COVID-19-ის უფრო გადამდები, დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად აცრის სტატუსის გარკვევის საჭიროებამ და სირთულემაც იმატა. ამ შეკითხვის არასწორად ფორმულირებამ, შესაძლოა, პირადი და პროფესიული ურთიერთობები გააფუჭოს.

იელის მენეჯმენტის სკოლის ორგანიზაციული ქცევის პროფესორის მარისა კინგის თქმით, "ეს თითქოს მარტივი, თუმცა ძალიან სახიფათო შეკითხვაა". კავშირებისა და ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით ადამიანები ხშირად გაურბიან მსგავს თემებზე დიალოგის დაწყებას. "ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ წარვმართოთ მსგავსი საუბრები ისე, რომ ამან დადებითი შედეგი გამოიღოს".

საქართველოში ვაქცინაცია თვეებია, რაც დაწყებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოჯახურ წვეულებებზე, პაემნებსა თუ საოფისე შეხვედრებზე ისეთი ადამიანები იყრიან თავს, რომელთაგანაც ზოგი აცრილია, ზოგი კი — არა. იმის მიუხედავად, რომ ვაქცინირებულთა შორის დაავადების გართულებისა და სიკვდილის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, აცრილ ორგანიზმში ინფექციის განვითარება და სხვათა ინფიცირება მაინც შესაძლებელია — მათ შორის, ბავშვებისაც, რომელთა აცრაც ჯერჯერობით დაშვებული არაა, ან იმ ზრდასრულების, რომელთა იმუნური სისტემაც უკვე ისედაც დასუსტებულია.

როგორ ვიკითხოთ აცრის სტატუსის შესახებ? ურთიერთობის გაფუჭების რისკის შესამცირებლად ექსპერტები ემოციურ დისტანცირებას გვირჩევენ. კლინიკური ფსიქოლოგი კატერინა სტეინერ-ედერი გვირჩევს, რომ შეკითხვა საკუთარი, თუნდაც ძალიან ძლიერი პოლიტიკური და მორალური შეხედულებებისგან გავმიჯნოთ: "თქვენს ტვინს არ მისცეთ უფლება, სიმშვიდე და უშუალოდ დიალოგზე კონცენტრირების უნარი დაგაკარგვინოთ". თავად კატერინამ ეს თვისება ისეთი საინფორმაციო წყაროების მოსმენით გამოიმუშავა, რომელთა ღირებულებებსაც პრინციპულად არ ეთანხმება.

ქვემოთ გაგაცნობთ, თუ რა მეთოდების გამოყენებას გვირჩევენ ექსპერტები აცრასთან დაკავშირებით საუბრის შესახებ 一 სამსახურში, სოციალურ წრეებსა თუ ნათესაობასთან.

სამსახურში

ფოტო: Austin Distel

წიგნის, რთული საუბრები: როგორ განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები, თანაავტორი, დუგლას სტოუნი გვირჩევს 一 როდესაც თანამშრომელს ვუსვამთ ამ შეკითხვას, სასურველია, რაიმე მიზეზი მოვიშველიოთ. ხაზი გაუსვით, რომ თქვენ არავის არ განსჯით და, უბრალოდ, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის მიზნით მეტი ინფორმაციის შეძენას ცდილობთ.

აცრაზე შეკითხვის დასმით თქვენ მოსაუბრის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლებას არ არღვევთ, რადგან თქვენ ამ ინფორმაციას კი არ ავრცელებთ, არამედ მისით პირველწყაროსგან ინტერესდებით. თუმცა იმის მიუხედავად, რომ თქვენ კანონს არ არღვევთ, მსგავსი კითხვის დასმა მაინც იწვევს გარკვეულ უხერხულობას.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორი და წიგნის, ეს არ მიგულისხმია! როგორ ქმნის ან ამსხვრევს საუბრის სტილი ურთიერთობებს, ავტორი დებრა ტანენი დაახლოებით ასეთი რამის თქმას გვირჩევს: "იმის ცოდნა, თუ ოფისში ვინაა აცრილი, ძალიან დამეხმარებოდა. ამ ცოდნაზე დაყრდნობით, მე შემეძლება გადავწყვიტო, შეხვედრები რომელ ოთახში დავგეგმო და ჩემს კაბინეტში ხალხი მოვიწვიო თუ არა". ხაზი გაუსვით, რომ ყველას ეკითხებით ამას და პასუხი მხოლოდ საკუთარი საქმეების უკეთ შესასრულებლად გაინტერესებთ.

კინგი გვირჩევს, რომ თანამშრომლებს გაურკვევლობის მიმართ ჩვენი პირადი დამოკიდებულება გავუმხილოთ. მაგალითად, თქვით: "შენს არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც ნიღბებს არ ვატარებთ, ასეთი გარემო ოდნავ მაშინებს და საქმის კეთებაშიც მიშლის ხელს". უსიამოვნო და აგრესიულ ქცევასთან გასამკლავებლადაც იყავით მზად. გაეცალეთ დაძაბულობას მსგავსი სიტყვებით, "კარგი, მადლობა რომ მითხარი". კინგი გვეუბნება, რომ თუ ამ საკითხზე საფიქრელად მეტ სივრცესა და დროს გამოვყოფთ, უშუალოდ სამუშაო სივრცეში უსაფრთხოდ ყოფნის პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ.

