ ფერს იღებს და კანსაც უცვლის შეფერილობას. დაჟანგული მელანინი ისაა რასაც ჩვენ რუჯს ვეძახით.

რუჯის დადებითი მხარეები

ჯერ კარგი ამბებით დავიწყოთ.

გარუჯვა, როგორც მის დადებით ეფექტებთან, ამაღლებულ განწყობასთან და გაუმჯობესებულ გარეგნობასთან არის დაკავშირებული.

ის, რომ რუჯი თვითაღქმასა და გარეგნობას აუმჯობესებს მარტივად აიხსნება — ადამიანების უმეტესობას უბრალოდ სჯერა, რომ რუჯით უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე მის გარეშე. 2007 წელს ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხული ზრდასრულებიდან 81% ფიქრობდა, რომ რუჯი მათ გარეგნობას აუმჯობესებდა. ეს 81% ამ მოსაზრებას რომ შეეწინააღმდეგოს, იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს ირუჯებოდა, ხვალ ქოლგების ქვეშ შეიყუჟებოდა. სხვისი აზრი ჩვენს დამოკიდებულებებს განაპირობებს და გვინდა თუ არა, საზოგადოების სილამაზის სტანდარტების გავლენის ქვეშ ვექცევით. რუჯი თავს კარგად და ლამაზად იმიტომ გვაგრძნობინებს, რომ საზოგადოება გვეთანხმება ამაში. რუჯი ბედნიერების მარტივი წყაროა და ჩვენც ვიყენებთ მას.

ფოტო: Ulta Beauty

ამასთანავე კვლევებმა აჩვენა, რომ მზეზე ყოფნას და რუჯს სეზონური დეპრესიის მქონე პაციენტების ხასიათზე დადებითი გავლენა აქვს. მოსალოდნელია, რომ ადამიანებზე ვისაც დეპრესია არ აქვს, რუჯს ანალოგიური დადებითი ეფექტი აქვს.

მზე ვიტამინი D-ს მნიშვნელოვანი წყაროცაა. ბ ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივება ვიტამინი D-ს წარმოების სტიმულატორია. რადგან ამ ვიტამინის ნაკლებობა რამდენიმე ტიპის კიბოსთან, გულის და ძვლის დაავადებებთანაა დაკავშირებული, გარუჯვა ამ დაავადებების რისკს ამცირებს. მეცნიერების გამოთვლებით, მზის გამოსხივების მიღება, გარუჯვა ღია ფერის კანის მქონე ადამიანებისთვის ყოველდღიურად 5-20 წუთამდე არის რეკომენდებული.

ფოტო: Yale Medicine

ჟურნალ Karger-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გარუჯვა დადაბლებულ, ჯანსაღ წნევასთან არის დაკავშირებული, რაც კარდიოვასკულარული პრობლემების გამო სიკვდილიანობის შემცირებას განაპირობებს. მკვლევრების თანახმად, გამოსხივება კანიდან აზოტის ოქსიდების გამოდევნას და შედეგად არტერიების გაფართოებას და წნევის დაწევას იწვევს.

მზის გამოსხივება ცირკადიულ რიტმის (ძილ-ღვიძილის რიტმი) მოწესრიგებასაც უწყობს ხელს მელატონინის (ძილის ჰორმონი) რეგულირებით. გარუჯვისას, საღამოს მოახლოებასა და მზის ჩასვლასთან ერთად, ნაკლები მზიდან მომავალი მაღალი ენერგიის მქონე სხივები გვაღწევს, რომლებიც მელატონინის წარმოქმნის შემფერხებლები არიან და პირიქით, მეტი ისეთი ელექტრომაგნიტური ტალღა მოდის ჩვენამდე, რომლებიც მელატონინის წარმოებას უწყობენ ხელს.

