შვედი მეცნიერების მიერ წარმოებული ახალი გაზომვები აჩვენებს, რომ შვედეთის უმაღლესი მთა კებნეკაისე გლობალური დათბობის გამო ზომაში მცირდება.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კებნეკაისეს სამხრეთი მწვერვალი, შვედეთის უმაღლესი წერტილი, ათწლეულების მანძილზე არნახული (თუკი საერთოდ ბოლოდროინდელ ისტორიაში გვინახავს) ტენდენციით პატარავდება, რაც უფრო მეტად ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილებას "მთების დაძვრა" და დაკნინება შეუძლია.

ყინულით დაფარული სამხრეთი მწვერვალი, სახელად სიდტოპენი, 1968 წელს ზღვის დონიდან 2120 მეტრზე იყო აღმართული, როდესაც ექვს თვიანი შუალედებით წარმოებული გაზომვები დაიწყო.

ამის შემდეგ, ყინულოვანი მწვერვალის სიმაღლე ამინდისა და კლიმატური მდგომარეობისდა შესაბამისად მერყეობდა, მათ შორის ნალექწარმოქმნასთან დაკავშირებული ფაქტორების — მაგრამ 90-იანი წლების ბოლოდან, ჯამური დამავალი ტრაექტორია მონაცემებზე აშკარად აისახა.

1996 წელს სამხრეთი მწვერვალი 2118 მეტრს სწვდებოდა, მაგრამ 1998 წლისთვის 2110 მეტრამდე ჩამოვიდა. 2011 წელს კიდევ უფრო დაბლა — 2100 მეტრის ქვემოთ მოექცა და 2099,7 მეტრი გახდა, რის შემდეგაც ტენდენცია უწყვეტად გრძელდება.

მყინვარი კებნეკაისეს სამხრეთ მწვერვალზე 1997 წელს (2116 მეტრი).

ფოტო: University of Stockholm

2018 წელს სამხრეთ მწვერვალმა შვედეთის უმაღლესი წერტილის ტიტული დაკარგა და იგი კებნეკაისეს ჩრდილოეთ მწვერვალმა მიიღო (რომელიც კლდოვანია, შესაბამისად სტაბილურიც, რადგან მისი სიმაღლე თოვლის საფარის ცვლილებასთან ერთად არ მერყეობს), თუმცა სამხრეთი მწვერვალის შემცირება მაინც არ წყდება.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევრების ახალი გაზომვების თანახმად, სიდტოპენი ახლა ზღვის დონიდან 2094,6 მეტრზეა, მოვლენის გამომწვევი მიზეზები კი მათთვის სრულებით აშკარაა.

"სიმაღლის ცვლილება კარგად გამოხატავს, თუ როგორ რეაგირებენ მყინვარები შვედეთის შემთბარ კლიმატზე", — აცხადებს გლაციოლოგი პერ ჰოლმლუნდი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევითი სადგურიდან.

ახალ კვლევაში, რომელიც კებნეკაისეზე სიმაღლის დაკვირვებებსა და მყინვარის ცვლილებების ისტორიას დეტალურად გადმოსცემს, მკვლევრების თქმით, მონაცემები "მწვერვალზე მასის კომპლექსურ გარდაქმნას" აჩვენებს, ხოლო არსებული ანტირეკორდი კი ტურისტი მნახველებისათვის "ახალი პრობლემური სიტუაციის დასაწყისს" წარმოადგენს. ყურადსაღებია ისიც, თუ რა შეიძლება ელოდეთ შვედეთის მყინვარებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.