სჯობს, ცივილურები და თავაზიანები დავრჩეთ. თანამშრომლების დამოკიდებულებების მიუხედავად, პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება, სავარაუდოდ, მაინც დაგჭირდებათ. ხოლო ერთეულ თანამშრომლებს გარემოზე დიდი გავლენა ისედაც იშვიათად აქვთ. "სიტუაციას თქვენ არ აკონტროლებთ", 一 გვეუბნება კინგი.

სოციალურ სიტუაციებში

ფოტო: Katherine Hanlon

სამსახურისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, სოციალური ურთიერთობები ვისთან გვექნება. აცრის მიმართ დამოკიდებულებას კი ურთიერთობების გაფუჭების პოტენციალი ნამდვილად აქვს. მაგალითად, შესაძლოა, ამის მიხედვით განსაზღვროთ, წვეულებაზე ვისი მოწვევა შეიძლება და ვისი არა, ვინ შეიძლება დაპატიჟოთ სახლში ან ვისთან შეიძლება ითამაშონ თქვენმა შვილებმა 一 გვეუბნება დოქტორი ტანენი.

კითხვის შერბილება "შეიძლება, ზედმეტს ვფრთხილობ-ის" თქმით შეგიძლიათ. თუ ოჯახში რისკის ჯგუფში მყოფი ან ხანდაზმული ადამიანები გყავთ, ამასთან დაკავშირებით თქვენი შიშების სხვებისთვის განდობას დაძაბულობის განმუხტვა შეუძლია.

სოციალური ურთიერთობების ექსპერტი, დებრა რიგელი გვირჩევს, შეკითხვა მაქსიმალური მგრძნობელობითა და იუმორით დავსვათ: "ცოტა უხერხული რამ უნდა გკითხო..." ან "დიდი ბოდიში, მაგრამ პირადი შეკითხვა უნდა დაგისვა" და შემდეგ: "გეფიცები, ხელფასზე ან ცოლის მოყვანაზე არ გეკითხები".

ხაზი გაუსვით, რომ, აცრისადმი თანამოსაუბრის დამოკიდებულების მიუხედავად, არსებულ ურთიერთობას აფასებთ. ეს განსაკუთრებით სწორი ტაქტიკაა იმ ბავშვების მშობლებთან საუბრისას, რომლებთანაც თქვენი შვილი ურთიერთობს.

სტეინერ-ედერი გვირჩევს, რომ მშობელთა შორის დიალოგი "გთხოვ, პიროვნულად არ მიიღო-ს" თქმით და შემდგომ იმის ხაზგასმით გაგრძელდეს, რომ თქვენს შვილებს შორის მეგობრობას ძალიან აფასებთ. ახსენით, რომ "როგორც ოჯახს, ისედაც რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია". ეცადეთ, სიტუაცია არ დაძაბოთ და საუბარი "შეიძლება უცებ რაღაც გკითხო?" ფრაზით დაიწყეთ.

ოჯახში

ფოტო: Daiga Ellaby

აცრის შესახებ შეკითხვებს დიდი ვნებათაღელვის გამოწვევა ოჯახებშიც შეუძლია. მწვადზე დაპატიჟებისას ნამდვილად ყველას შეგიძლიათ ჰკითხოთ, აცრილები არიან თუ არა. მაგრამ რა ვქნათ, თუ მამიდაშვილი გვეუბნება, რომ აცრილი არაა, მაგრამ მწვადს ნამდვილად "არ გამაზავს"? უმასპინძლებთ? თუ ეტყვით, რომ არ მოვიდეს? თუ ოჯახის ყველა წევრმა თავისით უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა?

"ძალიან ბევრი ურთიერთობის დინამიკაა გასათვალისწინებელი. ვიღაცებს მართლაც შეუძლიათ მთლიანი შეკრების 'ტყვედ აყვანა'", 一 გვაფრთხილებს რიგელი.

გაითვალისწინეთ განსხვავებული სცენარები, დაგეგმეთ თითოეულ მათგანთან გამკლავების გზები და მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაფერმა უპრობლემოდ შეიძლება არ ჩაიაროს. შეეგუეთ აზრს, რომ შესაძლოა ვიღაცების მიმართ უსიამოვნო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ.

"შესაძლოა, დისკომფორტთან და ბრაზთანაც მოგიწიოთ გამკლავება. უბრალოდ თქვით, 'საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება ნამდვილად ყველას აქვს და არც არავის განვსჯი. უბრალოდ, ვცდილობ, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო, რომლებიც ჩემს ოჯახს დაიცავს'", — დასძენს რიგელი.

თუ საუბარი დაიძაბება, შეჩერდით. "თუ დიალოგს განმუხტვის საშუალებას არ მივცემთ, ამ კონფლიქტის აღმოფხვრამ, შესაძლოა, გაცილებით მეტი დრო წაიღოს". რიგელი გვირჩევს, როცა დიალოგი მიმართულებას შეიცვლის, წყნარად აღვნიშნოთ ამის შესახებ რეპლიკით, "მგონი, ჩვენს გეგმებზე საუბრიდან პოლიტიკაზე გადავუხვიეთ", შემდეგ კი სჯობს საუბრისგან შევისვენოთ და თემას მოგვიანებით, უკვე ცივი გონებით დავუბრუნდეთ.