თუმცა ისევე როგორც ყველაფერს, რუჯსაც ორი მხარე აქვს…

რუჯის უარყოფითი მხარეები

კანის კიბო ალბათ ყველაზე ნაცნობი რუჯის მიღებასთან ასოცირებული საფრთხეა. მძიმე და ხანგრძლივ ულტრაიისფერ გამოსხივებას, რასაც ხანგრძილივი რუჯის დროს თავს ვერ ავარიდებთ, შეუძლია მელანომით (უფრო საშიში კიბოს სახეობა) ან არამელანომური კიბოთი, ბაზალური უჯრედების და კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით, დაავადების რისკის მნიშვნელოვნად ზრდა. ეს რამდენიმე გზით ხდება — დნმ-ის დაზიანებით, უჯრედების ანომალიური გამრავლებით და იმუნური სისტემის და მისი კიბოვანი უჯრედების წინააღმდეგ მექანიზმების დასუსტებით.

საშუალოდ, ადამიანისთვის 5 დამწვრობის მიღების შემდეგ, მელანომის განვითარების ალბათობა ორმაგდება. ხოლო მხოლოდ ერთი წყულებიანი დამწვრობა ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში, ადამიანის ზრდასრულობაში მელანომით დაავადების რისკს ორჯერ უფრო მეტად ზრდის.

ფოტო: Daily Bruin

ხშირად კანის ადრეული დაბერება დაუცველი გარუჯვის და დასხივების შედეგია. ეს დიაგნოზი შეიძლება გაუხეშებული კანით, ნაადრევი ნაოჭებით და მუქი ლაქების სახით გამოვლინდეს. მიზეზები სრულად გამოკვლეული არაა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება კოლაგენს და ელასტინის ფიბლირალურ ცილას შლის, რომელთა დანიშნულება კანის ელასტიურობის შენარჩუნებაა. ხოლო მრავალჯერადი დამწვრობები და ხანგრძლივი გარუჯვის სესიები სამუდამო ლაქებს აჩენს, კანს ამუქებს და აუხეშებს.

ფოტო: Daily Sabah

ულტრაიისფერ გამოსხივებას იმუნოდეპრესიის გამოწვევის უნარიც აქვს. ეს ის მოვლენაა, როცა იმუნური სისტემა მწყობრიდან გამოდის — ორგანიზმს ეფექტურად ვეღარ იცავს და მედიკამენტებზე აქამდე არგამოვლენილი რეაქციები ვითარდება. იმუნოდეპრესიის დროს, იმუნური სისტემა კიბოვანი უჯრედებს და ვირუსულ ანტიგენებს ნაკლებად, ან საერთოდ ვერ აღიქვამს და ვერც აკონტროლებს. არსებობს მეცნიურული მტკიცებულება რაც იმას გვთავაზობს, რომ იმუნოდეპრესია კანის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი ფაქტორია.

ახლა, როცა რუჯზე მეტი იცი, შეგიძლია მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღო გარუჯვასთან დაკავშირებით, რადგან ცხადია, რომ რუჯი ესთეტიკაზე მეტია და მას ჩვენს ჯანმრთელობაზე უზარმაზარი გავლენა აქვს. სათქმელი ნათქვამია — ახლა შენი გადაწყვეტილებების დროა.

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვერაფერს ვიზამთ, სარკე გატყდება" — NASA-ს თქმით, ვების ტელესკოპი კოსმოსურ ნაგავს ოდესმე აუცილებლად შეეჯახება
  2. აღმოჩნდა, რომ კვანტური ფიზიკის მამად წოდებული ერვინ შროდინგერი პედოფილი იყო
  3. რა აზრი აქვს, თუ აცრილიც გადამდებია? — პასუხი ამ და სხვა მითებს
  4. გულის შეტევა სექსის დროს — რამდენად ხშირია ის ახალგაზრდებში
  5. შუასაუკუნეების საბრძოლო ცხენი თანამედროვე პონის ზომის იყო — კვლევა

გირჩევთ